როგორ არ დავნებდეთ კალორიებით სავსე საახალწლო სუფრას – ენდოკრინოლოგის რჩევები

მრავალფეროვანი, მსუყე, ცხიმიანი და ამასთანავე უგემრიელესი კერძებით გადატვირთული ქართული სუფრა კვების ჯანსაღი წესის დაცვის გზაზე ერთ-ერთი უმთავრესი განსაცდელია, განსაკუთრებით, ახალი წლის დღეებში.

საითაც არ უნდა გაიხედოთ, ყველგან ეს განსაცდელია. საცივში ჩაწყობილი ინდაური, გოზინაყი, ხაჭაპური, გოჭის ხორცი, ნამცხვრები, ჭურჩელა, შოკოლადები, ღვინო – ამ ყველაფრის ნახვა თვალსაც უხარია, გულსაც, მაგრამ რამდენადაც მიმზიდველად გამოიყურება ასეთი სუფრა, იმდენად საზიანო შეიძლება იყოს ის ჩვენი ჯანმრთელობისთვის. თუმცა ძალიანაც ნუ შეგეშინდებათ, მთავარია, დაიმახსოვროთ ერთადერთი სიტყვა – ზომიერება და ყველაფერი კარგად იქნება.

სწორედ გადატვირთულ სადღესასწაულო სუფრასთან გამკლავების წესზე, ასევე, ჯანმრთელობისა და სხეულის ფორმების შენარჩუნების რამდენიმე მარტივ რჩევაზე ესაუბრა ნეტგაზეთი ენდოკრინოლოგ ქეთი ასათიანს.

ქეთი ასათიანი. ფოტო: ენდოკრინოლოგიის ეროვნული ინსტიტუტი

“დიეტა” ახალ წლამდე

თქვენ რომ ინტერნეტის ნებისმიერ საძიებო სისტემაში სიტყვა “დიეტა” ჩაწეროთ, წამის მესამედში ძიების მილიონზე მეტ შედეგს ამოგიგდებთ, ხოლო “საახალწლო დიეტის” ჩაწერის შემთხვევაში – 216 ათასამდე. ამ სტატიების ავტორები მკითხველებს წონის დაკლების ერთი შეხედვით მარტივ გზებს ურჩევენ, რომელთა დიდი ნაწილი რაციონიდან ამა თუ იმ საკვების ამოღებას გულისხმობს. მათი ნაწილი კი გვირჩევს, რომ ახალ წლამდე კონკრეტული კვების რაციონს მივსდიოთ, რათა ასე დავაკომპენსიროდ დღესასწაულის დღეებში მიღებული ზედმეტი კალორიები.

ამგვარ მიდგომას ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანი “ძირეულად არასწორს” უწოდებს და განმარტავს:

“უპირველეს ყოვლისა, უნდა ავხსნათ, თუ რას ნიშნავს სიტყვა დიეტა. დიეტა თავისი არსით სწორ კვებას ნიშნავს. სწორ კვებაზე ადამიანი უნდა იყოს მთელი წლის განმავლობაში და არამხოლოდ ახალ წლამდე.

თუმცა ის დატვირთვა, რა დატვირთვასაც მოსახლეობის დიდი ნაწილი აძლევს სიტყვა დიეტას, არის აბსოლუტურად გამოუსადეგარი. მათ ჰგონიათ, რომ თუ იშიმშილებენ, რაღაც გარკვეულ პროდუქტს ამოიღებენ რაციონიდან, ან დღეში ერთხელ ან ოჯერ შეჭამენ – ეს დიეტაა. ეს დიეტა არ არის. დიეტა ნიშნავს სწორ, ჯანრმთელ, რაციონალურ კვებას, რაც გულისხმობს დღეში, სულ მცირე, 4 ზომიერი ულუფის მიღებას,” – ამბობს ქეთი ასათიანი ნეტგაზეთთან ინტერვიუში.

მისი თქმით, ახალ წლამდე თავშეკავება, 31 დეკემბრის ღამიდან კი სხვადასხვა საკვების მიღება, ჯანმრთელობას დიდი სტრესის ქვეშ აყენებს. ენდოკრინოლოგი დასძენს, რომ ნაცვლად წონაში კლებისა, ასეთი მიდგომა, შესაძლოა, არაერთი ენდოკრინული დაავადების წინაპირობა გახდეს.

“ამდენდღიანი არასწორი კვების, არასწორი საკვების შერჩევის, არასწორი დამოკიდებულების გამო, ორგანიზმი შემდეგ უკვე ძალიან სწრაფად მოიმატებს და აინაზღაურებს იმ კილოგრამებს, რაც  წინა დღეებში შეიძლება ვინმემ დაიკლოს. ბუნებრივია, რომ ასეთი მოქცევა და საკუთარი ორგანიზმის ასე დაზიანება არაფრით არ შეიძლება,” – დასძენს ქეთი ასათიანი.

