“ორგანიზაცია აკვირდება ცხრავე საარჩევნო ოლქში მიმდინარე კენჭისყრას, ამ ეტაპისათვის პროცესი შეიძლება შეფასდეს დადებითად, ყველა უბანი უკვე გახსნილია და მიმდინარეობს კენჭისყრა შეფერხების გარეშე. ერთ უბანზე იყო გახსნისას შეფერხება, ეს გახლავთ ზუგდიდში, როდესაც ოლქიდან არ იყო მიწოდებული ჯეროვნად მასალები, ანუ აკლდა ლუქი, რის გამოც ვერ გაიხსნა უბანი დროულად”, – განაცხადა განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის თავმჯდომარემ, ქეთევან ჩაჩავამ.
მისივე ინფორმაციით, მცირე პროცედურული დარღევები დაფიქსირდა სხვა უბნებზეც, მათ შორის დუშეთის #4 უბანზე არ იყო საკმარისი ინფორმაცია ამომრჩევლებისთვის. კერძოდ, არ იყო გამოკრული კანდიდატთა სია, ამონარიდი კოდექსიდან, რა შემთხვევაშია ბათილი ბიულეტენი და ა.შ. ასევე ახალქალაქის #1 უბანზე რეგისტრატორმა შემთხვევით ხელი მოაწერა მოსული ამომრჩევლის გრაფაში, რის გამოც ამომრჩეველმა ხმის მიცემა ვერ მოახერხა. დუშეთის #4 უბანზე ჩანაწერთა წიგნში დაფიქსირდა ხარვეზი, ხოლო ქობულეთის #34 უბანზე არაუფლებამოსილი პირი კომისიამ შეფერხების გარეშე დაარეგისტრირა, მიუხედავად იმისა, რომ მას პირადობის დამადასტურებელი მოწმობა არ გააჩნდა.
“აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ქობულეთის #34 უბანზე შეინიშნება ყოფილი კომისიის წევრების აქტივობა. განმეორებითი კენჭისყრისას უბანი ახალი კომისიის წევრებით დაკომპლექტდა, თუმცა ძველი კომისიის წევრები უბანზე არიან და ხელს უშლიან კენჭისყრის მიმდინარეობის პროცესს, მათი საქციელი ნამდვილად არ არის მისასალმებელი. ვთხოვთ ამ ადამიანებს, რომ დატოვონ უბანი და უბნის მიმდებარე ტერიტორია და ხელს ნუ უშლიან კენჭისყრის პროცესის მშვიდად მიმდინარეობას”, – განაცხადა ქეთევან ჩაჩავამ.
განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი კენჭისყრის პროცესს 14–დან 13 უბანზე აკვირდება, ერთ უბანზე კი, რომელიც დუშეთში მდებარეობს, ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებით, გზის პრობლემის გამო მათმა დამკვირვებელმა ჩასვლა ვერ მოახერხა.
