ISIS-თან ბრძოლაში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი პოსტს ტოვებს

ბრეტ მაკგურკი, ISIS-ის დასამარცხებლად გლობალურ კოალიციაში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი (ელჩი) პროტესტის ნიშნად თანამდებობას ტოვებს.

მაკგურკი, “ვაშინგტონ პოსტის” თანახმად, ამ ნაბიჯით პროტესტს გამოხატავს აშშ-ის მიერ სირიიდან ჯარის გამოყვანის გამო.

“პოსტის” თანახმად, ეროვნული უსაფრთხოების სხვა გამოცდილი სპეციალისტებიც ტოვებენ თანამდებობას. მაგალითად, ამავე მიზეზის გამო თავდაცვის მდივნის თანამდებობა დატოვა გენერალმა ჯიმ მატისმა.

11 დღის წინ მაკგურკმა განაცხადა, რომ არაგონივრული იქნება, მივიჩნიოთ, თითქოს “ისლამური სახელმწიფო” დამარცხებულია; მისი აზრით, ამერიკელი ჯარისკაცების სირიიდან უკან გამოგზავნა ცუდი გადაწყვეტილებაა.

მაკგურკს გადაწყვეტილი ჰქონდა, 2019 წლის თებერვალში დაეტოვებინა თანამდებობა, თუმცა თეთრი სახლის ამ გადაწყვეტილების გამო პოსტი უფრო ადრე დატოვა. ოფიციალურად იგი პოსტს 31 დეკემბერს დატოვებს.

იგი პოსტზე პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დანიშნა 2015 წელს.

სირიიდან აშშ-ის ჯარების გამოყვანა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სურვილი იყო. იგი დიდი ხანია ამბობდა, რომ აშშ სირიაში აღარ უნდა იყოს.

ამჟამად სირიაში 2 000 ამერიკელი ჯარისკაცი იმყოფება. ისინი ძირითადად ადგილობრივ ძალოვანებს წვრთიან ISIS-სთან საბრძოლველად.

ტრამპა 19 დეკემბერს დატვიტა, რომ ISIS სირიაში უკვე დაამარცხეს და აშშ-ის სირიაში ყოფნის ერთადერთი მიზეზიც ამ დაჯგუფებასთან ბრძოლა იყო.

ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ აშშ მზადაა, “ყველა დონეზე ხელახლა ჩაერთოს საქმეში, რათა დაიცვას ამერიკის ინტერესი, როდესაც საჭირო იქნება”.

აშშ-ის ეს გადაწყვეტილება პენტაგონისა და სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური ხაზისგან განსხვავდება. იგი საფრთხეში ტოვებს ვაშინგტონის მხარდამჭერებს ქურთისტანის მხარეში.

აშშ-ს სირიიდან სამხედროები გაჰყავს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია 2018 წლის 1 სექტემბრიდან არის ნეტგაზეთის რეპორტიორი. ის ადრეც მუშაობდა ნეტგაზეთში — 2016 წლის მაისიდან 2017 წლის თებერვლამდე. Email: lukapertaia@gmail.com