ახალი ამბები |

რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა ტექდათავლიერების ამოქმედებამდე

3 ივლისი, 2014 | | 7394
რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა ტექდათავლიერების ამოქმედებამდე

2015 წლის 1 მარტიდან ყველა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის ტექდათვალიერების გავლა სავალდებულო ხდება. ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირება (ტექდათვალიერება) სხვადასხვა ტექნიკური ოპერაციებისა და პროცედურების ერთობლიობაა, რომლის მეშვეობითაც გარკვეული პერიოდულობით დგინდება მანქანის უსაფრთხოების ძირითადი ელემენტების ტექნიკური მდგომარეობა და ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვეულ გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობა.

თამაშის გაურკვეველი წესები

საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებება, რომლის მიხედვითაც 2015 წლიდან ტექდათვალიერება სავალდებულო ხდება, მიმდინარე წლის დასაწყისშია შესული. ამასთან, ამავე კანონის გარდამავლ დებულებებში ჩაწერილია, რომ საქართველოს მთავრობამ 2014 წლის 1 ივლისამდე უნდა გამოსცეს ნორმატიული აქტები და ტექდათვალიერებისათვის საჭირო პარამეტრები და პერიოდულობა განუმარტოს მძღოლებს, ასეთი რეგლმანეტი უკვე არსებობს, თუმცა  სავალდებულო ტექდათვალიერების ამოქმედებამდე 8 თვით ადრე მაინც უცნობია, რა შეიცვლება მასში და ზუსტად რა მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევს მანქანას 2015 წლის 1 მარტიდან. 


 

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს განმარტებით, ამ საკითხების მარეგულირებელი ნორმატიული აქტები გასულ წლებშიც არსებობდა (დამტკიცებული იყო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებებით) და დღეისთვისაც არსებობს, კერძოდ ესენია: ტექნიკური რეგლამენტი „ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნები, რომლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნითაც ტარდება გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება და მისი ჩატარების მეთოდები“ – დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის #30 დადგენილებით. ასევე, ტექნიკური რეგლამენტი „სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტესტირების პერიოდულობა“ დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის #37 დადგენილებით. თუმცა უცნობია დარჩება თუ არა ეს რეგლამენტები სავალდებულო ტექდათვალიერების ამოქმედებამდე იმ სახით, რითიც ის დღეისათვის არსებობს. ეკონომიკის სამინისტროს განმარტებით, ეს საკითხი კომპანიებთან მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდება:

 

“დღეისათვის ქვეყანაში ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტესტირებას ანხორციელებს 22 აკრედიტებული ტესტირების ცენტრი, მაგრამ მათი სიმძლავრეები შესაძლოა საკმარისი არ აღმოჩნდეს საქართველოში სრულმასშტაბიანი ტესტირების დაწყებისათვის. სწორედ ამიტომ მიმდინარეობდა მოლაპარაკებები/კონსულტაციები სხვადასხვა კომპანიებთან. აღნიშნული მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შემდეგ შესაძლებელი იქნება ზემოაღნიშნულ ტექნიკურ რეგლამენტებში გარკვეული ცვლილებების და დამატებების განხორციელება, თუმცა რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის და ამ ეტაპზე არ არის გარკვეული, თუ რომელი კომპანიები ჩაერთვება ამ პროცესში ან რა სახის ცვლილებებს განიცდის ზემოაღნიშნული რეგლამენტები”, – აღნიშნავენ სამინისტროში.


 

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ ზემოხსენებულ საკითხზე მთავრობის ეკონომიკური საბჭოც მუშაობს. უწყების პრესსამსახურში ვერ აკონკრეტებენ, რატომ არ არის საბოლოოდ ცნობილი, კონკრეტულად რა პარამეტრებით დაიწყება სავალდებულო ტექდათვალიერების პროცესი მაშინ, როცა საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონში ჩადებული დებულებით ეს საკითხი 1 ივლისამდე უნდა გარკვეულიყო.


