ახალი ამბები

ეს კლანი თავის გადაწყვეტილების შედეგს მოიმკის – ჯანეზაშვილი მურუსიძის უვადოდ დანიშვნაზე

27 დეკემბერი, 2018 • 1509
ეს კლანი თავის გადაწყვეტილების შედეგს მოიმკის – ჯანეზაშვილი მურუსიძის უვადოდ დანიშვნაზე

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი სააპელაციო სასამართლოში ლევან მურუსიძის უვადოდ განწესებას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ პროცესი ამით არ დამთავრდება.

მისი თქმით, მურუსიძის მიერ მოსმენაზე დასმულ შეკითხვეზე გაცემულმა პასუხებმა ვერ დაარწმუნა, რომ ის სასამართლო სისტემაში დარჩენას იმსახურებს.

“ამით ეს ბრძოლა არ დამთავრდება. დარწმუნებული ვარ, იუსტიციის საბჭო და სასამართლო სისტემა, ეს კლანი – კონკრეტული კლანი, რა თქმა უნდა, და არა ყველა მოსამართლე – თავის გადაწყვეტილების შედეგებს მოიმკის. დარწმუნებული ვარ, არ მოეწონება ჩვენს საზოგადოებას ეს გადაწყვეტილება…

…სასამართლო სისტემა რომ დღეს არის მძიმე მდგომარეობაში, ეს აზრი არ შემცვლია და ის[ლევან მურუსიძე] არის ამის ერთ-ერთი ავტორი. დღევანდელი გამოსვლა და რაღაც გაურკვეველი ემოციური პასაჟები არაფერს შეცვლის. მე ვრჩები იმ აზრზე, რომ სასამართლო სისტემაში უნდა იყვნენ ისეთი კადრები, რომლებიც ამას იმსახურებენ. მე დღეს ვერ დავრწმუნდი, რომ ლევან მურუსიძე იმსახურებს სასამართლო სისტემაში დარჩენას”, – განაცხადა მან.

იუსტიციის საბჭოში ლევან მურუსიძე ფარული კენჭისყრით აირჩიეს. საბჭოს 14 წევრიდან მურუსიძეს მხარი 11-მა წევრმა დაუჭირა, ორი წინააღმდეგ წავიდა, ერთი ბიულეტენი კი ბათილად იქნა ცნობილი.

მანამდე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძეს რამდენიმე საათი უსმენდნენ. სხდომის დაწყებამდე ლევან მურუსიძემ განაცხადა, რომ ორი წელია მის წინააღმდეგ მიზანმიმართული ცილისწამება მიმდინარეობს და დღეს ყველა კითხვას გასცემდა პასუხს.

სხდომის დასაწყისში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებმა აღნიშნეს, რომ მურუსიძესთან კითხვები არ ჰქონდათ. საბჭოს სხდომაზე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს კითხვებს ორ საათზე მეტხანს უსვამდნენ საბჭოს არამოსამართლე წევრები, ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე.

ლევან მურუსიძე უვადოდ დაინიშნა მოსამართლედ

 

მასალების გადაბეჭდვის წესი