ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

მშვიდობა – ომი, რომელსაც ვაგებთ

27 დეკემბერი, 2018 • 5024
მშვიდობა – ომი, რომელსაც ვაგებთ

ვანო აბრამაშვილი

„კავკასიური სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი


წელს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსული ოკუპაციიდან 10 წელი გავიდა. ამ ათ წელში კონფლიქტების დარეგულირების მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა – სახელმწიფომ მიიღო აფხაზებისა და ოსების ჩართულობის ოფიციალური სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, მაგრამ უმთავრესად ბოლო მოეღო იმ გაუთავებელ სამხედრო ინციდენტებსა და სიტუაციას, რასაც ჯერ კიდევ 2004 წელს მაშინდელმა პარლამენტის წევრმა ივლიანე ხაინდრავამ სამართლიანად უწოდა „დღისით სამშვიდობო მოლაპარაკებები, ღამით ომი“.

მეორე მხრივ, 2008 წლის შემდეგ იმის გაცნობიერებამ, რომ სამომავლოდ საქართველოს კონფლიქტების მოგვარება მხოლოდ არაძალადობრივი მეთოდებით იქნებოდა შესაძლებელი, თვისობრივად ახალ სააზროვნო სივრცეში გადაიყვანა ქვეყანა, თუმცა ბოლომდე ვერ გავიაზრეთ, რომ არსებული ე.წ ნეგატიური მშვიდობა სინამდვილეში ერთ დიდ ომად გვექცა. ომად, სადაც მთავარი ამოცანა არა რუსეთის შეკავება, არამედ ქვეყნის გამთლიანებაა, პოლიტიკური და მედიაელიტების მიერ გაყალბებულმა ცნობიერებამ კი იმდენი ქნა, რომ ეს ბრძოლა ფაზებად დაგვიყო და დაგვარწმუნა, რომ დეოკუპაციამდე აფხაზებთან და ოსებთან შერიგების დაწყებას აზრი არ ჰქონია.

დღეს, როცა დრო, უპირველეს ყოვლისა, ქართველების საწინააღმდეგოდ მუშაობს, სამშვიდობო პროცესების ლოკომოტივი სახელმწიფო უნდა იყოს, მაგრამ უკვე წლებია, რაც ეს მიმართულება ხელისუფლებისთვის რეალურ პრიორიტეტს აღარ წარმოადგენს.

ეს უმეტესად განპირობებულია მმართველ გუნდში ამ საკითხის გარშემო იდეოლოგიური კონსენსუსის, კომპეტენციისა და კოორდინაციის დეფიციტით. თავის მხრივ სახელმწიფო მინისტრის აპარატი, ინსტიტუტი, რომელიც პასუხისმგებელია სამშვიდობო პოლიტიკაზე, ნაცვლად იმისა, რომ სერიოზული პოლიტიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსებით იყოს გაძლიერებული, დღეს მთავრობის შიგნით ერთ-ერთი ყველაზე სუსტი გავლენის მქონე ერთეულად გვევლინება.

ამასთან, რჩება შთაბეჭდილება, რომ ექსკლუზიურად რუსეთის პასუხისმგებლობაზე აპელირება ზედმეტად კომფორტული გახდა ქართული მმართველი ელიტისთვის, რაც აღარ აიძულებს მათ დაინახონ საკუთარი პასუხისმგებლობა შექმნილ უმძიმეს სიტუაციაში, სადაც აფხაზებსა და ოსებთან გაუცხოება შეუქცევადი პროცესი გახდა, ორმხრივი საკომუნიკაციო არხები სულ უფრო მცირდება, ხოლო დევნილები და კონფლიქტის ზონებსა თუ მის სიახლოვეს მცხოვრები ადამიანები კვლავ უმძიმეს სოციალურ-ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ პირობებში რჩებიან.

პასუხისმგებლობის გააზრების პრობლემაა სამოქალაქო საზოგადოებაშიც, რომელიც მთავრობის მსგავსად საქართველოს კონფლიქტების მხოლოდ გარე, ხილულ, ზედაპირულ მხარეებზე საუბრობს და არ ცდილობს ჩაუღრმავდეს კონფლიქტის ისტორიულ და მის დღემდე კვალმაწარმოებელ წყაროებს.

ქართულ აკადემიურ და მედია სივრცეშიდღემდე არ დაწყებულა 90-იან წლებში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მომხდარი კონფლიქტების კრიტიკული გადააზრება. პირიქით, ორივე მათგანი გაჟღენთილია სიძულვილით, სტერეოტიპებით, ლეგენდებით, ყალბი ფაქტებითა და მიმდინარე მოვლენების არცოდნითა თუ განზრახ დამახინჯებით. იმ ყველაფრით, რაც ჩვენვე არ მოგვწონს აფხაზებსა და ოსებში.

ქართულ სამოქალაქო საზოგადოებაში ვერ გამოინახა ვერც დევნილების, ყოფილი მეომრების, სამხედრო ექთნებისა თუ ზოგადად იმ ადამიანების ადგილი, ვინც უშუალოდ გამოსცადა სამხედრო ძალადობის დამანგრეველი ბუნება. გაწყვეტილია თაობათა შორის დიალოგიც, ახალგაზრდებს თანდათან უქრებათ ის ემოციური და კულტურული ბმა, რომელიც ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს შორის არსებობდა.

დღეს, როცა მშვიდობა სტრატეგიულად რთულად მოსაგებ ომად გადაგვექცა, სულ უფრო მეტი პროაქტიურობა და მოქმედება გვმართებს. ამასთან, მშვიდობა, რომელიც ასე გვინდა, მხოლოდ საკუთარი შეცდომების აღიარებით, სხვისი შეცდომების ობიექტურად შეფასებით, ცოდნის დაგროვებით, მომავლის რწმენითა და ურთიერთმიტევებით შენდება, რაც ხშირად უფრო მეტ  გამბედაობას, სიმამაცესა და გამძლეობას მოითხოვს, ვიდრე იარაღის ხელში აღება. თვითრწმენისა და გამბედაობის ნაკლებობამ კი ჩვენი კონფლიქტების მოგვარების გასაღების ძებნას მხოლოდ გეოპოლიტიკაში დაგვაჩვია, მაგრამ რთულად თუ ეთქმის ძებნა იმას, რაც დაუსრულებელ ლოდინს დაემსგავსა.

მართლაც, ძნელია გამოსავალზე საუბარი მაშინ, როცა ამდენი წელია ისევ არ ვიცით, რა შეგვიძლია და რა რესურსი იმალება ჩვენში იმისთვის, რომ ერთდროულად ვიბრძოლოთ დეოკუპაციისა და შერიგებისთვის, მაგრამ პირველ ნაბიჯად ალბათ იმის გააზრებაც მნიშვნელოვანი იქნებოდა, რომ ერთი მეორის გარეშე შეუძლებელია.   

ფოტო: იბრაგიმ ჭკადუა/ Ibragim Chkadua

მასალების გადაბეჭდვის წესი