კატალიზატორი და ტექდათვალიერება

ცნობილია ერთი გარემოების შესახებ, რაც მძღოლების თქმით, ამ პროცესში ყველაზე მტკივნეული იქნება. იმისათვის, რომ ავტომობილმა ტექდათვალიერების მინიმალური სტანდარტი დააკმაყოფილოს, მას გამონაბოლქვის დონის შემამცირებელი აგრეგატი, ანუ გამართული კატალიზატორი უნდა ჰქონდეს:

“კატალაზიტაორი არის აგრეგატი, რომელიც მანქანაში დამონტაჟებულია ძრავსა და მაყუჩს შორის. როცა ძრავში საწვავის არასრული წვა მიმდინარეობს, ანუ როცა საწვავის გარკვეული ნაწილაკები ბოლომდე არ იწვება, ისინი ატმოსფეროში გამოიფრქვევა. კატალიზატორი არის ის მოწყობილობა, რომელიც ამის ფილტრაციას ახდენს, ანუ აჩერებს მათ, არ უშვებს ატმოსფეროში და თვითონ წვავს… ანუ განმეორეითი წვა ხდება”, – ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია ეკოტრანსპორტის ხელმძღვანელი ვასო ურუშაძე და დასძენს, რომ საქართველოში დღეისათვის ოფიციალური მონაცემებით რეგისტრირებული 900 ათასზე მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალების უმრავლესობას ეს მოწყობილობა სავარაუდოდ აღარ აქვს:

“როდესაც ძრავი ენერგიას გამოყოფს, მისი მხოლოდ 15 პროცენტი მიდის საბურავამდე, ამ ენერგიის 85 პროცენტი კი ავტომობილის სხვადასხვა აგრეგატის ასამუშავებლად იხარჯება: გადაცემათა კოლოფი, კონდინციონერი და ასე შემდეგ. ენერგიის 5 პროცენტი სწორედ ამ კატალიზატორს მიაქვს, რადგან ის გამონაბოლქვის ატმოსფეროში გამოფრქვევას აფერხებს. მძღოლებში არსებობს მოსაზრება, რომ თუ კატალიზატორს მოვჭრით, 5 პროცენტით გავაუმჯობესებთ ძრავის მარგი ქმედების კოეფიციენტს, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ საწვავის ეკონომია გავაკეთოთო. ასევე, ამ მოწყობილობის დემონტაჟს მეორე მიზეზიც აქვს: ის ძვირფას მეტალს (პლატინა) შეიცავს და 1 კილოგრამს დაახლოებით 100 ლარად იბარებენ. ანუ ერთი გასროლით ორ კურდღელს კლავდა მძღოლი. ეს პროცესი მოედო მთელ საქართველოს, მასობრივად გავრცელდა ეს ამბავი და თითქმის ყველა ავტომფლობელი აკეთებდა ამას”, – განმარტავს ურუშაძე.


ავტომობილის კატალიზატორი
ავტომობილის კატალიზატორი

გამომდინარე იქიდან, რომ მოყოლებული 2004 წლიდან საქართველოში ტექდათვალიერება მსუბუქი ავტომობილებისათვის სავალდებულო არ იყო, დღემდე არ არსებობს ოფიციალური მონაცემები, რამდენად გამართულია ტექნიკურად ავტოპარკი. ცნობილია მხოლოდ ის, რომ  საქართველოში საავტომობილო პარკი მოძველებულია. მომსახურების სააგენტოს 2012 წლის მონაცემებით, მანქანების 91% 10 წელზე მეტი ასაკისაა, რაც იმის პირდაპირი მანიშნებელია, რომ კატალიზატორის პრობლემა შესაძლოა იმ ავტომფლობელებსაც შეექმნათ, რომელთაც მანქანებიდან ეს მოწყობილობა ამოცლილი არ აქვთ. 


