ახალი ამბები

საზ. ტრანსპორტი ყველაზე პოპულარული, კომფორტული და სწრაფი უნდა იყოს — კალაძე

18 დეკემბერი, 2018 • 2587
საზ. ტრანსპორტი ყველაზე პოპულარული, კომფორტული და სწრაფი უნდა იყოს — კალაძე

თბილისის მერი კახი კალაძე აცხადებს, რომ ქალაქის მერიას სურს, საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს “ყველაზე პოპულარული, ყველაზე კომფორტული და ყველაზე სწრაფი ქალაქში”.

კალაძემ ქალაქში გადაადგილების პრობლემაზე ტვ პირველის გადაცემაში, ინგა გრიგოლიასთან ინტერვიუს დროს ისაუბრა. გრიგოლიას კითხვაზე, ტაქსების რეფორმით ხომ არ დაზარალდება ამ ინდუსტრიაში თვითდასაქმებული ადამიანი (ანუ ტაქსის მძღოლები), მან უპასუხა:

“პირიქით, — ეს არის ხელშეწყობა როგორც იმ ადამიანებისთვისაც, ვინც სერვისს ახორციელებს, [ასევე იმ ადამიანებისთვის], ვინც ამ სერვისით სარგებლობს. კალაძის თქმითვე, პირველი ეტაპზე დაახლოებით 20 000-მდე ლიცენზირებული ტაქსი გადაადგილდება დედაქალაქში.

“უნდა მოხდეს ყველა ავტომობილის ტექდათვალიერების გავლა და ის ავტომობილი, რომელიც ტექდათვალიერებას ვერ აიღებს, რა თქმა უნდა, ვერ აიღებს ლიცენზიას”, ამბობს იგი. ამის შემდეგ კალაძემ ახსენა ეკოლოგია და თქვა, რომ “დაავადებები, რომლებიც ბოლო წლებში საკმაოდ გახშირდა, ძალიან მძიმეა და გამონაბოლქვი ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა ამ თვალსაზრისით”:

“თქვენ წარმოიდგინეთ, 500 000 ავტომობილი გადაადგილდება დედაქალაქში და 6-7%-ით იზრდება იმპორტი ყოველწლიურად. და აქედან 50% არის 20 წლის ზემოთ. ასევე იღებენ კატალიზატორებს, რომლებიც სერიოზული პრობლემაა, და გამონაბოლქვის თვალსაზრისით ჩვენ მძიმე სიტუაცია გვაქვს”.

კალაძის თანახმად, ურბანული პრობლემები “ერთობლივად უნდა მოვაწესრიგოთ”.

მან განმარტა, რომ ტაქსების თეთრად შესაღებად მძღოლებს “არანაირ გადასახადს არ ვაკისრებთ” — “ამ ყველაფერს თავის თავზე აიღებს სარეკლამო კომპანია და რეკლამას განათავსებენ იმ ავტომობილებზე 1 წლის განმავლობაში”. ასევე, კალაძემ ისაუბრა “ბენეფიტებზე, რასაც ტაქსის მძღოლები მიიღებენ”:

“კონკრეტული ადგილები არის გამოყოფილი, სადაც მათ შეუძლიათ ავტომობილები გააჩერონ ყოველგვარი გადასახადების გარეშე; ასევე, საშემოსავლო გადასახადიდან არიან გათავისუფლებულები და სარეკლამო ადგილები, რომელიც საკუთარ ავტომობილებზე იქნება გამოყოფილი, მისგან მიღებული შემოსავალი იქნება მათი პირადი საკუთრება”.

ინტერვიუს დასასრულს კალაძემ “სერიოზული პრობლემა” უწოდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გარშემო შექმნილ მდგომარეობას.

“დღეს ჩვენ გვაქვს კონკრეტული უბნები და ქუჩები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი საერთოდ არ მოძრაობს იმიტომ, რომ ფიზიკურად ავტობუსები არა გვყავს, ამიტომ მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რომ 2019 წლის ბოლოსთვის მთლიანად უნდა მოგვარდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა და გვეყოლება ახალი ავტობუსების პარკი, რომელიც იქნება ეკოლოგიურად სუფთა, გამართული, კომფორტული, სწრაფად იქნება გადაადგილება შესაძლებელი;

მეტროს მიმართულებით ანალოგიური მდგომარეობა გვაქვს. დღეს პიკის საათებში სრული კატასტროფა ხდება კონკრეტულ მოედნებზე. შესაბამისად, გვინდა მეტროს ახალი ვაგონების შემადგენლობა დავამატოთ და მოცდის დრო შევამციროთ”, – ამბობს თბილისის მერი.

მასალების გადაბეჭდვის წესი