ახალი ამბები

ქუჩაში სექსუალური შევიწროება შესაძლოა 300-დან 1000 ლარამდე ჯარიმით დაისაჯოს

19 დეკემბერი, 2018 • 2646
ქუჩაში სექსუალური შევიწროება შესაძლოა 300-დან 1000 ლარამდე ჯარიმით დაისაჯოს

საქართველოს პარლამენტის გენდერული საბჭო სექსუალური შევიწროების შესახებ კანონპროექტზე მუშაობს, რომელიც, ავტორთა თქმით, უკვე ბოლო სტადიაშია და რომლის ინიცირებაც დეკემბრის დასასრულს ან იანვრის დასაწყისში იგეგმება.

ავტორები იმედოვნებენ, რომ კანონპროექტს პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე დაამტკიცებს და საქართველოს კანონმდებლობაში სექსუალური შევიწროების განსაზღვრება ჩაიწერება. შესაბამისად, ამგვარი ქმედება გარკვეულ სანქციებს გამოიწვევს.

თუმცა აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა სექსუალური შევიწროებისთვის დისკრიმინაციის სტატუსის მინიჭების პირველი მცდელობა არ არის.

2017 წლის ნოემბერში “ქალთა მოძრაობამ” შექმნა პეტიცია სექსუალური შევიწროების აკრძალვის მოთხოვნით და განსახილველად გენდერულ საბჭოს გადასცა, თუმცა პარლამენტს მაშინ კანონპროექტი არ მოუმზადებია.

პეტიციიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ, კანონპროექტის ავტორების თქმით, ის უკვე დასრულებულია და მისი დამტკციების შემთხვევაში, კანონი დაარეგულირებს სექსუალურ შევიწროებას როგორც საჯარო სივრცეში, ასევე, სამუშაო ადგილებზე.

საჯარო სივრცე

კანონპროექტის დასრულებული სახე ჯერჯერობით ხელმისაწვდომი არ არის. ავტორები ამბობენ, რომ კანონპროექტი ინიცირების შემდეგ გასაჯაროვდება. თუმცა გარკვეული დეტალების შესახებ ავოტრებმა დღეს, 19 დეკემბერს, გენდერული საბჭოს სამუშაო შეხვედრაზე მაინც ისაუბრეს.

როგორც დღევანდელ პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი, კანონპროექტი ცვლილებებს რამდენიმე კანონში გამოიწვევს, კერძოდ, “დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” და “გენდერული თანასწორობის შესახებ” კანონებში. ამასთანავე, ცვლილებები შევა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიც.

“სექსუალურ შევიწროებად ჩაითვლება, საზოგადოებრივ ადგილებში პირის მიმართ არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან/და იწვევს მისი ღირსების შელახვას და ქმნის მისთვის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ ან შეურაცხმყოფელ გარემოს,” – წერია კანონპროექტში.

რაც შეეხება “სექსუალური ხასიათის ქცევას”, ეს უკანასნელი გულისხმობს სექსუალური ხასიათის ფრაზების გამოთქმას ან/და მიმართვას, გენიტალიების ჩვენებას, ნებისმიერი სიტყვიერი, არასიტყვიერი ან/და სექსუალური ხასიათის სხვა ფიზიკურ ქცევას.

ავტორების თქმით, საჯარო სივრცეში შევიწროების დადგენის შემთხვევაში ჯარიმა 300 ლარი იქნება. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ პირი ამგვარ ქმედებას პირველი სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში ხელახლა ჩაიდენს, მას 500 ლარის გადახდა მოუწევს.

ჯარიმა გაიზრდება იმ შემთხვევაშიც, თუ ქმედებას დამამძიმებელი გარემოებები ექნება, როგორიცაა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ორსულის მიმართ, შშმ პირის მიმართ ან არასრულწლოვნის თანდასწრებით ჩადენილი სექსუალური შევიწროება. ასეთ შემთხვევაში პირს ჯარიმა 500-დან 800 ლარამდე დაეკისრება. თუ პირი ამგვარ ქმედებას გაიმეორებს, ჯარიმა 800-დან 1000 ლარამდე გაიზრდება.

საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროების კონრტოლი და შესაბამისი სანქციების დაწესება პატრულს დაევალება.

როგორც შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარამენტის დირექტორი ლონდა თოლორაია ჟურნალისტებთან განმარტავს, სექსუალური შევიწროების კანონპროექტის ერთ-ერთი გამოწვევა სწორედ ის არის, რომ მტკიცებულების მოპოვება და წარდგენა მსხვერპლზეა დამოკიდებული.

თოლორაია განმარტავს, რომ მიუხედავად ამ სირთულისა, შსს მიესალმება კანონპროექტს და პოლიციელთა მგრძნობელობისა და ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, შესაბამის გადამზადებებს დაიწყებს. მისი თქმით, კანონს გამოძახილი თავად შსს-ს შიდა პოლიტიკაშიც ექნება.

“თავისთავად ცხადია, რომ კანონპროექტი სისტემის შიგნითაც მოითხოვს გარკვეული რეგულაციების შექმნასაც, ვინაიდან არ არის გამორიცხული, რომ სექსუალურ შევიწროებას ადგილი ჰქონდეს არამხოლოდ საზოგადოებრივ სივრცეში, არამედ ნებისმიერ სისტემაში. ამ მიმართულებაშიც ჩვენ ვგეგმავთ შესაბამის რეგულაციების გეგმას, რაც თავისთავად გულისმმობს პასუხისმგებლობის გათვალისწინებას,” – ამბობს ლონდა თოლორაია.