“ეს მოწყობილობა 20-25 წელი ვერ სძლებს და ის ზოგადად რამდენიმე წელიწადში გამოდის მწყობრიდან. თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ხარისხის საწვავით სარგებლობს მძღოლი”, – განუცხადა ნეტგაზეთს კობა მეტრეველმა, ეკონომიკის სამინისტროს ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის სახმელეთო ტრანსპორტის სამმართველოს მთავარმა სპეციალისტმა. საბჭოთა წარმოების ავტომობილების [საბჭოთა პერიოდის ავტომობილების საკითხიც ასევე ბუნდოვანია] გარდა ქარხნული კატალიზატორი ბოლო ორ-სამ ათწლეულში გამოშვებულ თითქმის ყველა მარკის ავტომობილს მოყვება, თუმცა მისი მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში ახლის შეძენა საკმაოდ ძვირი ღირს. მისი ფასი დაახლოებით 200 დოლარიდან იწყება და 1000 დოლარამდეც ადის. ფასი ავტომობილების მარკებისა და კატეგორიების მიხედვით ნაწილდება. ვასო ურუშაძის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ახალ კატალიზატორებზე ქვეყანაში მოთხოვნა არ არსებობდა გასული 10 წლის განმავლობაში, ის საქართველოში არც ერთ გამყიდველს არ შემოჰქოდა:

 

“მოთხოვნა ბაზარზე არ იყო და დღესაც არ არის, რომ ვინმემ კატალიზატორი იყიდოს. ძალიან იშვიათია ისეთი შემთხვევა, რომ ვიღაც ადგეს და თქვას, იცით რა, მე გარემოს ვაბინძურებ, ახლა ავდგები და კატილაზატორს ჩემით ვიყიდიო. ბაზარზე არც არის. მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია ტექდათვალიერების აღდგენის შესახებ, გარკვეულმა პირებმა შემოიტანეს კატალიზატორები, დღეს ძალიან რომ მოვინდომოთ, შეიძლება 500 ცალი შევიძინოთ საქართველოში, მაგრამ ძვირია”, – ამბობს იგი.

თეგეტა მოტორსში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ დღეისათვის კომპანია კატალიზატორებს თვითონ არ ყიდის და კლიენტს მხოლოდ შეკვეთის შემთხვევაში ჩამოუტანს. იგივე გვითხრეს მათე მოტორსში, ხოლო ვებგვერდი katalizator.ge, რომელიც ნახმარ მოწყობილობას იბარებს, აღმოჩნდა, რომ ამ პროდუქციას თვითონ საერთოდ არ ყიდის.

Amazon-ზე კატალიზატორი, რომელიც საქართველოში ყველაზე პოპულარულ მანქანა ოპელ ვექტრასთანაა თავსებადი, 215 დოლარი ღირს, თუმცა მისი გამოწერის შემთხვევაში ამ ფასს ბაჟის გადასახადი (18 პროცენტი) ემატება და სულ 253 დოლარი გამოდის, ამასთან გასათვალისწინებელია ტრანსპორტირების ხარჯებიც.

 

katalizator.ge-ის ხელოსანი ამბობს, რომ მოწყობილობის მანქანაში ჩამონტაჟების ხელობა დაახლოებით 20-30 ლარი ეღირება. Amazon-ის ვებგვერდზე უნივერსალური კატალიზატორებიც იყიდება ბევრად უფრო იაფად, დაახლოებით 50 დოლარად, თუმცა გამყიდველს მითითებული აქვს, რომ აგრეგატი ტყვიის შემცველ საწვავზე ვერ იმუშავებს. ამაზონის ვებგვერდზე კატალიზატორების ფასები მანქანის ღირებულების პროპორციულად იზრდება.

 

ტაქსის მძღოლები, რომლებსაც ნეტგაზეთი ესაუბრა, იმედოვნებენ, რომ ისე როგორც საბურავების შემთხვევაში, ნახმარი კატალიზატორების დამონტაჟებით მოახერხებენ ტექდათვალიერების სტანდარტების დაკმაყოფილებას, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ტექდათვალიერების მოთხოვნები ჯერ საზოგადოებისთვის უცნობია, ამ მოლოდინის პერსპექტივაც ბუნდოვანია.

რისთვის არის მნიშვნელოვანი კატალიზატორი?

