ახალი ამბები

EMC-ს იურისტის თქმით, მოშიმშილე პატიმრის მოსანახულებლად სტაციონარში არ შეუშვეს

22 დეკემბერი, 2018 • 1884
EMC-ს იურისტის თქმით, მოშიმშილე პატიმრის მოსანახულებლად სტაციონარში არ შეუშვეს

“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის”(EMC) იურისტი, ანა ნასრაშვილი, მოშიმშილე პატიმართან, ირაკლი ჩხეიძესთან სამკურნალო დაწესებულებაში არ შეუშვეს. ამის შესახებ მან “ნეტგაზეთთან” საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მე-18 პენიტენციურ(სამკურნალო) დაწესებულებაში მისულს უთხრეს, რომ შაბათ-კვირას მსჯავრდებულებთან ადვოკატებსაც არ უშვებენ.

“როგორც თქვეს, შაბათ-კვირას ადვოკატების შეშვებაც არ ხდება და რაღაც საშვი იყო დასაშვები. მომთხოვეს პროკურატურიდან ნებართვა, რომელზეც თვითონ პროკურატურამ არ იცოდა საერთოდ, რომ ეს მათი კომპეტენცია იყო”, – აღნიშნა მან.

ნასრაშვილი მსჯავრდებულის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის ზუსტი დროის გარკვევასაც შეეცადა და ამის შესახებ ჰკითხა როგორც გლდანის მერვე საპყრობილის თანამშრომელს, ისე ირაკლი ჩხეიძის ექიმს. იურისტი აცხადებს, რომ ცნობები ურთიერთგამომრიცხავია:

“შეგვხვდა ექიმი, რომელმაც განგვიცხადა, რომ [სამკურნალო დაწესებულებაში] გადაყვანილი იყო დღეს. დრო რომ დავაკონკრეტებინე, მითხრა, რომ 16:30-ზე იყო შესული. მანამდე, პენიტენციური დაწესებულების სხვა თანამშრომელთან მქონდა კომუნიკაცია, რომელმაც მითხრა, რომ 10-დან 11 საათამდე იყო შეყვანილი. დროში თვითონაც აცდენები ჰქონდათ”.

პატიმრის სტაციონარში გადაყვანის ზუსტი დროის გარკვევას “ნეტგაზეთიც” ცდილობდა. სპეციალური პენიტენციური სამსახურის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ირაკლი ჩხეიძე სამკურნალო დაწესებულებაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პრესრელიზის გავრცელებამდე ცოტა ხნით, დაახლოებით, ნახევარი საათით ადრე გადაიყვანეს. პრესრელიზი კი მედიასაშუალებებს, მათ შორის, “ნეტგაზეთს”, დაახლოებით, 14:40-ზე გამოეგზავნათ.

“ნეტგაზეთი” ისევ ცდილობს უწყების პრესსამსახურთან აღნიშნული დეტალის დაზუსტებას.

EMC მოშიმშილე მსჯავრდებულის საქმეს უკვე სწავლობს. ორგანიზაცია გეგმავს, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს ნარკოტიკული საშუალების დოზასთან – 0.000305 MDMA-სთან  დაკავშირებით, რომლის გამოც ირაკლი ჩხეიძეს 6 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დღეს, 22 დეკემბერს, ინფორმაცია გაავრცელა მსჯავრდებულ ირაკლი ჩხეიძის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელიც გლდანის მერვე საპყრობილეში 28-ე დღეა, საპროცესო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით შიმშილობს.

უწყება აცხადებს, რომ ჩხეიძეს პენიტენციური სამსახური სათანადო სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფს, “თუმცა დღემდე მსჯავრდებული სამედიცინო დახმარებაზე უარს აცხადებდა”.

უწყების ცნობით, 21 დეკემბერს ჩხდეიძე ერთჯერადად გასინჯეს და ის პირღებინებას უჩიოდა, გლუკოზა სისხლში შეადგენდა 97-ს, ტემპერატურა 37.6-ს, წონა კი – 52 კგ-ს.

21 დეკემბერსვე ჩხეიძე ომბუდსმენის წარმომადგენელმა მოინხარულა. მსჯავრდებულის ცოლი თინა კობეშავიძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას სახალხო დამცველის წარმომადგენელზე დაყრდნობით ამბობს, რომ პატიმარი არის მძიმედ, სრულფასოვნად ვერ საუბრობს და ლაპარაკის დროს ქოშინებს.

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა სახალხო დამცველის პრესსამსახურსაც, სადაც ამცხადებენ, რომ საკითხის შესწავლას განაგრძობენ.

მოშიმშილე პატიმარი სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს – პენიტენციური სამსახური

მასალების გადაბეჭდვის წესი