ახალი ამბები

ღირსეული და კეთილსინდისიერი კანდიდატები შევარჩიეთ – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები

26 დეკემბერი, 2018 • 1617
ღირსეული და კეთილსინდისიერი კანდიდატები შევარჩიეთ – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები უზენაესი სასმართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დასახელებას კიდევ ერთხელ ეხმაურებიან. მათი თქმით, შერჩეული კანდიდატები გამოირჩევიან კეთილსინდისირებით, ღირსებითა და გამოცდილებით.

როგორც განცხადებაში მოსამართლე წევრები განმარტავენ, 24 დეკემბერს პარლამენტს წარედგინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები საქართველოს ახალი კონსტიტუციით და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით მინიჭებული მანდატის ფარგლებში.

თავის განხადებაში მოსამართლე წევრები ამბობენ, რომ დღესდღეობით უზენაეს სასამართლოში 28-ის ნაცვლად 10 მოსამართლე ირიცხება. მათივე განმარტებით, ვითარება იმდენად მძიმეა, რომ  სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ერთადერთი მოსამართლეა, რომელსაც 300-ზე მეტი საქმე აქვს და კოლეგიურ განხილვაში სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლეები ეხმარებიან. ასევე მძიმე ვითარებაა ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, სადაც თითო მოსამართლის დატვირთვა 300 საქმეს აჭარბებს. შესაბამისად, ცხადია, რომ ვითარება არის კრიზისული.

“ახალი კონსტიტუციის ამოქმედების შემდეგ უზენაესი სასამართლოს გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებლობა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დაეკისრა. ეს იყო წინაპირობა იმის, რომ მიგვეღო გადაწყვტილება იმ მოსამართლეების საჭირო რაოდენობის წარდგენაზე, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ უზენაეს სასამართლოში არ შეფერხდეს მართლმსაჯულების განხორციელება.

ამავე დროს, იუსტიციის უმაღლესი საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ შეარჩია ღირსეული კანდიდატები კეთილსინდისიერების, კომპეტენტურობის და სამოსამართლეო გამოცდილების გათვალისწინებით,” – წერია მოსამართლეთა განცხადებაში.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები თავის განცხადებაში აღნიშნავენ, რომ არასწორია შეხედულება, თითქოს ისინი  ემხრობიან საკითხის ფორსირებულ რეჟიმში – მიმდინარე წლის ბოლომდე განხილვას.

“ვფიქრობთ, რომ აღნიშნული საკითხი საქართველოს პარლამენტმა უნდა განიხილოს სრულყოფილი და საფუძვლიანი შესწავლის შემდგომ, რაც, ცხადია, საჭიროებს გონივრულ ვადებს და შესაბამის პროცედურებს,” – ამბობენ ისინი.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღეს, 24 დეკემბერს გამართულ სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი დაასახელა. აღნიშნულ კანდიდატებს საბჭო პარლამენტს წარუდგენს დასამტკიცებლად.

ესენი არიან:

  • მიხეილ ჩინჩალაძე;
  • გიორგი მიქაუტაძე;
  • მარიამ ცისკაძე;
  • ნინო ქადაგიძე;
  • პაატა სილაგაძე;
  • დიმიტრი გვრიტიშვილი;
  • მერაბ გაბინაშვილი;
  • ნინო სანდოძე;
  • თამარ ალანია;
  • გიორგი ტყავაძე.იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ამ გადაწყვეტილებას უარყოფითად აფასებს საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი. მან აღნიშნულს “ქვეყნის ტრაგედია” უწოდა. საბჭოში თავისი პროტესტის გამოსახატად ჯანეზაშვილი 2 თვის შვილთან ერთად იყო მისული.

საბჭოს სამმა წევრმა – ანა დოლიძემ, ნაზი ჯანეზაშვილმა და ირმა გელაშვილმა – კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. დანარჩენმა წევრებმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ კანდიდატებს. პროცედურის შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული სია პარლამენტს გაეგზავნება დასამტკიცებლად.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატების დასახლებამ უარყოფითი რეაქციები გამოიწვია როგორც საბჭოს არამოსამართლე წევრებში, ისე – არასამთავრობოებში. საბჭო გაუმჭვირვალე პროცესის გამო გააკრიტიკა ნინო ლომჯარიამაც და პარლამენტს პროცესის შეჩერებისკენ მოუწოდა.

ომბუდსმენი პარლამენტს მოუწოდებს, შეაჩეროს უზენაესი სასამართლოს წევრთა შერჩევის პროცესი

მასალების გადაბეჭდვის წესი