ახალი ამბები | , ,

გამსახურდიას საქმის გამოძიების ხანდაზმულობის ვადა 5 წლით ხანგრძლივდება — ბესელია და მდინარაძე

22 დეკემბერი, 2018 | | 1470
გამსახურდიას საქმის გამოძიების ხანდაზმულობის ვადა 5 წლით ხანგრძლივდება — ბესელია და მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები, ეკა ბესელია და მამუკა მდინარაძე აცხადებენ, რომ ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიების ხადაზმულობის ვადა 5 წლით გახანგრძლივდება.

“ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და დაჩქარებული წესით განვიხილავთ ვადის გაგრძელების საკითხს”, – განაცხადა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ 22 დეკემბერს.

ზვიად გამსახურდიას შვილებმა, კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიებმა საქმის გამოძიებისა და მკვლელის დასჯის მოთხოვნით მთავარ პროკურატურასთან შიმშილობა 14 დეკემბერს დაიწყეს.

ბესელიამ გამსახურდიას საქმეს უწოდა “მნიშვნელოვანი და რეზონანსული საქმე, რომლის მიმართაც არის დიდი საზოგადოებრივი და საჯარო ინტერესი”. მისივე თქმით, ხანდაზმულობის ვადის გაგრძელება შეეხება “ყველა იმ საქმეს, რომელიც ექვევა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის კატეგორიაში”.

მამუკა მდინარაძემ საქმის გაგრძელებას “მორალური ვალდებულება” უწოდა:

“ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური ან სისხლის სამართლებრივი გადაწყვეტილება, ეს არის მორალური ვალდებულება, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვნად ჩავთვალოთ ეს არგუმენტი და გავახანგრძლივოთ ამ ეტაპზე 5 წლით ხანდაზმულობის ვადა, რაც ამ ეტაპზე მიმდინარე პრობლემას აღმოფხვრის”, – თქვა მდინარაძემ.

გამსახურდიების თანახმად, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმეზე 2018 წლის 31 დეკემბერს გასდის 25-წლიანი ხანდაზმულობის ვადა და რადგან ამ პერიოდის განმავლობაში პროკურატურას, ბრალდებული არ ჰყავს, საქმე იხურებოდა.

ცოტნე გამსახურდია. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი