„გარედან ვაკვირდები არჩევნებს, ველოდებით შედეგებს,“- ამბობს მარნეულის 57-ე საარჩევნო უბნის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, მამედ პირიევი, რომლის საარჩევნო უბანშიც 15 ივნისის არჩევნების შედეგები საოლქო კომისიამ ბათილად ცნო. განმეორებით არჩევნებზე ის სოფელ ზემო სარალის საჯარო სკოლაში მდებარე საარჩევნო უბანთან ახლოს თანასოფლელებთან ერთად მთელი საარჩევნო დღის განმავლობაში აკვირდებოდა.
დღეს, 29 ივნისს განმეორებითმა კენჭისყრამ, სადაც სოფელ ზემო სარალისა და ულაშლოს მოსახლეობა მაჟორიტარობის კანდიდატს ირჩევდა, მთლიანობაში მშვიდ გარემო ჩაიარა. საარჩევნო პროცესს თითქმის ყველა მსხვილი ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია აკვირდებოდა. მთელი დღის განმავლობაში თითქმის არცერთ ადგილობრივ დამკვირვებელს საარჩევნო უბანი არ დაუტოვებია. საბოლოო ჯამში, ორივე უბანზე დამკვირვებლებს საჩივარი არ დაუწერიათ.
თუმცა, ინციდენტის გარეშე მარნეულში არჩევნებს მაინც არ ჩაუვლია. დაახლოებით 20-25 წუთის განმავლობაში 57-ე საარჩევნო უბანში მუშაობა სანთლის შუქზე მოუწიათ.
გარდა ამისა, მარნეულის #25 საარჩევნო უბანზე ერთ-ერთ ამომრჩეველს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა არ ჰქონდა, რის გამოც მას საარჩევნო უბანი დაატოვებინეს. ამ ფაქტმა ამომრჩევლის პროტესტი გამოწვია:
იმის მიუხედავად, რომ ამომრჩევლის დიდი ნაწილის დღევანდელი არჩევანი არ იყო ინფორმირებული, ხმის მიცემად დილიდანვე მოსახლეობის დიდი რაოდენობა მივიდა. რამდენიმე საათის განმავლობაში საარჩევნო უბნებთან რიგი არ წყდებოდა. 57-ე საარჩევნო უბანზე 11 საათისთვის უკვე 200-ზე მეტ ამომჩეველს ჰქონდა ხმა მიცემული, დაახლოებით, იმავე რაოდენობის ამომრჩეველი მივიდა 25-ე უბანშიც.
ამომრჩეველთა სიაში სახელები და გვარები ორ ენაზე, ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე დაბეჭედეს, მაგრამ ამომრჩევლის დიდმა ნაწილმა კითხვა არ იცოდა, ამიტომ საკუთარი თავის აღმოჩენაში მათ საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები ეხმარებოდნენ.

მსგავსი სიტუაცია შეიქმნა ხმის მიცემის პროცედურის დროსაც – უმრავლესობამ არ იცოდა, ხმას რომელ კანდიდატს აძლევდა.
„41 ნომერს ვაძლევ ხმას, მთავრობა ეგენი არიან, აბა, სხვას ვის უნდა დავუჭირო მხარი,“- ამბობს ზემო სარალის მკვიდრი ნიარ გიასიმოვი, თუმცა არ იცის იმ კანდიდატის სახელი და გვარი, რომელიც მისი ფავორიტი პარტიის წარმომადგენელია.
ამომჩევლის ნაწილი კი, საარჩევნო კაბინაში შესვლის შემდეგ ამბობდა, რომ არ იცის, რა უნდა გააკეთოს და დახმარებას ითხოვდა.
„მეგონა კაბინაში იქნებოდა გამოკრული რომელ ნომერს უნდა მივცე ხმა, ადრე ასე იყო ხოლმე, ეგრე მახსოვს,“- ამბობს საარჩევნო უბნიდან გამოსული რაშიდი.
მარნეულის 25-ე და 57-ე საარჩევნო უბნებზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ გავრცელებული ვიდეომასალების შემდეგ შედეგები გაუქმდა.
მარნეულის 57-ე საარჩევნო უბნის თავმჯდომარე, მამედ პირიევი ნეტგაზეთთან სატელეფონო საუბარში მაშინ ამბობდა, რომ არ იცის, რა დროს ჩაყარეს ყუთში ბიულეტენები: “ალბათ მაშინ, როდესაც მე გასული ვიყავი შენობიდან.”
კითხვაზე, იცნობს თუ არა იმ პიროვნებას, ვინც გაყალბების ფაქტში უშუალოდ მონაწილეობდა, პირიევი აცხადებდა: “ნაზიმ ალიევია, ძალიან დიდი ხანი არ მყავდა ნანახი, ბაქოში ცხოვრობს. ზუსტად ვიცი, რომ 41 ნომრის მხარდამჭერია. უბანში რა უნდოდა, არ ვიცი.”
ნაზიმ ალიევის ოჯახი ამჟამად სოფელ ზემო სარალში ცხოვრობს. დღეს მისი ოჯახის წევრები აცხადებდნენ, რომ ნაზიმი რამდენიმე დღის წინ ბაქოში წავიდა.
მარნეულის 25-ე და 57-ე საარჩევნო უბნებზე მომხდარი არჩევნების გაყალბების ფაქტებზე შსს-მ 13 პირს წაუყენა ბრალი.