სამუშაო ადგილი

რაც შეეხება შრომით ურთიერთობებს, “საქართველოს შრომის კოდექსის მიხედვით”:

დისკრიმინაციად (მათ შორის სექსუალურ შევიწროებად) ჩაითვლება პირის პირდაპირი ან არაპირდაპირი შევიწროება, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას და მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას, ანდა პირისთვის ისეთი პირობების შექმნას, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ აუარესებს მის მდგომარეობას ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით.

კანონპროექტის მიხედვით, სექსუალური შევიწროების კონტროლი და მონიტორინგი სამუშაო სივრცეში თავად დამსაქმებელს და სახალხო დამცველს ეკისრება. იმ შემთხვევაში, თუ სახალხო დამცველს ესა თუ ის პირი მიმართავს და ქმედება დადასტურდება, ომბუდსმენი რეკომენდაციებს შეიმუშავებს, რომელთა შესრულებაც დამსაქმებელს დაევალება.

სწორედ ამიტომ, კანონპროექტი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში გარკვეულ ცვლილებებს ითვალისწინებს. კერძოდ, 363-ე მუხლს ის პუნქტი დაემატება, რომლის მიხედვითაც: სახალხო დამცველი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს რეკომენდაციის შესრულება იმ იურიდიული პირისგან ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტისგან, რომელმაც მისი ვარაუდით განახორციელა დისკრიმინაცია და მის რეკომენდაციას არ უპასუხა, ან ეს რეკომენდაცია არ გაიზიარა.

მართალია, კანონპროექტის მიხედვით შრომით ურთიერთობებში სექსუალური შევიწროების ცნება და რეგულირების მექანიზმი ჩნდება, თუმცა მის გამოწვევებზე გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარეს მოადგილე, რაისა ლიპარტელიანი საუბრობს.

კანონმდებელმა უნდა დაადგინოს დამსაქმებლის ვალდებულება ნებისმიერი დისკრიმინაციის თაობაზე, რომ დავის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ჰქონდეს დამსაქმებელს და არა დასაქმებულს. რაც შეეხება აღსრულებას, მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველი არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტი და ის აქამდეც ზედამხედველობდა თავისი მანდატის ფარგლებში, მათ შორის, სექსუალური შევიწროების შემთხვევებს, ვფიქრობ, რომ შრომითი ურთიერთობებისთვის მისი ეს მანდატი არ არის საკმარისი და ეს უნდა იტვირთოს შრომის ინსპექციამ, როგორც ეს არის დადგენილი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტებით და როგროც ეს არის განვითარებულ ქვეყნებში,” – ამბობს რაისა ლიპარტელიანი.

მისივე თქმით, რაკიღა სახალხო დამცველს არ აქვს ფინანსური სანქცირების უფლება, დამსაქმებელს შეუძლია საერთოდ არ გაითვალისწინოს მისი რეკომენდაციები. სწორედ ამიტომ, რაისა ლიპარტელიანი თვლის, რომ სამუშაო სივრცის კონტროლი შრომის ინსპექციამ უნდა იკისროს საკუთარ თავზე.

ლიპარტელიანის განმარტებით, სახალხო დამცველისგან განსხვავებით, შრომის ინსპექციას შეუძლია გაუფრთხილებლად შევიდეს ამა თუ იმ დაწესებულებაში და გამოავლინოს სექსუალური შევიწროება, რაც ეფექტური პრევენციის წინაპირობაა.

“ის, რომ სექსუალურ შევიწროებაზე ბევრი მომართვა დღეს არ არის, განპირობებულია სტიგმით, სტერეოტიპებითა და იმ განწყობით, რომ შრომით ურთიერთობებში ადამიანი მოწყვლადია და მან იცის, რომ თუ რამეს გააპროტესტებს, შეიძლება დამსაქმებელმა ის უბრალოდ გაათავისუფლოს. ამიტომ, დასაქმებულებისგან ბევრ განცხადებას არ უნდა ველოდოთ და, ვფიქრობ, სანამ ამ საკითხში შრომის ინსპექცია არ ჩაერთვება, კანონპროექტი რომც გადაიქცეს კანონად, ის არ წაახალისებს მოქალაქეებს, რომ სახალხო დამცველს მიმართონ, ვინაიდან შედეგად ისინი არაფერს იღებენ და პირიქით, დგებიან გათავისუფლების რისკის ქვეშ,” – განმარტავს რაისა ლიპარტელიანი.

ამის საპასუხოდ, კანონპროექტის ავტორები ამბობენ, რომ ამ დროისთვის შრომის ინსპექციის თანამშრომელთა გადამზადება მიმდინარეობს და კანონის მიღების შემთხვევაში, შრომითი ურთიერთობების დარეგულირების სფეროში ინსპექციაც ჩაერთვება. მათი თქმით, კანონი დროთა განმავლობაში სულ უფრო დაიხვეწება და პრეცედენტებთან ერთად სულ უფრო უკეთ მოერგება ქართულ სივრცეს.

ამავე თემაზე

როდიდან დაისჯება სექსუალური შევიწროება

მასალების გადაბეჭდვის წესი