ახალი ამბები

“ჩვენ ძალიან შეშფოთებული ვართ იმით, რაც ვნახეთ გუშინ” – აშშ-ის საელჩო 16 დეკემბრის ინციდენტზე

17 დეკემბერი, 2018 • 1746
“ჩვენ ძალიან შეშფოთებული ვართ იმით, რაც ვნახეთ გუშინ” – აშშ-ის საელჩო 16 დეკემბრის ინციდენტზე

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებლი, როს უილსონი 16 დეკემბერის ინციდენტს ეხმაურება და მას შემაშფოთებელს უწოდებს. მისი განმარტებით, აშშ მხარს უჭერს სიტყვისა და შეკრების თავისუფლებას.

“რაც შეეხება გუშინ განვითარებულ სხვა მოვლენებს, რა თქმა უნდა, აშშ მხარს უჭერს სიტყვისა და შეკრების თავისუფლებას. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ უფლებების განხორციელებას მშვიდ გარემოში და მშვიდობიანი გზით. ჩვენ ძალიან შეშფოთებული ვართ იმით, რაც ვნახეთ გუშინ – რას ეუბნება ეს კადრები საქართველოს მოქალაქეებსა და საქართველოს მეგობრებს მსოფლიოში ამ ქვეყნის დღევანდელი დღის შესახებ.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს სიმშვიდისაკენ, გააგრძელოს წინსვლა ამ არჩევნების შემდეგ და შეასრულოს მნიშვნელოვანი სამუშაო ქვეყნისა და მისი მომავლის გაძლიერებისათვის,” – ამბობს ელჩის შემსრულებელი როს უილსონი.


გაერთაინებული ოპოზიციის აქტივისტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება 16 დეკემბერს რამდენჯერმე მოხდა, მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა ოპოზიციის კოლონას თელავისკენ მიმავალი გზა გადაუკეტეს. ოპოზიციის საპროტესტო კოლონა თბილისიდან თელავისკენ 09:00 საათზე დაიძრა.

მათ გომბორის გზა გადაკეტილი დახვდათ, იქ მხოლოდ საშვების მქონე ადამიანებს უშვებდნენ. ამის შემდეგ მათ გზა გურჯაანის გზით გააგრძელეს. ჩუმლაყთან გზა შსს-მ ავტობუსებით ჩაუხერგა. შსს-მ განაცხადა, რომ ოპოზიციას შეეძლო ყვარლის გავლით გზის გაგრძელება და ეს მარშრუტი შეთანხმებული იყო. თუმცა, აქციის მონაწილეების თქმით, მათ მხოლოდ გომბორის გზის დაკეტვის შესახებ ჰქონდათ ინფორმაცია.

გაერთიანებული ოპოზიცია თელავში საპროტესტო აქციის გამართვას სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად გეგმავდა. ოპოზიცია ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს და ზურაბიშვილს არალეგიტიმურ პრეზიდენტად მიიჩნევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი