ახალი ამბებიეკონომიკა

რატომ არ არის ზუსტი საქსტატის დასახელებული საშუალო ხელფასი

25 დეკემბერი, 2018 •
რატომ არ არის ზუსტი საქსტატის დასახელებული საშუალო ხელფასი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2018 წლის III კვარტალში (ივლისი-აგვისტო-სექტემბერი) საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 1 125.5 ლარი იყო. ასახავს თუ არა ეს რიცხვი საქართველოში ხელფასის მიმღებთა რეალურ ანაზღაურებას? 

რა მონაცემებს ეყრდნობა საქსტატი

ამ ანგარიშის ავტორი, საქსტატის სოციალური სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი ირმა გვილავა, ნეტგაზეთს განუმარტავს, რომ საქსტატი ხელფასების შესახებ მონაცემებს იღებს არა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისგან, არამედ დამოუკიდებელი კვლევიდან – ისინი კვარტალურად და წლიურად იღებენ საქართველოში არსებული 15 000-მდე საწარმოსგან და ორგანიზაციისგან ხელფასების შესახებ მონაცემებს;

ამ 15 000 ორგანიზაციაში, გვილავას თანახმად, სრულად შედიან მსხვილი საწარმოები, სახელმწიფო მართვის ორგანიზაციები, სადაზღვევო კომპანიები, ბანკები და საკრედიტო კავშირები; საშუალო და მცირე საწარმოები კი შერჩევითი პრინციპით არიან კვლევაში ჩართული. 

საქსტატის თანახმად, ასე გამოიყურება დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 2014 წლიდან კვარტალების მიხედვით. საქსტატი ყოველწლიურად მსგავსი პრინციპით აგროვებს მონაცემებს. გრაფიკი: საქსტატი

თუმცა ამ მონაცემებში არ არის გათვალისწინებული არაფორმალურ ეკონომიკაში დასაქმებული ადამიანების ხელფასები (მაგალითად, ისეთი ადამიანების ანაზღაურება, რომლებსაც სახელწიფო არ აღრიცხავს – ძიძები, დამხმარეები და ა.შ.). კვლევა საუბრობს ადამიანების იმ ნაწილზე, რომელთა ხელფასებიც რეგისტრირებულია — როგორც გვილავაც ადასტურებს, მხოლოდ ფორმალურ სექტორზე. ამ მონაცემებში კი, თავის მხრივ, შედის როგორც ძირითადი ხელფასი, ისე პრემიები, დანამატები, და “წამახალისებელი ხასიათის გასაცემლები”.

“მცდარი განზოგადება”

როგორც სოციოლოგი ქეთი სართანია ამბობს, კვლევა არარეპრეზენტატულ მონაცემებს ეყრდნობა — საწყის ეტაპზე კონკრეტული ჯგუფის (ფორმალურად დაქირავებით დასაქმებულების ნაწილის) ხელფასებს იღებს და საბოლოოდ, მას საქართველოს მთელ მოსახლეობაზე განაზოგადებს, რაც არაზუსტ სურათს ხატავს. ამას გარდა:

“უნდა ქვეყნებოდეს ის მონაცემებიც, თუ როგორ არის ადგილზე შერჩევა გაკეთებული, რის საფუძველზე და რატომ. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს ეჭვი, რომ [ეს მონაცემები] არ არის რეპრეზენტატული და ამ ეჭვს კიდევ უფრო აძლიერებს არაფორმალური ეკონომიკის სიძლიერე”, – გვეუბნება იგი.

როგორც თსუ-ის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET-ის) კვლევითი ინსტიტუტის განათლების და სოციალური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მკვლევარი, თამთა მარიდაშვილი, გვეუბნება:

“იმ პირობებში, როცა ჩრდილოვან ეკონომიკას დიდი წილი უჭირავს ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში [შესაბამისად, მოსახლეობის გარკვეული ნაწილის ხელფასები დეკლარირებული არ არის], შეფასება, თითქოს საქართველოში 1 125 ლარი იყოს საშუალო ხელფასი, სწორი არ არის”.

