ახალი ამბები

ნაზი ჯანეზაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე შვილთან ერთად მივიდა

24 დეკემბერი, 2018 • 4564
ნაზი ჯანეზაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე შვილთან ერთად მივიდა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი დღეს, 24 დეკემბერს, გამართულ სხდომაზე ბავშვთან ერთად მივიდა.

ჟურნალისტებთან საუბარში ჯანეზაშვილი განმარტავს, რომ სხდომაზე შვილის მიყვანა მისი მხრიდან ერთგვარი პროტესტია.

“დღეს იუსტიციის საბჭოში ბავშვთან ერთად მოვედი, ჩემი შვილი არის ორი თვის და როცა ის გაიზრდება, სამწუხაროდ, სასამართლო სისტემა ისევ ჩინჩალაძის კლანის ხელში იქნება. ჩვენ ვიცით, რომ გვრიტიშვილები, ნადარაიები არიან დანიშნული 65 წლის ასაკამდე. ეს ნიშნავს იმას, რომ როდესაც ჩემი შვილი გაიზრდება და გახდება 25 წლის, ისევ ამ კლანის ხელში იქნება სასამართლო სისტემა.

რომ წარმოიდგინოთ, 90-იან წლებში რამდენად კორუმპირებული იყო სასამართლო სისტემა და დღეს რომ იგივე ხალხი მართავდეს, ნათლად შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რა მოხდება 25 წლის შემდეგ. ამიტომ მოვედი დღეს ჩემს შვილთან ერთად. დღეს დღის წესრიგში არის საკითხი, რომელიც უზენაესი სასამართლოს წევრების არჩევას ეხება. უზენაესი სასამართლო ჩვენი მოქალაქეების უკანასკნელი იმედია. მივიღებთ იმას, რომ ისიც ჩინჩალაძის კლანის ხელში აღმოჩნდება”,” – ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი.

ჯანეზაშვილი განმარტავს, რომ უზენაესი სასამართლოს წევრების არჩევის საკითხის შეტანა იკითხება იმგვარად, რომ ისინი აპირებენ უზენაესი თავმჯდომარეობის კანდიდატი დაასახელონ.

“ნებისმიერ შემთხვევაში, ეს იქნება წევრების დასახელება თუ თავმჯდომარის, ვფიქრობ, სამართლიანობის პრონციპი დაცული უნდა იყოს, არ დაასახელონ დღეს კანდიდატი, რადგან არ შეიძლება მომავალი მოვუსპოთ ამ ქვეყანას. მნიშვნელოვანია, ყველას მივცეთ შესაძლებლობა, კონკურსში მონაწილეობა მიიღოს”,” – ამბობს ჯანეზაშვილი.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს ასახელებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი