კერძოდ, ცვლილებების თანახმად, მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 260–ე მუხლის 1 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნუსხიდან, როგორიცაა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა, ან გასაღება – ამოღებული იქნება გასაღების ნაწილი და მას ცალკე მუხლი დაარეგულრიებს. თუმცა ჩამოთვლილ დანაშაულებებისთვის სასჯელი არ იცვლება და ის კვლავ 11 წლამდე პატიმრობით განისაზღვრება.
260–ე მუხლს ასევე ემატება 11 პუნქტი, რომლის მიხედვით, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე.
გარდა ამისა, ამ მუხლის პირველი ან 11 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: დიდი ოდენობით; წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; არაერთგზის; იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ კოდექსის ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან რვა წლამდე.
ამ ცვლილების მიხედვით, გამოდის, რომ თუ პირს, რომელმაც კანონის ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალიწინებული დანაშაული ჩაიდინა დამამძიმებელი გარემოებით, უფრო ნაკლები სასჯელი ექნება.
EMC-ის იურისტი გურამ იმნაძე მიიჩნევს, რომ საქმე ტექნიკურ შეცდომასთან გვაქვს, რადგან არ შეიძლება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელი ნაკლები იყოს:
“აქ რაღაც ხარვეზი არის, კანონპროექტის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი 11 წლამდეა, ხოლო მეორის, რომელიც დამამძიმებელ გარემოებებს ეხება, 8 წლამდე, ეს ნიშნავს, რომ პირველი ნაწილის სანქცია აუცილებლად შემცირდება. ეს მექანიკური შეცდომა არის. “
მისივე მოსაზრებით, წარმოდგენილი ცვლილებები რაღაც კუთხით ლიბერალიზაციაა:
“ლიბერალიზაცია რაღაც კუთხით ხდება, ისეთი მკაცრი სასჯელები აღარ არის. მთავარი პრეტენზია, რაც აქამდე 260–ე მუხლთან გვქონდა, არის ის, რომ ერთმანეთისგან გაუმიჯნავია გასაღება და პირადი მიზნით შეძენა–შენახვა, ეს ამ ცვლილებებით გაიმიჯნება”.
იმნაძე ამბობს, რომ სხვა შენიშვნები აქვთ:
“მაგალითად, მოხმარებისთვის ერთიდან თერთმეტ წლამდეა თავისუფლების აღკვეთა ამ მუხლის 1 ნაწილით, რომელიც პირადი მიზნით შეძენა-შენახვას ეხება და მეორე მუხლით, დიდი ოდენობის აღმოჩენის შემთხვევაში სამიდან რვა წლამდეა სასჯელი. სასჯელი 10 წლამდე მაინც უნდა იქნას დაწეული, რათა დანაშაული განსაკუთრებით მძიმე დანაშაულად არ ითვლებოდეს”.
მისი თქმით, ნარკოტიკების გასაღებაზე უნდა იყოს ადეკვატურად მკაცრი სასჯელი და ნორმალურია, რაც არის წარმოდგენილი კანონპროექტში.
ცხვლილებების თანახმად, გასაღების და მოხმარების გამიჯვნის მიზნით კანონს ემატება 2601. მუხლი. კერძოდ, ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო გასაღება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან თერთმეტ წლამდე.
იგივე ქმედება ჩადენილი: დიდი ოდენობით ; წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; არაერთგზის; იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ კოდექსის ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით შვიდიდან თოთხმეტ წლამდე.
იუსტიციის მინსიტრის მოადგილე სანდრო ბარამიძე განმარტავს, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი სისხლის სამართლის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორის სააკორდინაციო საბჭომ მოამზადა, ხოლო ნარკოდანაშულთან დაკავშირებულ ცვლილებებზე სხვა ჯგუფი მუშაობს:
“სამინისტროში არსებობს ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, ნარკოპოლიტიკის შემუშავება მისი კომპეტენციაა, ეს ჯგუფი ამ დარგის ექსპერტებითაა დაკომპლექტებული. “
იუსტიციის სამინისტრო სისხლის სამართლის კოდექსის ზოგადი და კერძო ნაწილების გადასინჯვას ევროკავშირთან 2011–2014 წლების საბიუჯეტო პროგრამის ფარგლებში ახორციელებს. სამინისტრო ვალდებულია მომზადებული კანონპროექტი ევროპის საბჭოს ექსპერტს გადაუგზავნოს:
“მან უნდა მოგვცეს დასკვნა, ჩვენ როცა ეს დასკვნა გვექნება, ვნახავთ, მისი მოსაზრებების საფუძველზე რა უნდა შევცვალოთ და რა არა. ამ პროცესის დასრულების შემდეგ, სავარაუდოდ, საშემოდგომო სესიაზე დავარეგისტრირებთ კანონპროექტს პარლამენტში,”-აღნიშნავს ბარამიძე.

