ახალი ამბები

სტრესი საახალწლო პერიოდში – ფსიქოლოგის რჩევები და გამკლავების გზები

31 დეკემბერი, 2018 • 3199
სტრესი საახალწლო პერიოდში – ფსიქოლოგის რჩევები და გამკლავების გზები

მართალია, საახალწლო პერიოდი საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ხალისთან, საჩუქრებთან და ოჯახის წევრების მონახულებასთან ასოცირდება, მაგრამ სხვა ნაწილისთვის ეს პერიოდი შეიძლება სტრესთან იყოს დაკავშირებული.

ნეტგაზეთი შეეცადა გაერკვია, თუ რა იწვევს სტრესს დღესასწაულის პერიოდში და როგორ გავუმკლავდეთ მას მარტივი გზებით.

როგორც ფსიქოთერაპევტი ირმა კვაჭაძე ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, საახალწლო პერიოდში სტრესი არც თუ ისე იშვიათია და  როგორც წესი, სამუშაოების დასრულების საჭიროებას და დროის სიმცირეს უკავშირდება.

“სტრესი არის ან არასაკმარისი საკუთარი რესურსი, ან ამ რესურსთან წვდომის ნაკლებობა. შინაგან პოტენციალთან, თუ შეიძლება ასე ითქვას. რადგან, წლის ბოლო უკავშირდება პროფესიული და პირადი საქმეების დასრულებას, ეს უკანასკნელი ადამიანისგან მეტ ჩართულობას მოითხოვს. ადამიანს სხვადასხვა ფლანგზე სხვადასხვა დაუმთავრებელი საქმეები აქვს, რომლებიც წინა პლანზე გადმოდიან.

და მართალია, ახალი წელი დაუსრულებელი საქმეების დასრულების ლოგიკური ეტაპია, დრო ადამიანს ამ საქმეების დასრულებისთვის, არც თუ ისე ბევრი აქვს. ადამიანები გრძნობენ, რომ ისინი ცაიტნოტში არიან და დაჩქარებული, არაბუნებრივი რიტმით უწევთ მუშაობა. ყველაფერს ისიც ემატება, რომ ადამიანს დაჩქარებულ დროში ეფექტური და პროდუქტიული უნდა იყოს. ეს ყველაფერი ერთობლივად ქმნის სტრესს,” – ამბობს ირმა კვაჭაძე.

ფსიქოთერაპევტის განმარტებით, ადამიანი ამ ქაოსსა და რუტინული საქმეების მოგვარების პროცესში ითრგუნება, რასაც სხვა ფაქტორებიც ემატება. ირმა კვაჭაძე ამბობს, რომ ამ დროს ადამიანს ხშირად უწევს პირადი სივრცის დარღვევა და ხშირი მისვლა-მიმოსვლა. ამ დროს “სავალდებულო სტუმრობების” რაოდენობა და სხვა ადამიანებთან კონტაქტის სიხშირე იზრდება, რაც ადამიანთა ნაწილისთვის, შესაძლოა, საერთოდ არ იყოს სახალისო.

როგორც ის გვიყვება, ფსიქოლოგებთან მსგავსი სიმპტომებითა და საჩივრებით პაციენტები მაშინ მიდიან, როდესაც ახალი წლის პერიოდი გადაივლის და როდესაც ისინი ცხოვრების ძველ რიტმს უბრუნდებიან.

“იმის ნაცვლად, რომ ისინი საახალწლო არდადეგების შემდეგ დასვენებულები იყვნენ, პირიქით, ამბობენ, რომ განიცდიან სამუშაო ძალების ნაკლებობას. ხშირად მოგვმართავენ აპათიის შეგრძნებით. პაციენტები ამბობენ, რომ მათ აღარაფრის ხალისი და ენერგია აღარ აქვთ. ამას ემატება ფინანსური რესურსის ნაკლებობა.

ხომ ვიყავი საყვარელ ადამიანებთან, ხომ იყო ახალი წელი, რატომ არ გავხალისდი? – ფიქრობენ ადამიანები და შემდგომ, ამ ყველაფერში საკუთარ თავს იდანაშაულებენ. სინამდვილეში კი ეს ყველაფერი მათი ბრალი კი არა, იმის ბრალია, რომ ამა თუ იმ ქმედებას საფუძვლად მათი სურვილი არ ედო,” – ამბობს ფსიქოლოგი.

ირმა კვაჭაძე განმარტავს, რომ როდესაც ვალდებულება ჭარბობს სურვილსა და პიროვნულ მოთხოვნილებებს, შანსი იმისა, რომ ადამიანი სტრესის ქვეშ მოექცეს, იზრდება. მისივე თქმით, ხშირად, საზოგადოება “უნდას” მიხედვით მოქმედებს და უგულვებელყოფს ინდივიდის “მინდასა” და “შემიძლიას”.

რაც შეეხება სტრესის შედეგებს, გადამეტებულმა სტრესმა, შეიძლება, გამოიწვიოს მომატებული შფოთვა და აგრესიულობა, აპათია, ნიჰილისტური დამოკიდებულება ყველაფრის მიმართ და პროდუქტიულობის მკვეთრი ვარდნა.

ზედმეტი სტრესის თავიდან ასაცილებლად ირმა კვაჭაძე გვირჩევს, რომ საქმე წინასწარ გადავანაწილოთ და პრიორიტეტები დავსახოთ. როგორც ის ამბობს, თუ საქმე რამდენიმე მარტივ პუნქტებადაა გადანაწილებული, ადამიანი აღარ აიძულებს საკუთარ თავს დაჩქარებულ, მისთვის არაბუნებრივ რიტმში იმუშაოს.

“გარდა ამისა, პრიორიტეტების მიხედვით შეგვიძლია საქმეების დალაგება და ზოგიერთი პუნქტის გამოხშირვა. თქმა, რომ აი, ეს, შეიძლება არ გავაკეთო ან ეს რომ გავაკეთო უფრო მნიშვნლოვანია ვიდრე ის. უნდა დავავიწროვოთ, ჩვენი ფიქრის არეალი და პუნქტების რაოდენობა. ეს შვებისმომგვრელია. 

მნიშვნელოვანია ასევე, რომ ადამიანმა საკუთარ სურვილს მისდიოს, თუ აღმოჩენს, რომ ამ ქაოტურ რეჟიმში ზედმეტად გადაღლილია, ერთი დღე ან ერთი საღამო, თუნდაც, აუცილებლად უნდა მიუძღვნას საკუთარ თავსა და საკუთარ სურვილებს. ამან შესაძლოა ყველა ნეგატიური ემოცია დააბალანსოს,” – ამბობს ირმა კვაჭაძე. 

მასალების გადაბეჭდვის წესი