ახალი ამბები

კირკიტაძის დაკავება არის ღრმა კრიზისში მყოფი ქვეყნის, უფრო ღრმა კრიზისში შეყვანა – ბოკერია

17 დეკემბერი, 2018 •
კირკიტაძის დაკავება არის ღრმა კრიზისში მყოფი ქვეყნის, უფრო ღრმა კრიზისში შეყვანა – ბოკერია

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, ენმ-ის წევრის, დავით კირკიტაძის დაკავება ქვეყნისთვის დამაზიანებელია. მისი თქმით, კირკიტაძის დაკავება ისედაც ღრმა კრიზისში მყოფი ქვეყნის კიდევ უფრო ღრმა კრიზისში შესვლის წინაპირობაა.

როგორც ბოკერია დღეს, 17 დეკემბერს, გამართულ ბრიფინგზე განმარტავს, ხელისუფლების მიერ გაყალბებული არჩევნების ფონზე, სახელმწიფო უწყებები ოპოზიციის წევრებზე ძალადობას აგრძელებენ.

” ამ ფონზე, გუშინ უკანონო და ანტიკონსიტუციური ბრძანებების შესრულებისას პოლიციელებთან მომხდარი ინციდენტების გამო, ოპოზიციური ფიგურის, დღეს დავით კირკიტაძის დაკავება არის, ისედაც ღრმა კრიზისში მყოფი ქვეყნის კიდევ უფრო ღრმა კრიზისში შეყვანა ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან და წარმოადგენს დიდ ხიფათს ჩვენი ქვეყნისთვის.

საბოლოოდ ამ უკანონო და სამარცხივო პოლიტიკას გადაჰყვება ივანიშვილის რეჟიმი, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ  ამ პროცესში დიდი ხიფათი ექმნება ჩვენი ქვეყნის არამარტო დემოკრატიის, არამედ ნორმალური განვითარებისა და სტაბილურობის პერსპექტივას,” – ამბობს გიგა ბოკერია.

მისივე თქმით, კირკიტაძის დაკავების საკითხი არ ეხება პოლიტიკურ სიმპათიებს, არამედ შედის ნებისმიერი მოქალაქის ინტერესებში. ბოკერიას განმარტებით, ეს არის ოპოზიციური სპექტრისთვის სახიფათო გზავნილი.

“ამ შემთხვევაში, ოპოზიციური სპექტრისთვის გამოგზავნილი უტიფარი გზავნილი ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან ნიშნავს, რომ ძალადობაზე, უკანონობასა და არაკონსტიტუციურ ქმედებებზე ლიცენზია აქვს მხოლოდ იმ ჯგუფებს, ვინც დაკავშირებულია ივანიშვილის რეჟიმთან, ხოლო სხვა შემთხვევაში, ოპოზიციას, შესაძლოა, დაუწესონ 30-კილომეტრიანი არეალი, რათა მათ ვერ განახორციელონ საკუთარი კონსტიტუციური უფლება და ამ უკანონო ბრძანების შესრულების დროს პოლიციელებთან მომხდარი ნებისმიერი ინციდენტისას ოპოზიციური ფიგურების დაკავება მოხდება ერთ დღეში,”- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მისივე განმარტებით, “ევროპული საქართველო” მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ არ დატოვოს პატიმრობაში დავით კირკიტაძე, ვინაიდან ეს დამაზიანებელი იქნება როგორც მათი პოლიტიკური მომავლისთვის, ასევე, ქვეყნის ინტერესებისთვის.

დავით კირკიტაძე სამართალდამცველებმა დღეს, 17 დეკემბერს დააკავეს.

კირკიტაძეს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება

მასალების გადაბეჭდვის წესი