ჩრდილოვანი, ანუ არაფორმალური ეკონომიკა, ეროვნული მეურნეობის ის ნაწილია, რომელსაც სახელმწიფო ვერ აღრიცხავს და სახელმწიფო გადასახადებს არ იხდის. საქსტატის 2015 წლის მონაცემებით, ჩრდილოვანი ეკონომიკის ზომა საქართველოს მშპ-ის 10.3% იყო, საერთაშორისო სავალუტო ფონდისთვის (IMF) 2018 წელს მომზადებული პუბლიკაციის თანახმად კი- 64%.

“თუ მაინცდამაინც ასე შეაფასებს სტატისტიკის სამსახური, იქვე უნდა დასძინოს, რომ არ არის გათვალისწინებული ჩრდილოვანი ეკონომიკა, რომელსაც აქვს დიდი წილი ქვეყნის ეკონომოკაში. სწორი შეფასება ან ე.წ. ვორდინგი არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ მასმედიის მიერ მცდარი ინფორმაციის მიწოდება არ მოხდეს საზოგადოებისათვის”, – ფიქრობს მარიდაშვილი.

ამ საკითხის მედიაში გაშუქების მნიშვნელოვან როლზე ქეთი სართანიაც მიუთითებს და ამბობს, რომ საქსტატის გამოქვეყნებული მონაცემები “საბოლოო ჯამში, წარმოგვიდგება, როგორც აბსოლუტური მონაცემები… გაქვს განცდა, რომ ეს ნამდვილი და ზუსტი მონაცემია, არადა, მეთოდოლოგიურად დიდი პრობლემა აქვს”.

რისთვის იყენებენ ამ მონაცემებს?

როგორც თამთა მარიდაშვილი გვიხსნის, მთავრობა საშუალო ხელფასის სტატისტიკას რეფორმების დასაგეგმად, ფინანსური და სოციალური რისკების დასათვლელად, ქვეყნის კონკურენტუნარიანობის დასადგენად უნდა იყენებდეს. ამასთან:

“როგორც წესი, მთავრობა, სტატისტიკის გაცნობით, ასე ვთქვათ, ანგარიშს აბარებს საზოგადოებას, შესაბამისად, პოლიტიკური მიზნებითაც შეიძლება იქნას გამოყენებული. ბიზნესსუბიექტებმა შესაძლოა საშუალო ხელფასის სტატისტიკით შეაფასონ მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობა; საერთაშორისო ინვესტორები უყურებენ ხელფასებს, რათა შეაფასონ, რამდენად ღირს ინვესტიციის აქ ჩადება. აქედან გამომდინარე, თუ მაჩვენებელი არ არის ზუსტი და, მაგალითად, გაზვიადებულია, ბიზნესსექტორმა შეიძლება ვერ გააკეთოს სწორი პროგნოზი, ხოლო მთავრობამ ეს “ქულების ჩასაწერად” გამოიყენოს”, – გვიხსნის ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი.

ქეთი სართანიასაც და თამთა მარიდაშვილსაც ერთი და იგივე მაგალითი მოჰყავთ თვალსაჩინოებისთვის: ეკონომიკის მინისტრის, გიორგი ქობულიას განცხადება — ზოგს ჰგონია, რომ შეიძლება უარესად ცხოვრობს, მაგრამ ფაქტები რომ ვნახოთ, ეს ასე არ არისო.

ქეთი სართანიას თქმით, სტატისტიკის ეროვნული სამსახური არ მიუთითებს ხოლმე იმ შეზღუდვებს, რასაც საბოლოო მონაცემების მიღების პროცესში აწყდება; ასევე, გამოქვეყნებულ მონაცემებს არ მოჰყვება ხოლმე ამ მონაცემთა ანალიზი; და,ბოლოს, რაც, მისი აზრით, ყველაზე მთავარია:

“გასაგებია, რომ საქსტატს მონაცემების მოპოვების პრობლემები აქვს, რადგან ბევრ სფეროს ვერ აღრიცხავ, მაგრამ მთავარი პრობლემა ის კი არ არის, რომ ზუსტი მონაცემები არ აქვთ, არამედ ის, რომ ის არასოდეს არ საუბობს ამ პრობლემაზე”, – ამბობს იგი.

თუნდაც საწყისი მონაცემები რეპრეზენტატული იყოს, სადავო რჩება საშუალო ხელფასის გამოთვლის მეთოდი.

საშუალო ხელფასის გამოთვლის ორი ხერხი

საშუალო ხელფასის გამოთვლის ორი ხერხი არსებობს: საშუალო არითმეტიკულითა და მედიანური მეთოდით.

საშუალო არითმეტიკული ეწოდება მონაცემთა ჯამისა და ამ მონაცემების რაოდენობის შეფარდებას; მედიანა კი ზრდადობის მიხედვით დალაგებულ მონაცემებს შუაში მოქცეული რიცხვია.

საქართველოში საშუალო არითმეტიკულის მეთოდი გამოიყენება. როგორც საქსტატის სოციალური სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი ირმა გვილავა ნეტგაზეთს განუმარტავს, ის 5 000-მდე საწარმო და კომპანია, რომელიც კვლევაშია ჩართული, სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს უგზავნის დაქირავებულთა რიცხოვნობას და მათზე დარიცხულ სახელფასო ფონდს, რომლის მიხედვითაც ხდება საშუალო ხელფასის გაანგარიშება.

“რადიკალური სხვაობა”

ქეთი სართანიას აზრით, “ხელფასების დასათვლელად საშუალო არითმეტიკულის გამოყენების მთავარი პრობლემა არის ის რადიკალური განსხვავებულობა ხელფასებში, რასაც საქართველოში ვხვდებით”.

მას ასეთი მაგალითი მოჰყავს: 2018 წლის III კვარტალში განათლების სფეროში საშუალო თვიურ ნომინალურ ხელფასად 586.1 ლარია დასახელებული, ხოლო საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სფეროში — 2 354.3 ლარი;

“საბოლოო ჯამში, ამხელა განსხვავების მქონე რიცხვებიდან საშუალო არითმეტიკულის გამოთვლა მცდარ მონაცემს იძლევა მაშინ, როდესაც იმავე რიცხვების მედიანური მეთოდოლოგიით დათვლისას უფრო მეტად შემოდის სიცხადე, — რომ ცენტრში დგას კონკრეტული რიცხვი და ჩვენ ვიცით, რომ არსებობს ხელფასები, რომლებიც ამ ციფრზე ნაკლებია და მეტია”.

როგორც შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სოციალური მეცნიერებების ცნობარში ვკითხულობთ, “მედიანა საშუალოსთან შედარებით უფრო კარგი ტიპური მნიშვნელობაა იმ შემთხვევაში, როცა სიხშირეთა განაწილება ძალიან ასიმეტრიულია, ან მონაცემებს შორის არის ექსტრემალური მნიშვნელობები (ამოვარდნები)”.

თამთა მარიდაშვილიც გვეუბნება, რომ საშუალო ხელფასთან ერთად მედიანური ხელფასის დათვლა უფრო რეალურ სურათს დაგვანახებდა:

“ხელფასის საშუალო არითმეტიკულით გამოთვლას ის უარყოფითი მხარე აქვს, რომ მაჩვენებელის ზრდა, მაგალითისათვის, შეიძლება მხოლოდ ყველაზე მაღალანაზღაურებადი ადამიანების ხელფასების მომატებით იყოს განპირობებული. მედიანური ხელფასი, მარტივად რომ ავხსნათ, ითვლება შემდეგნაირად: საზოგადოება იყოფა ორ ნახევრად ხელფასების ოდენობის მიხედვით და ვინც შუაში მოხვდება, იმის ხელფასია მედიანური ხელფასი. შესაბამისად, თუ მხოლოდ ყველაზე მაღალანაზღაურებადი ადამიანების ხელფასები მოიმატებს, მედიანურ ხელფასზე ეს არ იმოქმედებს, მაშინ როცა იმოქმედებს საშუალო ხელფასზე”.

საქსტატის ლიმიტები

სტატისტიკის სამსახურის სოციალური სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსიც ეთანხმება მოსაზრებას, რომ მედიანური მეთოდის გამოყენება უფრო ზუსტი იქნებოდა, თუმცა, როგორც ირმა გვილავა გვიხსნის, ამისათვის მათ ინდივიდუალური მონაცემები სჭირდებათ, რომელსაც ზრდადობის მიხედვით დაალაგებდნენ და მედიანას გამოთვლიდნენ.

საქსტატი კი, როგორც გვილავა გვიხსნის, კომპანიებისგან მხოლოდ დასაქმებულების რაოდენობასა და საერთო სახელფასო ფონდს იღებს და არა ინდივიდუალური ხელფასების რაოდენობას (მაგალითად, ხელფასის მიმღები 5 ადამიანი და სახელფასო ფონდი 5 000 ლარი სამ თვეში). 

“მედიანური უფრო ზუსტია, მაგრამ მისი დათვლა საწარმოების კვლევიდან ვერ ხერხდება. აქედან გამომდინარე, საშუალო არითმეტიკულს ვანგარიშობთ. თუმცა პრაქტიკაში საშუალო ხელფასსაც ჩვეულებრივ ასე ითვლიან სხვა ქვეყნებიც”, – ამბობს იგი.

სოციოლოგი ქეთი სართანია ინტერესდება, თუ რატომ არ ეყრდნობა საქსტატი ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემებს — მონაცემებს, სადაც ოფიციალურად დასაქმებულების ინდივიდუალური ხელფასებიც ჩანს.

ამაზე პასუხად ირმა გვილავა ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს:

“შემოსავლების სამსახურის აღრიცხვა კარგად უნდა იქნეს შესწავლილი, გამომდინარე იქიდან, რომ როდესაც ჩვენ [საქსტატი] საშუალო ხელფასს ვაკვირდებით, გვაინტერესებს დინამიკაში ცვლილება, შემოსავლების სამსახური კი სხვა კუთხით უყურებს. დავუშვათ, მთელი წელიწადი შეიძლება ადამიანი არ ღებულობდეს ხელფასს და 6 თვის ნამუშევარი ერთბაშად მიიღოს. ჩვენ კი გვაინტერესებს, კვარტლების მიხედვით რამდენი იყო, რომელ თვეზე დაირიცხა, [შემოსავლის სამსახურის მონაცემებში] კი შეიძლება გადაცდომები იყოს”;

“არის კიდევ ერთი ფაქტორი: როდესაც ჩვენ ვანგარიშობთ, ნახევარ განაკვეთზე მომუშავე ადამიანს აუცილებლად ნახევარ განაკვეთზე აღვრიცხავთ. შემოსავლების სამსახურში კი ადამიანს შეიძლება ერთი საათით, ერთი დღით ჰქონდეს ნამუშევარი და ისე იყოს თანხა მითითებული… ანუ არ არის დროის პროპორციულად გათვლები გაკეთებული. 5 დღისას და 1 თვისას ვერ შეადარებ. ყველაფერი უნდა იყოს სრული განაკვეთის ეკვივალენტზე გაანგარიშებული”, — დასძენს გვიალავა.

მედიანური მეთოდით კვლევას იგი ალტერნატიულ მეთოდად განიხილავს და ამბობს, რომ ასეთი მეთოდი კარგ სურათს იძლევა, რამდენი ადამიანი ღებულებს კონკრეტული რიცხვის ფარგლებში ხელფასებს. ამასთანავე, როგორც იგი ნეტგაზეთს ეუბნება: 

“ჩვენ გვინდა ექსპერტების მოწვევა და განხილვა, თუ როგორ გადავიდეთ მედიანურზე”, თუმცა ეს, მისი თქმით, “დამატებით ფინანსებთან არის დაკავშირებული”.

ნახეთ საქსტატის დამატებითი პასუხი ამ საკითხზე:

როგორ ითვლიან საშუალო ხელფასს საქართველოში – მხარეთა დამატებითი არგუმენტები

მასალების გადაბეჭდვის წესი