ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ქალები ყარაბაღში

30 ივნისი, 2014 • • 1615
ქალები ყარაბაღში

ახლა სიტუაცია განსხვავებულია. 2012 წლიდან, როდესაც ბაკო სააკიანი ხელმეორედ აირჩიეს, ყველაფერი შეიცვალა: თუკი ადრე სოციალური უზრუნველყოფის, იუსტიციის, ურბანული განვითარების და კულტურის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროებს ქალები ხელმძღვანელობდნენ, 2012 წლის შემდეგ გენდერული ბალანსი მხოლოდ მცირე ხნით შენარჩუნდა: ერთი მათგანი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ დაინიშნა (სხვათა შორის, ყარაბაღის ისტორიაში ამ პოსტზე ქალის დანიშვნა პირველად მოხდა). 2014 წელს კი კიდევ ერთი ქალი დაემშვიდობა მინისტრის პორტფელს, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის პოსტიდან გათავისუფლდა. დღესდღეობით ყარაბაღს მხოლოდ ერთი ქალი მინისტრი ჰყავს, რომელიც კულტურის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობს.

ეროვნულ კრებაში (პარლამენტში), რომელიც 33 დეპუტატისგან შედგება, 4 ქალია, რომლებიც უმრავლესობაში მყოფ 2 პარტიას წარმოადგენენ.

სტეპანაკერტში, სახელმწიფო დაწესებულებაში მომუშავე ქალმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ არასოდეს შექმნია რაიმე წინააღმდეგობა თავის კარიერაში იმის გამო, რომ ქალია:

“ჩემთვის არასდროს უთქვამთ, რომ არ მენდობიან, ან ამ თანამდებობას თავს ვერ გავართმევ. ვფიქრობ, ყარაბაღში ამ კუთხით პრობლემები არ არსებობს: თუკი ქალს სურს გაიკეთოს კარგი კარიერა, მას შეუძლია წარმატების მიღწევა, თუ აქვს შესაბამისი ცოდნა, მართვის უნარ-ჩვევები და პრინციპები. და რაც მთავარია, თუკი ის არის მიზანდასახული”.

ქალები ყარაბაღში შედარებით უფრო მრავლად არიან წარმოდგენილნი საზოგადოებრივ სექტორში, ასევე, ჟურნალისტიკაში, იმის მიუხედავად, რომ ყარაბაღში დამკვიდრებულია სტერეოტიპი, რომ ჟურნალისტიკა ქალის პროფესია არ არის.

მართალია, ყარაბაღში ოფიციალური მონაცემებით თანდათან მცირდება უმუშევრობის დონე (მაგალითად, 2009 წელს 5.7% იყო, 2014-ში კი 4%-ია), მაგრამ უმუშევრების უმრავლესობას მაინც ქალები შეადგენენ.

სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურის მონაცემებით, 2013 წლის მდგომარეობით დარეგისტრირებული უმუშევრების 98.2% ქალები არიან. უმუშევარი ქალების 62.1%-ს საშუალო ზოგადი განათლება აქვს მიღებული, ხოლო 67.2%-ის ასაკი 30-50 წელია.

ეს ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებია, რომლის მიღმაც ის პრობლემები და სტერეოტიპები დგას, რასაც ქალები აწყდებიან.

სტერეოტიპი, რომ ქალები სუსტი სქესის წარმომადგენლები არიან, ნაწილობრივ შეცვალა ყარაბაღის ომმა, რომელშიც ბევრი ქალიც მონაწილეობდა. ქალები მონაწილეობდნენ ყარაბაღის მოძრაობაში, რომელიც 1988 წელს დაიწყო, ომამდე. ომის შემდგომ წლებში ქალის სისუსტის შესახებ სტერეოტიპი იმ კუთხითაც დაიმსხვრა, რომ ბევრმა ქალმა დაიწყო ფულის შოვნა და ოჯახების შენახვა: მთელი ტვირთი მათ დააწვათ, განსაკუთრებით მათ – ვისი ქმარიც ომში დაიღუპა, ან დაშავდა.

ქალები ყარაბაღის ომში
ქალები ყარაბაღის ომში

 

დღესდღეობით, შედარებით მშვიდობიან პერიოდში, ყარაბაღში ქალებს სხვა ტიპის პრობლემები აქვთ, თუმცა ამაზე ღიად არ საუბრობენ. მიზეზი შესაძლოა ისიც იყოს, რომ თითქმის არ არსებობს ქალთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია. ყარაბაღში დაახლოებით 150 არასამთავრობო ორგანიზაცია ფუნქციონირებს და მათ შორის მხოლოდ 1-2 თუ მუშაობს ქალთა საკითხებზე.

2012 წლის ბოლოს არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო ინიციატივების ცენტრი” ახორციელებდა გენდერულ პროექტს, სახელწოდებით “ქალების როლის გაძლიერება მშვიდობის მშენებლობაში სამხრეთ კავკასიის რეგიონში”. პროექტის ფარგლებში არა მხოლოდ მრგვალი მაგიდები იმართებოდა ქალების მონაწილეობით, არამედ ჩატარდა კვლევაც. ეს, შეიძლება ითქვას, ერთადერთი კვლევაა ამ სფეროში, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ განხორციელდა ყარაბაღში.

