“იუსტიციის სამინისტრო მუშაობს ცვლილებებზე სისხლის სამართლის კოდექსის ლიბერალიზაციის და მოდერნიზაციის კუთხით. სისხლის სამართლის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორის სააკორდინაციო საბჭოზე უკვე დამტკიცდა კანონპროექტი. ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან ფართო ცვლილებებზე,”– ამბობს იუსტიციის მინისტრის მოადგილე სანდრო ბარამიძე.

 

ცვლილებების თანახმად, იცვლება სისხლის სამართლის კოდექსის 59–ე მუხლის მეორე ნაწილი, რომელიც ამჟამად მოქმედი რედაქციის მიხედვით, დანაშაულის ერთობლიობის დროს უფრო მკაცრი სასჯელის მიერ ნაკლებად მკაცრის შთანთქმას ითვალისწინებს, ხოლო სამინისტროს შემოთავაზებული ვარიანტის თანახმად,  „დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრ,  ან იგივე ზომის სასჯელს, ან სასჯელები ნაწილობრივ, ან მთლიანად შეიკრიბება. სასჯელთა ნაწილობრივ ან მთლიანად შეკრების შემთხვევაში,  საბოლოოდ დანიშნული სასჯელი არ უნდა აღემატებოდეს ჩადენილ დანაშაულთა შორის ყველაზე მძიმე დანაშაულისთვის გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელისა და მისი ნახევრის ჯამს“.

 

ბარამიძე 1999 წელს მიღებულ სისხლის სამართლის კოდექსს იხსენებს და განმარტავს, რომ იმ ვარიანტში სასჯელთა ერთობლიობის შემთხვევაში გათვალისწინებული იყო სასჯელთა მთლიანი ან ნაწილობრივი შეკრება, ან შთანთქმა:

 

“ნაციონალური მოძრაობის დროს მთლიანად ამოიღეს შთანთქმა და დატოვეს უპირობო შეკრება. ეს მეტისმეტად მკაცრი მიდგომა იყო გამომდინარე მათი ნულოვანი ტოლერანტობის პრინციპიდან. ჩვენ მიგვაჩნია, რომ როგორც უპირობო შეკრება, ასევე უპირობო შთანქმა არ არის სწორი. უპირობო შთანთქმა ფაქტობრივად იმას ნიშნავს, რომ დამნაშავე როდესაც ერთ დანაშაულს სჩადის, შეიძლება ჩაიდინოს მეორე და მესამე დანაშაული, რადგან ეცოდინება, რომ მხოლოდ ერთი დანაშაულისთვის დაისჯება. ეს სწორი მიდგომა არ არის და ეს მხოლოდ ჩვენი შეხედულება არ არის. ასეთი არის სისხლის სამართლის რეფორმის უწყებათაშორისი საბჭოს მიდგომა, რომელშიც სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, უცხოური ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და ა.შ.”

 

მინისტრის მოადგილე მიიჩნევს, რომ ცვლილებებით მოსამართლის უფლებამოსილება იზრდება:

 

“შეიძლება შეიკრიბოს მთლიანად, ან ნაწილობრივ, ან ყველაზე დიდმა შთანთქოს ყველა დანარჩენი. ეს იქნება დამოკიდებული ყველა ცალკე აღებულ შემთხვევაზე, იქიდან გამომდინარე, ვინ არის კონკრეტულ შემთხვევაში დამნაშავე, რა ქმედება ჩაიდინა, როგორი იყო ამ ქმედებების საზოგადოებრივი საშიშროება, როგორი იყო დამნაშავის პიროვნება, აღიარებს ის დანაშაულს, თუ არ აღიარებს, ინანიებს, თუ არა. მოსამართლის დისკრეცია და მისი დამოუკიდებლობაც გაიზრდება, რადგან ის არ იქნება იმაზე დამოკიდებული, თუ რას ეუბნება კანონმდებელი. მას ექნება შესაძლებლობა, რომ საქმის გარემოებებიდან გამომდინარე დაადგინოს, რომელი პრინციპი უნდა მიუსადაგოს.”

 

ბარამიძე ასევე ინიციატივის გარშემო გამართულ დისკუსიას ეხმაურება:

 

“ეს არაჯანსაღი აჟიოტაჟი, განსაკუთრებით იმ ხალხისგან, რომლებმაც შემოიტანეს საშინელი, უპირობო შეკრებითობის პრინციპი, არის მცდელობა, რომ ხალხი შეიყვანონ შეცდომაში.”

 

 

იუსტიციის სამინისტრო სისხლის სამართლის კოდექსის ზოგადი და კერძო ნაწილების გადასინჯვას ევროკავშირთან 2011–2014 წლების საბიუჯეტო პროგრამის ფარგლებში ახორციელებს. სამინისტრო ვალდებულია მომზადებული კანონპროექტი ევროპის საბჭოს ექსპერტს გადაუგზავნოს:

 

 

“მან უნდა მოგვცეს დასკვნა, ჩვენ როცა ეს დასკვნა გვექნება, ვნახავთ, მისი მოსაზრებების საფუძველზე რა უნდა შვცვალოთ და რა არა. ამ პროცესის დასრულების შემდეგ, სავარაუდოდ, საშემოდგომო სესიაზე დავარეგისტრირებთ კანონპროექტს პარლამენტში.”

 

 

 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *