ახალი ამბები

როდის ექნება საქართველოს ნოემბრისთვის დაანონსებული ევროინტეგრაციის საგზაო რუკა

21 დეკემბერი, 2018 • 1827
როდის ექნება საქართველოს ნოემბრისთვის დაანონსებული ევროინტეგრაციის საგზაო რუკა

საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკას, სავარაუდოდ, 2019 წლის დასაწყისში მიიღებენ.

როგორც “ნეტგაზეთს” საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელმა არჩილ ყარაულაშვილმა განუცხადა, შემუშავებულია დაახლოებით 170-გვერდიანი დოკუმენტის სამუშაო ვერსია, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტრომ არასამთავრობო სექტორს გააცნო და ახლა მათ რეკომენდაციებს ელოდება. ყარაულაშვილი ვარაუდობს, რომ საგზაო რუკა მომავალი წლის იანვარში იქნება მზად მთავრობის მიერ დასამტკიცებლად.

“ამ ეტაპზე გვქონდა შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ვთხოვეთ მათ, რომ მოგვაწოდონ თავიანთი შენიშვნები და ველოდებით წინადადებებს. ვვარაუდობთ, რომ იანვარში გვექნება როგორც შენიშვნები, ისე ჩვენი პოზიცია ამ შენიშვნების  მიმართ”, – განაცხადა ყარაულაშვილმა.

მისი თქმით, დოკუმენტი ყველა იმ მექანიზმის კონსოლიდაციას მოახდენს, რომელიც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით გააჩნია, ასოცირების ხელშეკრულების ჩათვლით.

“თუმცა ასოცირების ხელშეკრულება მეორე პლანზე არანაირად არ გადაიწევს. ის იქნება საერთო სამოქმედო გეგმის ნაწილი და აუცილებლად სრულფასოვნად განვახორციელებთ. თუმცა ჩვენ ვგეგმავთ, იმაზე უფრო შორს წავიდეთ, ვიდრე ასოცირების შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებებია. ზუსტად ეს არის საგზაო რუკის ერთ-ერთი ძირითადი ღირებულება – ყველა შესაძლებლობა გამოვიყენოთ ევროკავშირთან მაქსიმალურად დასაახლოებლად”, – ამბობს ყარაულაშვილი.

საგზაო რუკაში აქცენტი ძირითადად გაკეთდება ევროკავშირთან სექტორული მიმართულებებით დაახლოებაზე.

“ფიზიკური ინტეგრაცია ევროკავშირთან, სექტორებში ევროკავშირის ნორმების და სტანდარტების დანერგვა აუცილებელი ელემენტია ჩვენი ევროკავშირში შემდგომი გაწევრიანებისთვის.  რაც უფრო მალე განვახორციელებთ ამ ყველაფერს, მით უფრო მნიშვნელოვანია, თუმცა ყველაფრის განხორციელებაც არ შეიძლება – ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს ეკონომიკას თავისი სპეციფიკა აქვს. შესაბამისად, სიახლეები აუცილებლად იქნება ჩვენს რეალობაზე მორგებული”, – აღნიშნა ყარაულაშვილმა.

ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკაში არ იქნება რაიმე დათქმა ან მინიშნება არათუ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების სამიზნე თარიღზე, არც იმ ვადებზე, თუ როდის გააკეთებს საქართველო ოფიციალურ განაცხადს გაწევრიანების თაობაზე.

“დოკუმენტის მიზანი, რა თქმა უნდა, არის, რომ გავწევრიანდეთ ევროკავშირში. ვადები არ იქნება მოყვანილი. განაცხადის ვადებზეც არ იქნება საუბარი. მიდგომა ასეთია, რომ მაქსიმალურად მზად ვიყოთ ჩვენი რეფორმებით  იმისთვის, რომ როცა გამოჩნდება პოლიტიკური ფანჯარა განაცხადის წარმატებულად გაკეთებისთვის (თორემ დღესაც შეიძლება  წარუმატებლად გაკეთება), ჩვენ ეს შესაძლებლობა გამოვიყენოთ”, – განაცხადა არჩილ ყარაულაშვილმა და დასძინა, რომ დოკუმენტი მოემსახურება საქართველოს მზაობას  სამომავლო პოლიტიკური ნაბიჯებისთვის.

საქართველოს მთავრობამ ჯერ კიდევ 2017 წელს განაცხადა ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის (ROADMAP2EU) შემუშავების დაწყების შესახებ. მიმდინარე წლის მაისში  დამტკიცდა დოკუმენტის კონცეფცია, თავად საგზაო რუკის და სამოქმედო გეგმის მიღების სავარაუდო თარიღად კი 2018 წლის ნოემბერი დასახელდა.

“ჩვენი ამოცანაა, რომ საგზაო რუკა, შესაბამისი სამოქმედო გეგმებით, შემუშავებული იქნას მიმდინარე წლის ბოლომდე და, სავარაუდოდ, ნოემბერში უკვე საბოლოო სახით წარვუდგინოთ საზოგადოებას“, – განაცხადა მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ.

ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის დევიზია „მეტი ინტეგრაცია ახალი შესაძლებლობებისთვის“. დოკუმენტი, რომელზეც მუშაობა მიმდინარეობს, მიზნად ისახავს ევროკავშირთან თანამშრომლობის არსებული მექანიზმების, ასევე „ასოცირების შესახებ შეთანხმების“ მიღმა არსებული შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოყენებას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს მომზადებას ევროკავშირში შემდგომი ინტეგრაციისათვის.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკა დაეყრდნობა შემდეგ პრიორიტეტულ მიმართულებებს:

  • ასოცირების დღის წესრიგისა და ასოცირების შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის კომპონენტის ჩათვლით, სრული და ეფექტიანი იმპლემენტაცია;
  • ევროკავშირთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება;
  • დემოკრატიული განვითარება და სექტორული ინტეგრაცია;
  • ევროკავშირთან ფიზიკური ინტეგრაციის გაღრმავება ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროში;
  • ევროკავშირის პროგრამებსა და სააგენტოებში საქართველოს მონაწილეობის გაფართოება;
  • „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში არსებული შესაძლებლობების ეფექტიანი გამოყენება, მათ შორის „აღმოსავლეთ პარტნიორობის 20 შედეგი 2020 წლისთვის“ დოკუმენტით გათვალისწინებული შედეგების განხორციელება;
  • საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან თავსებადობის ანალიზი და შემდგომი ნაბიჯების განსაზღვრა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი