ახალი ამბები

დადგმული ინტერვიუ უკრაინის წინააღმდეგ რუსულ მედიაში

18 დეკემბერი, 2018 • 1767
დადგმული ინტერვიუ უკრაინის წინააღმდეგ რუსულ მედიაში

რუსეთის საზოგადოებრივ მაუწყებელზე გასული ინტერვიუ, სადაც “ევრომაიდნით იმედგაცრუებული უკრაინელი ახალგაზრდა” აჩვენეს, დადგმული აღმოჩნდა. სიუჟეტი ევრომაიდნის 5 წლისთავს ეძღვნებოდა. ამის შესახებ EUvsDisinfo წერს, თუმცა ეს ამბავი თავდაპირველად რუსმა ბლოგერმა, ილია ვარლამოვმა აღმოაჩინა.

“ევრომაიდანმა არაფერი მომცა. შეხედეთ, სად ვართ ახლა. ჩვენ ყველა უნდა ვიყურებოდეთ მომავალში, მომავალში, სადაც ელექტროენერგია ძვირი არ არის. ახლა კი ნათელი არ არის, როგორ დამთავრდება ყველაფერი. როგორ გადავიტანთ ზამთარს, როგორ გავუშვებთ ბავშვებს სკოლაში,” – ამბობს ახალგაზრდა კაცი, რომელიც სიუჟეტის მიხედვით უკრაინელია.

ევროკავშირის დაფინანსებით შექმნილი პლატფორმა EUvsDisinfo მოკვლევის შემდეგ წერს, რომ ახალგაზრდა კაცი უკრაინის მოქალაქე არ არის. ის ბელარუსში, კერძოდ კი, მინსკში ცხოვრობს და ერთ-ერთ მედიაკომპანიაში მუშაობს, რომელსაც “პერვი კანალმა [რუსეთის საზ.მაუწყებელი] სიუჟეტი დაუკვეთა. ეს სიუჟეტი ღარიბ უკრაინელ ოჯახზე უნდა ყოფილიყო.

ამ ინფორმაციას თავად რუსული ტელევიზიაც ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ ყველაფერი არა გამიზნული დეზინფორმაცია, არამედ შეცდომა იყო.

ევრომაიდნის სამოქალაქო საპროტესტო ტალღა კიევში 2013 წლის 21 ნოემბერს დაიწყო. ევრომაიდანზე მიმდინარე აქციების შედეგად შეიცვალა უკრაინის მთავრობა. მაიდანზე უკრაინის ევროინტეგრაციის მომხრეების საპროტესტო აქციები თითქმის სამი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც უკრაინის მთავრობამ უარი განაცხადა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე. საბოლოოდ, უკრაინის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადააყენეს ვიქტორ იანუკოვიჩი, რომელიც დღემდე რუსეთს აფარებს თავს.  რუსეთმა განახორციელა უკრაინის ტერიტორიაზე ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია.

მასალების გადაბეჭდვის წესი