კვლევის ფარგლებში ოჯახური ურთიერთობების შესახებ 21 შეკითხვა დაუსვეს გამოკითხვის მონაწილეებს. გამოკითხული იქნენ სტეპანაკერტისა და ოთხი რაიონის მცხოვრები ქალები. როგორც კვლევამ აჩვენა, გამოკითხული ქალები მიიჩნევენ, რომ ოჯახში კაცის როლი უფრო დომინანტურია (აქ ტრადიციის მიხედვით, ოჯახის უფროსად კაცი ითვლება). ასევე, კვლევის მიხედვით, ყარაბაღის საზოგადოებაში ქალის როლი ძირითადად დაკავშირებულია დიასახლისთან: ის არის შთამომავლობის გამგრძელებელი, ერთგული ცოლი, მზრუნველი დედა, მომთმენი, დამთმობი, სულგრძელი.

ყარაბაღის საზოგადოებაში ქალის როლი ძირითადად დაკავშირებულია დიასახლისთან
ყარაბაღის საზოგადოებაში ქალის როლი ძირითადად დაკავშირებულია დიასახლისთან

 

გამოკითხულთა 12% მიიჩნევს, რომ პოლიტიკის სფეროში არის სერიოზული პრობლემები ქალისა და მამაკაცის უთანასწორობის კუთხით. ისინი მიიჩნევენ, რომ საჭიროა ახალი კანონები, რაც ხელს შეუწყობს სახელმწიფო მართვის სფეროში ქალების ჩართულობას.

აღსანიშნავია, რომ ქალი პრეზიდენტისთვის ხმის მისაცემად რესპონდენტების 35%-ია მზად, იმის მიუხედავად, რომ ამ დრომდე არც ერთ ქალ-კანდიდატს არ უყრია კენჭი პრეზიდენტობისთვის.

გამოკითხულთა 28%-ის ვარაუდით, მოლაპარაკების პროცესში მეტ ქალს რომ მიეღო მონაწილეობა, სხვა სურათი იქნებოდა ქვეყანაში, ხოლო 6% დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებაში ქალების მეტი ჩართულობით შესაძლებელი იქნებოდა ომის თავიდან აცილება.

შედარებით უფრო სპეციფიკური პრობლემები აქვთ ყარაბაღში მცხოვრებ დევნილ ქალებს, რაც ძირითადად იმაში გამოიხატება, რომ მათ არ გააჩნიათ საკუთარი საცხოვრებელი ადგილი. ამას გარდა, საზოგადოებაში სრული ინტეგრაციისთვის მათ ხელს უშლის ენის ბარიერი, რუსულენოვანი განათლება, რაც მათ დამატებით პრობლემას უქმნის სამუშაოზე მოწყობაში.

ყარაბაღში მიუღებელია ოჯახში ძალადობაზე ხმამაღლა საუბარი: სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, აქ ქალებს სხვებთან ამაზე საუბრის რცხვენიათ, ბევრი კი ასეთ პირობებში ცხოვრებას მიჩვეულია. ცხადია, არიან ისეთებიც, რომლებიც ამას არ ურიგდებიან, მაგრამ ისინი ან განქორწინებას ირჩევენ, ამ პოლიციას მიმართავენ დახმარებისთვის.

არმინე სარქისიანი სტეპანაკერტში ცხოვრობს. უკვე 12 წელია გათხოვილია, ჰყავს ორი შვილი. მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ ამაზე ყარაბაღში არ საუბრობენ, ბევრ ოჯახში აქვს ადგილი ძალადობას: კაცები ცდილობენ თავიანთი ძალაუფლების დემონსტრირებას, როცა არ აძლევენ ქალს უფლებას თავად გადაწყვიტონ, სად წავიდნენ, როგორ მოიქცნენ და ა.შ.

“ბევრ ოჯახშია ასეთი სიტუაცია, როდესაც ქალს არ შეუძლია ქმრის ნებართვის გარეშე სახლიდან გასვლა, მშობლებთან წასვლა და ა.შ. არსებობს ისეთი ოჯახებიც, სადაც დემოკრატიულად წყდება ყველა საკითხი, მაგრამ ასეთების რიცხვი ძალიან ცოტაა”, – ამბობს არმინე და იქვე დასძენს, რომ ოჯახური პრობლემების გახმაურებით არაფერი შეიცვლება, რადგან დამატებითი პრობლემების თავიდან აცილების მიზნით ქალები დუმილს ამჯობინებენ.

 

ყარაბაღში ოჯახში ძალადობის შესახებ კანონი არ არსებობს. პოლიციის პრესსამსახურის ცნობით, 2014 წლის 1 იანვრიდან 19 ივნისამდე პერიოდში რესპუბლიკის მასშტაბით ოჯახურ-საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარი 11 დანაშაული (ხულიგნობა, ფიზიკური შეურაცხყოფა და სისხლის სამართლის კოდექსის სხვა მსგავსი მუხლები) დარეგისტრირდა, რომელთა ნიადაგზე დაზარალდნენ ქალები. ძირითადად, ეს არის წინასწარ განზრახვით სხეულის დაზიანების მიყენება ქმრის ან ყოფილი მეუღლის მხრიდან. 11 რეგისტრირებული ფაქტიდან 2 საქმის გამოძიება შეწყდა მხარეების შერიგების მიზეზით. ამ საქმეებს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

პოლიციისთვის მიმართვა არის ერთადერთი გზა ქალებისთვის, იბრძოლონ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ, რადგან არ არსებობს არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მოუსმენდა და დაეხმარებოდა მსხვერპლ ქალებს.

ქალების მდგომარეობის შესახებ განსხვავებული მოსაზრებები არსებობს ყარაბაღში, თუმცა ისინი ნამდვილ სურათს ვერ შექმნიან: ეს სფერო სერიოზულ კვლევებს საჭიროებს, რომელთა შედეგებზე დაყრდნობით იქნება შესაძლებელი იმ რეალური სურათის აღწერა, რაც ქალის უფლებების კუთხით არსებობს ყარაბაღში.


სტატია მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


მასალების გადაბეჭდვის წესი