ახალი ამბები

გიგი უგულავა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე მივიდა

30 ივნისი, 2014 • • 1235
გიგი უგულავა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე მივიდა

უგულავას განცხადებით, მისთვის უცნობია, რა საქმესთან დაკავშირებით დაიბარეს დაკითხვაზე. მან ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ მისი დაკითხვაზე დაბარებით მთავობამ მისივე შემოღებული მორატორიუმი დაარღვია:

 

“რა უნდათ, კონკრეტულად არ ვიცი. ვერ მოითმინეს და თავისივე შემოღებული მორატორიუმი მთავობამ დაარღვია. ამას ვუკავშირებ შიშს, რომელიც თბილისში მეორე ტურთან დაკავშირებით აქვთ. ნახეთ გუშინ განმეორებითი კენჭისყრები, ნახეთ, რომ სადაც ინტერესი გვქონდა, გავიმარჯვეთ. ვგულისხმობ ბათუმის ოლქს და ხონს. ასევე, ვუკავშირებ იმას, რომ ევროსაბჭოს რეგიონთა ანსამბლეაში მქონდა დაგეგმილი გამოსვლა. უნდა წარმომედგინა მთელი ის მასალები, რაც რეგიონში არჩევნებთან დაკავშირებით არსებობდა. ეს ორგანო აკვირდებოდა არჩევნებს და სრული სურათი უნდა ჰქონოდათ. ძალიან მდაბალი ხალხია და ამ საქციელით ვერაფერს მიაღწევენ,” – განაცხადა უგულავამ. 

 

თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა დაკითხვაზე ადვოკატებთან ერთად შევიდა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან მისი მხარდამჭერები და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები არიან შეკრებილნი. 

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიგი უგულავას მერის უფლებამოსილება 2013 წლის 21 დეკემბერს შეუჩერდა.

 

გიგი უგულავას ახალი ბრალდება  2013 წლის 18 დეკემბერს წარუდგინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით – სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ დედაქალაქის განვითარების მიზნით შექმნილი ა(ა)იპ „თბილისის განვითარების ფონდისთვისათვის“ გამოყოფილი დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის ფაქტზე.

გიგი უგულავა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე მივიდა, 30.06.2014
გიგი უგულავა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე მივიდა, 30.06.2014

მასალების გადაბეჭდვის წესი