ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რამდენ ხანს გაგრძელდება სომხური ტაიმ-აუტი

7 ივლისი, 2014 • • 1268
რამდენ ხანს გაგრძელდება სომხური ტაიმ-აუტი

გასული წლის 3 სექტემბრის შემდეგ, როცა სომხეთმა მოულოდნელად შეცვალა პოზიცია და ევროკავშირის ნაცვლად რუსეთთან, ბელორუსთან და ყაზახეთთან საბაჟო კავშირისკენ შებრუნდა, მსოფლიოში ბევრი რამ შეიცვალა, სომხეთში კი ბევრი რამ კვლავ გაურკვეველია, კერძოდ: რატომ ხდება ყოველთვის სომხეთის ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანების გადადება? არიან თუ არა თანახმა საბაჟო კავშირის წევრი ქვეყნები სომხეთის გაწევრიანებაზე და ხომ არ უქმნიან ისინი სომხეთს ხელოვნურ ბარიერებს საბაჟო კავშირისკენ მიმავალ გზაზე?


ამ კითხვებს სომხეთის ეროვნული პლატფორმის აღმოსავლეთ პარტნიორობა სამოქალაქო საზოგადოების  კოორდინატორმა, ერევნის პრეს კლუბის პრეზიდენტმა ბორის ნავასარდიანმა უპასუხა.

 

“ჩემი აზრით, არასწორი იქნება მივიჩნიოთ, რომ ამ ეტაპზე ევრაზიული ინიციატივა მთლიანად ჩაიშალა, ვინაიდან ევრაზიული ეკონომიკური კავშირის შექმნის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს ოფიციალურმა მოსკოვმა, მინსკმა და ასტანამ”,- ამბობს ბორის ნავასარდიანი “ნეტგაზეთისთვის” მიცემულ ინტერვიუში. რაც შეეხება იმას, რომ სომხეთის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება მუდმივად ფერხდება  – აპრილის ბოლოდან ივლისის შუა რიცხვებამდე, შემდეგ კი, ივლისის ბოლოდან ოქტომბრამდე – მისი აზრით, ამ გაურკვევლობის მიზეზები ცნობილი და ნათელია, ეს მიზეზები ყოველთვის არსებობდა და მოულოდნელად არ გაჩენილა.

 

გაურკვევლობის მიზეზები, ვფიქრობ, ნათელია,- ამბობს ბორის ნავასარდიანი. პირველ რიგში, ბელორუსისგან და ყაზახეთისგან განსხვავებით, სომხეთი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (WTO) წევრია და რუსეთისგან განსხვავებით, რომელიც ამ ორგანიზაციას ათი წლით გვიან შეუერთდა, სომხეთი WTO-ში საკმაოდ ლიბერალური პირობებით შევიდა. ფაქტობრივად, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევრაზიული კავშირის წინაშე  სომხეთის ვალდებულებების ჰარმონიზაცია 2017 წლამდე ვერ მოხდება და თუ სომხეთი ევრაზიის ეკონომიკურ კავშირს მანამდე შეუერთდება, ამ უკანასკნელს (ან სომხეთს) მოუწევს ახალი საბაჟო გადასახადებით გამოწვეული ზარალის კომპენსაცია იმ სავაჭრო პარტნიორებს გადაუხადოს, რომლებიც ევრაზიული კავშირის წევრები არ არიან. ეს საკმაოდ სერიოზული თანხაა და ჯერ  ვერავინ იტყვის, როგორ მოხდება ამის ანაზღაურება. მხოლოდ სომხეთი ამას თავად  ვერ გაუმკლავდება.

 

მეორე მიზეზი ისაა, რომ სომხეთის ევრაზიულ კავშირში სრულყოფილი წევრობა რუსეთის მიერ ერთიან პაკეტში განიხილება, როგორც რუსეთის ურთიერიერთობა სომხეთისთვის არამეგობრულ აზერბაიჯანთან. სანამ ეს საკითხი საბოლოოდ არ მოგვარდება, ის პირობები, რა პირობებითაც სომხეთი ევრაზიულ კავშირს უნდა შეუერთდეს, ცნობილი არ იქნება.  რუსეთს, რა თქმა უნდა, ძალიან უნდა, აზერბაიჯანი ამ ალიანსის წევრად იხილოს, ან, როგორც მინიმუმ, ამ ქვეყანასთან კოორდინირებული სტრატეგია ქონდეს ნავთობისა და გაზის ბაზართან დაკავშირებით. აზერბაიჯანთან ურთიერთობა მოსკოვისთვის პრიორიტეტულია იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის თითქმის მთავარ გეოპოლიტიკურ იარაღად ნახშირწყლები დარჩა. მაშინაც კი, თუ აზერბაიჯანი არ შევა ევრაზიულ კავშირში, მოსკოვმა მნიშვნელივანია შეზღუდოს დასავლეთში ნავთობისა და გაზის მიწოდება კომუნიკაციების გამო, რომელსაც თვითონ ვერ აკონტროლებს. 