უსაფრთხოებისა და ეკოლოგიური მიზნებისთვს ავტომობილების ტექნიკურად გამართვის აუცილებლობაზე საუბარია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელმოწერილ ასოცირების ხელშეკრულებაში. დოკუმენტის მიხედვით, საქართველოდან ევროკავშირის მიმართულებით ავტომობილების თავისუფლად გადაადგილებისთვის აუცილებელია, რომ მანქანები ტექდათვალიერების სტანდარტებს აკმაყოფილებდნენ. გარდა უსაფრთხოების ნორმებისა, ტექდათვალიერების კონტექსტში მნიშვნელოვანია ეკოლოგიის საკითხიც, რაც სწორედ კატალიზატორს უკავშირდება:

 

“ბუნებრივია, ეს [ტექდათვალიერება] შესაძლოა არ იყოს მატერიალური თვალსაზრისით ყველასთვის მისაღები, თუმცა სახელმწიფო თავის მხრივ ვალდებულია თანდათანობით გააუმჯობესოს უსაფრთხოების სტანდარტები … ეს, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ეკოლოგიური თვალსაზრისით, რაც თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობაზე აისახება. გარემოს დაცვის და ჯანდაცვის სამინისტროები ჩვენთან ერთად აქტიურად იყვნენ ჩართულები ამ პროცესში უწყებათაშორისი კომისიის ფარგლებში”, – ამბობს ქეთევან სალუქვაძე, ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი.

 

 

ავტომობილების ტექდათვალიერების საკითხს ეხმაურება გარემოს დაცვის სამინისტროც. სამინისტრო განმარტავს, რომ საქართველოში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ძირითადი წყარო სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვია და მისი წილი ქვეყნის მთლიან გაფრქვევებში დაახლოებით 71%-ს შეადგენს.

 

“ავტოტრანსპორტიდან ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების კუთხით ყველაზე მწვავე მდგომარეობა თბილისშია, სადაც ცხოვრობს ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 1/3, და თავმოყრილია მთლიანი სატრანსპორტო საშუალებების 40%, რომლის წილი ქალაქის დაბინძურებაში 95%-ზე მეტია. დამაბინძურებელი ნივთიერებები, რომლებიც გამონაბოლქვ აირთან ერთად ხვდება ატმოსფეროში, რეალურ საფრთხეს უქმნის მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილს, რომელიც ამ მავნე ზეგავლენის ქვეშ იმყოფება. ავტოტრანსპორტის მიერ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ემისიების მოცულობა მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, რომელთაგან ერთ-ერთი სწორედ ავტომობილების ტექნიკური გაუმართაობაა,”- წერია სამინისტროს განცხადებაში.

ეკოლოგიის მნიშვნელობაზე საუბრობენ ის ტაქსის მძღოლებიც, რომლებიც ნეტგაზეთმა თბილისში გამოკითხა. მათი თქმით, საუბარი არც არის იმაზე, რომ ტაქსი, რომელიც ყოველდღიურად ათობით ადამიანს ემსახურება, ტექნიკურად გამართული უნდა იყოს და უსაფრთხოების სტანდარტებს აკმაყოფილებდეს. თუმცა, როდესაც საქმე კატალიზატორისა და უშუალოდ ტექდათვალიერების ფასზე მიდგება, მძღოლების მოსაზრებები განსხვავებულია. ნაწილს უშუალოდ ტექდათვალიერების გავლის ფასი ეძვირება, რომელიც სავარაუდოდ [წელიწადში ერთხელ] 30-50 ლარი იქნება მსუბუქი ავტომობილების შემთხვევაში, ხოლო ნაწილს კატალიზატორების ფასი აწუხებს:



ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით, საქართველომ ტექდათვალიერების სისტემის გამართვა და მისი ევროკავშირის 2009/40/EC დირექტივასთან ჰარმონიზება ხელშეკრულების რატიფიცირებიდან 4 წლის განმავლობაში უნდა მოახერხოს. ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ნეტგაზეთთან საუბარში აცხადებს, რომ სახელმწიფო ყველანაირად ეცდება, რომ პროცესი მძღოლებს მტკივნეულად არ დააწვეთ:


“მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ეს პროცესი უმტკივნეულო იყოს მათთვის და ერთბაშად არ დააწვეთ ყველაფერი”, – აღნიშნავს იგი და დასძენს, რომ დირექტივით გათვალისწინებული მოთხოვნების დანერგვა ეტაპობრივად განხორციელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი