ახალი ამბები

ომბუდსმენი პარლამენტს მოუწოდებს, შეაჩეროს უზენაესი სასამართლოს წევრთა შერჩევის პროცესი

26 დეკემბერი, 2018 • 2956
ომბუდსმენი პარლამენტს მოუწოდებს, შეაჩეროს უზენაესი სასამართლოს წევრთა შერჩევის პროცესი

საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ 24 დეკემბერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატურების დასახელების პროცესი არ იყო გამჭირვალე და საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის ის ობიექტური კრიტერიუმები, რომლითაც საბჭომ იხელმძღვანელა.

“ასევე უცნობია, თუ რატომ არ მოხდა არცერთი პირის წარდგენა სასამართლოს სისტემის გარედან, ასევე, რატომ არ შეიძლებოდა სხვა მოქმედ მოსამართლეთა წარდგენა პარლამენტისთვის. კითხვის ნიშნებს აჩენს ის ფაქტიც, რომ იუსტიციის საბჭოს 2 მოქმედი წევრი არის იმ სიაში, რომელიც წარედგინა საქართველოს პარლამენტს”, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში, რომელიც დღეს, 26 დეკემბერს გავრცელდა.

სწორედ ამ მიზეზით, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, შეაჩეროს წარდგენილი მოსამართლეების განხილვის პროცესი (პლენარულ სხდომაზე საკითხის მხარის არდაჭერით), დაუყონებლივ დაიწყოს მუშაობა “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების განხორციელებაზე და დაინტერესებული მხარეების ჩართულობით შეიმუშაოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა და თავმჯდომარის კანდიდატთა როგორც შერჩევის, ისე წარდგენის გამჭვირვალე პროცედურა.

24 დეკემბერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ  კენჭისყრის შედეგად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი დაასახელა. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აღნიშნული უფლებამოსილება საქართველოს კონსტიტუციით არის განსაზღვრული, რომელიც მიმდინარე წლის 16 დეკემბერს შევიდა ძალაში.

როგორც ომბუდსმენი თავის განცხადებაში მიუთითებს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს როლის გამოკვეთა მნიშვნელოვანია, თუმცა, ხარვეზების შესახებაც საუბრობს.

“სამწუხაროდ, დეტალურად არ არის მოწესრიგებული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა და თავმჯდომარის კანდიდატების შერჩევისა და წარდგენის გამჭვირვალე პროცედურები, ასევე, შეფასების მკაფიო კრიტერიუმები. აღნიშნული საბჭოს ანიჭებს განუსაზღვრელ დისკრეციას, რომელმაც შეიძლება გარკვეულ პირთა შორის უსამართლობის შეგრძნება გააჩინოს”, – აცხადებს საქართველოს სახალხო დამცველი.

ომბუდსმენის მოსაზრებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა და თავმჯდომარის კანდიდატების შერჩევისა და წარდგენის პროცესი უნდა წარიმართოს გამჭირვალეობისა და ობიექტურობის მაღალი ხარისხით.

სახალხო დამცველი მოსამართლეთა შერჩევის პროცესის გაჯანსაღების საშუალებად მიიჩნევს პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის მიერ სამუშაო ჯგუფის შექმნას.

“აუცილებელია, გამჭვირვალობის სტანდარტი დაცული იქნას მოსამართლეთა წარდგენის ეტაპზევე და არ დარჩეს უპასუხო ლეგიტიმური კითხვები საზოგადოებას, მოსამართლეთა კორპუსს და ყველა იმ პირს, ვინც თავისი პროფესიული გამოცდილებით და კვალიფიკაციით აკმაყოფილებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კრიტერიუმებს.

საქართველოს უზენაესი სასამართლო მართლმსაჯულების უმაღლეს საკასაციო ინსტანციას წარმოადგენს. ის განსაკუთრებულ როლს თამაშობს საქართველოს სასამართლო სისტემაში და, ბუნებრივია, მისი გავლენა ადამიანის უფლებების დაცვაზე უმნიშვნელოვანესია. პარალელურად აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლიდან გამომდინარე, საქართველოს ყოველ მოქალაქეს აქვს უფლება დაიკავოს ნებისმიერი საჯარო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. ამ უფლების რეალიზაცია თანასწორ საწყისებზე უნდა წარიმართოს”, – აცხადებს ომბუდსმენი.

უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატთა დასახელება მოულოდნელი და შოკისმომგვრელი აღმოჩნდა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებისთვის – ანა დოლიძისა და ნაზი ჯანეზაშვილისთვის. ამის მიზეზი არის არამხოლოდ კანდიდატების შერჩევის პროცესის გაუმჭვირვალეობა და მოულოდნელობა, არამედ აღნიშნული მოსამართლეების გავლენები და მათი რეპუტაცია.

აღნიშნულ ფაქტზე განცხადება გაავრცელეს არასამთავრობო ორგანიზაციებმაც, სადაც წერია: “სასამართლო სისტემაში კრიზისული ვითარების შექმნას ხელი შეუწყო ამ ჯგუფის ინტერესებზე მორგებულმა კანონმდებლობამ და პარლამენტის მხრიდან ძირეული რეფორმების გატარების ნების არარსებობამ. იმ პირობებში, როდესაც საბჭოს მიერ დღეს წარდგენილ კანდიდატებს თანამდებობაზე უვადოდ გასამწესებლად პარლამენტის თანხმობა სჭირდება, საკანონმდებლო ორგანოს ეკისრება გადამწყვეტი როლი, არ დაუშვას ქვეყანაში სასამართლო სისტემის საბოლოოდ ჩაკეტვა და მართული მართლმსაჯლების მხარდაჭერა.”

კრიტიკას არ იზიარებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე დიმიტრი გვრიტიშვილი. ის არის იმ 10 მოსამართლეს შორის, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტზე წარადგინეს.

უზენაესი სასამართლოს წევრად წარდგენილი 10 მოსამართლეს შორის არიან ისეთი მოსამართლეებიც, რომლებიც წლების განმავლობაში მათ მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების გამო, კრიტიკის ობიექტები იყვნენ, მათ შორის, ხელისუფლებაში ამჟამად მყოფი პირების მხრიდან.

მაგალითად, მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილი უკვე 10 წელზე მეტია ქართულ სასამართლო სისტემაში მუშაობს. “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობისას სწორედ მან მიიღო გადაწყვეტილება დიღმის ტყე-პარკისთვის რეკრეაციული ზონის სტატუსის მოხსნის შესახებ, ასევე, ნაცემი დაჩი ცაგურიას 10 დღით დაპატიმრებისა და ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიის 5 მილიონამდე ლარით დაჯარიმებასთან დაკავშირებით. უფრო ვრცლად ამ საქმეებზე, წაიკითხეთ სტატია ნეტგაზეთის არქივიდან.

კანდიდატებს შორის არის მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძეც, რომლის გავლენებსა და სასამართლოში არსებულ კლანურ მმართველობაზე ჟურნალისტური გამოძიება მოამზადა სტუდია “მონიტორმა”.

უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატებად ჩინჩალაძე, გვრიტიშვილი და სხვები დაასახელეს

მასალების გადაბეჭდვის წესი