 

ამ იდეის განხორციელებისთვის მოსკოვს უნდა ჰქონდეს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების გარკვეული, მინიმუმ ჩარჩო-მოდელი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არ არის გამორიცხული, რომ აზერბაიჯანის ევრაზიულ კავშირში შესვლის საფასური შეიძლება ყარაბაღის სტატუსი გახდეს. ხოლო ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში სომხეთის შესვლისა და რუსეთ-აზერბაიჯანის გარკვეული შეთანხმებების შემდეგ, ეუთოს მინსკის ჯგუფის ფორმატი, რომელიც ამჟამად არეგულირებს კონფლიქტს, უკვე ვეღარ შეძლებს მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს სამშვიდობო პროცესზე.

 

ვფიქრობ, რუსეთი სომხეთის ინტერესების წინააღმდეგ ღიად არ იმოქმედებს. მაგრამ ის წინა პლანზე საკუთარ პრიორიტეტებს დააყენებს და ამ თვალსაზრისთ ერევანი სერიოზულ პრობლემებს წააწყდება, რომლებიც გვაიძულებს გასული საუკუნის ოციანი წლები გავიხსენოთ.

 

რატომ მიისწრაფვის სომხეთი ევრაზიული კავშირისკენ, თუ მისი გაწევრიანება, როგორც გამოდის, არცთუ ისე უხარიათ? არსებობს სურვილი სომხეთის ხელისუფლების მხრიდან, რომ მან შეინარჩუნოს ღირსება, ასე ვთქვათ, შიდა მოხმარებისთვის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ გადავწყვიტეთ, რომ მივდივართ, ესე იგი მივდივართ. აქ ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი, რაც ჩვენზე იყო დამოკიდებული და უკვე ველოდებით, როდის და როგორ გვიპასუხებენ ჩვენი პარტნიორები. ეს კეთდება იმისთვის, რომ საბოლოოდ არ განადგურდეს საზოგადოების ნდობა ხელისუფლების მიმართ და არ მოხდეს იმედგაცრუების სტიმულირება იმის გამო, რომ გასული წლის 3 სექტემბერს ერევანმა ევროინტეგრაციაზე უარი თქვა. ამავე დროს, სომხეთის ლიდერები ამით არწმუნებენ მოსკოვს ერთგულებაში და იმაში, რომ ისინი  მისთვის საიმედო პარტნიორები არიან.



ნებისმიერ შემთხვევაში, უახლოეს თვეებში არსებულ მდგომარეობაში რეალური და მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მოხდება. დარწმუნებული ვარ, მოსკოვისთვის სომხეთის ევრაზიულ კავშირში შესვლა მეორეხარისხოვანი საკითხი იყო. მისი ძირითადი მიზანი იყო თავიდან აეცილებინა ევროკავშირის ინიციატივა “აღმოსავლეთ პარტნიორობა” და ერევნის მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერა. ნომერ პირველი ამოცანა იყო სომხეთის შენარჩუნება ამ ნაბიჯებიდან შორს და შემდეგ მისი ფაქტორის გამოყენება უკრაინაზე ზეწოლისთვის. უკრაინასთან ეს არ გამოვიდა, მაგრამ სომხეთის შემთხვევაში რუსეთმა მიიღო ის, რაც სურდა, ასე რომ, აღარ არის საჭიროება ევრაზიულ კავშირში მისი გაწევრიანება დააჩქაროს.

 

სომხეთის სამომავლო პერსპექტივების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება ურთიერთობა ევროკავშირსა და რუსეთს შორის და თუ კვლავ მოხდება ამ ურთიერთობების ესკალაცია, ვფიქრობ, მოსკოვი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ერევანმა საბოლოოდ დაივიწყოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესახებ.

 

არის კიდევ ერთი ფაქტორი – შიდა პოლიტიკური ვითარება სომხეთში. ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, ჩამოყალიბდება თუ არა ქვეყანაში ახალი პოლიტიკური ალიანსი, რომელიც თავის პრიორიტეტად ევროინტეგრაციას გამოაცხადებს. სანამ ეს არ მოხდება, ქვეყანის შიდა მდგომარეობა ხელს ვერ შეუწყობს შესაძლებლობების ახალი ფანჯრების გახსნას გარე სამყაროსთან ურთიერთობისთვის. იმიტომ, რომ სომხეთის ხელისუფლება უბრალოდ ზის და მოსკოვიდან სიგნალებს ელოდება.

 

საგარეო პოლიტიკის დამოუკიდებლობის არარსებობა იწვევს პრობლემებს ქვეყნის შიგნით. მაგალითად, მმართველობის რა მოდელს ვაშენებთ ამჟამად- შენარჩუნებულია ერთგულება ევროპული მოდელის მიმართ, თუ საბოლოოდ უარი ვთქვით მასზე? გვინდა წინსვლა, თუ ვუბრუნდებით წარსულს, სახელმწიფოს არაეფექტურ მოდელს, რაც ევრაზიული კავშირის დამფუძნებელ ქვეყნებს ახასიათებთ? ეს კითხვები, სამწუხაროდ, უპასუხოდ რჩება, რაც, ბუნებრივია, ართულებს პროგნოზებს ქვეყნის პერსპექტივების შესახებ, განაცხადა ბორის ნავასარდიანმა.




მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


მასალების გადაბეჭდვის წესი