როგორ მოვიქცეთ

ქეთი ასათიანის აზრით, წინასაახალწლო პერიოდში კვებასთან დაკავშირებით მთავარი გასათვალისწინებელი რჩევა ულუფების ზომის კონტროლია. მიუხედავად იმისა, რომ ეს რჩევა შეიძლება მარტივად ჟღერდეს, ენდოკრინოლოგის თქმით, მისი უგულებელყოფის შემთხვევაში, ორგანიზმს უჭირს საკვების მონელება.

“ახალი წლის სუფრა გამოირჩევა ცხიმით დატვირთული პროდუქტით, ნიგვზიანი საჭმელებით, მაიონეზის სიჭარბით და, ბუნებრივია, რომ ეს ყველაფერი ორგანიზმისთვის რთულად მოსანელებელია. ასევე, შეიძლება ალერგიის გამომწვევიც გახდეს. რა თქმა უნდა, კარგი იქნება, მსგავსი საკვები მაქსიმალურად ავირიდოთ, მაგრამ ნაკლებად მოსალოდნელია, ახალი წლის პერიოდში ეს რჩევა ბევრმა გაითვალისწინოს”, – ამბობს ქეთი ასათიანი.

ენდოკრინოლოგის მთავარი რჩევა ეხება ზომიერად ჭამას.

“რჩევის სახით შეიძლება ისიც ითქვას, რომ არ არის აუცილებელი, 31 დეკემბერი რომ მთავრდება და 1 იანვარი დგება, მაინცდამაინც მაშინ ვივახშმოთ. შეიძლება, თავი შევიკავოთ და სიმბოლურად მივულოცოთ.

შემდგომ უკვე 1-2 იანვარს შეიძლება ზომიერად ყველაფრის გასინჯვა იმიტომ, რომ როდესაც ადამიანები ვერ საზღვრავენ ულუფის რაოდენობას, შეიძლება იმ წუთას არა, მაგრამ შემდგომ დღებში ორგანიზმი დიდ დისკომფორტს გრძნობს და ამ ყველაფრის მონელება უჭირს. ჩემი რჩევა იქნება ხშირად, მაგრამ ცოტ-ცოტა ჭამა”, – გვიყვება ენდოკრინოლოგი.

შაქარი

“როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სხვადასხვა ენდოკრინული პრობლემის პაციენტთან, მაგალითად, ჭარბი წონის ან დიაბეტის მქონესთან, ანუ იმ ადამიანებთან, ვისაც რაციონი მკაცრად აქვთ განპირობებული, ჩვენი რჩევა, ბუნებრივია, არის ის, რომ შაქრისა და ტკბილეულის მიღება მინიმუმამდე დაიყვანონ. თუმცა ექიმებს ვერ ექნებათ იმის ილუზია, რომ ისინი გაწერილ დიეტას არ დაარღვევენ.

როცა საქმე ეხება პრაქტიკულად ჯანმრთელ ადამიანს, რა თქმა უნდა, მას წინასწარ შეზღუდვა არ ექნება, თუმცა სასურველია ასეთმა ადამიანებმაც აკონტროლონ საკვების ულუფები და შეჭამონ 1-2 ნაჭერი ნამცხვარი და არა – მთლიანი თეფში,” – ამბობს ქეთი ასათიანი.

მისივე თქმით, ძირეულად მცდარია სხვა საკვებზე უარის თქმა და სანაცვლოდ ტკბილეულის მიღება – ეს არასწორი და არაჯანსაღი მიდგომაა. როგორც ქეთი ასათიანი ამბობს, ორგანიზმმა ტკბილი არ უნდა მიიღოს კვებათა შორის შუალედში. ტკბილი საკვების მიღება სასურველია ან სხვა საკვებთან ერთად, ან ერთ კონკრეტულ, განსაზღვრულ დროს

“მე ჩემს პაციენტებს ვურჩევ ხოლმე, რომ ტკბილეულის ნებისმიერი ზედემტი ულუფის სანაცვლოდ ფეხით ენერგიულად ვიაროთ 30 წუთი,” – ამბობს ის. 

ალკოჰოლი

გავრცელებული მითი, რომ ალკოჰოლი არ არის ძალიან კალორიული, არასწორია. ის საახალწლო სუფრის ერთ-ერთი ყველაზე კალორიული წარმომადგენელია. გარდა სხვადასხვა სახის დაავადებისა თუ გართულებისა, ალკოჰოლის გადამეტებული მიღება, შესაძლოა, ზედმეტი კილოგრამების მომატების მიზეზიც გახდეს.

ნებისმიერ შემთხვევაში, ალკოჰოლი ძალიან კალორიულია. ფაქტობრივად, ეს არის თხევადი კალორიები. განსაკუთრებით ღვინოზე, რომელიც ყურძნისგან არის დამზადებული. ყურძენი საკმაოდ კალორიული, ნახშირწყლებით მდიდარი პროდუქტია.

ძალიან ხშირად ვესესხები ჩემს გასტროენტეროლოგ კოლეგებს, რომლებიც ამბობენ, რომ არ არსებობს ეთილის სპირტის არანაირი ოპტიმალური დოზა, რომელიც შეიძლება იყოს რეკომენდებული. მით უმეტეს, ეს ის დღეებია, როდესაც ალკოჰოლის მიღების გაკონტროლება რთულია,” – ამბობს ქეთი ასათიანი.

ენდოკრინოლოგი დასძენს, რომ ალკოჰოლის მიღებისას სასურველია, არ ავურიოთ. მაგალითად, არ შეიძლება ღვინის დალევის შემდეგ არყის სმის გაგრელება და ა.შ.

“სასურველია, რომ ტკბილი, გაზიანი სასმელი და ალკოჰოლი ერთად არ მივიღოთ. თუ ალკოჰოლთან ერთად რაიმეს ვსვამთ, სასურველია ეს იყოს წყალი. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩემი რჩევა ალკოჰოლთან დაკავშირებითაც უკავშირდება ულუფის ზომას,” – განმარტავს ენდოკრინოლოგი. 

წყალი

“წყალი ყოველთვის აუცილებელია წელიწადის ნებისმიერ დროს, უბრალდ, ჩვენ გვესმის, რომ ზამთარში მიღებული წყლის რაოდენობა უფრო ნაკლებია, მოთხოვნაც ნაკლებია ზაფხულთან შედარებით.

წყლის მიღება ძალიან პრიორიტეტულია. ადამიანებს ყოველთვის ვურჩევთ, რომ თუ არ არის რაიმე პრობლემა, თუ არ არის გულ-სისხლძარღვთა რაიმე პათოლოგია, სადაც შეზღდულია წყლის მიღება, თუ არ არის თრკმლის დაავადება ან შეშუპებით მიმდინარე რაიმე დაავადება, პრაქტიკულად ჯანმრთელმა ადამიანმა დღეში უნდა მიიღოს, სულ მცირე, 1.5 ლიტრი წყალი. რა თქმა უნდა, ახალი წლის დღეებში ეს წესი უგულებელყოფილი არ უნდა იყოს,” – ამბობს ქეთი ასათიანი.

ჩვეულ ფორმაში დაბრუნება

რაც შეეხება საახალწლო არდადეგების შემდეგ სხეულის ჩვეულ ფორმაში ჩადგომას, ქეთი ასათიანი ამბობს, რომ ეს მიდგომა გარკვეული რეჟიმის დაცვაზე უნდა დაფუძნდეს.

როგორც ის ნეტგაზეთთან საუბარში განმარტავს, რეჟიმულ კვებაში გულისხმობს დღეში რამდენჯერმე მცირე დოზით საკვების მიღებას.

“ფორმაში ჩადომისთვის აუცილებელია საუზმე, სადილი, ვახშამი და შუალედში, 12-სა და 5 საათზე ხემსის სახით ან რძის პროდუქტის, ან ფილეს მირთმევა. რა თქმა უნდა, რეჟიმში დაბრუნება გულისხმობს ძილის სრულფასოვნებას, რომელიც ამ დღეებში არის დავიწყებული. ამას უნდა დაემატოს, მინიმუმ, 1.5 ლიტრი წყალი და მეტი ფეხით სიარული. ეს ყველაფერი, ჯამში, იმოქმედებს იმაზე, რომ ახალი წლის შემდეგ დავუბრუნდეთ ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს,” – ამბობს ქეთი ასათიანი. 

ნებისმიერი ადამიანის ორგანიზმი ინდივიდუალურია, შესაბამისად, ვერც ერთი სტატია ვერ შეცვლის ექიმის მიერ ცალკეული ადამიანის ჯანმრთელობაზე მორგებულ კვების რაციონსა თუ რეჟიმს. ნეტგაზეთი გირჩევთ, რომ სანამ რაიმე სახის საკვებზე უარს იტყვით, აუცილებლად მიმართეთ კვალიფიციურ ექიმს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან