სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, თუ დავით კირკიტაძე სახალხო დამცველის აპარატს მიმართავს, ომბუდსმენი მის საქმეს შეისწავლის და ჩაერთვება. ამის შესახებ ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
“მეც ახლა გავიგე მისი დაკავების შესახებ. რა თქმა უნდა, ჩვენ ჩავერთვებით ამ პროცესში. თუ მას დასჭირდება დახმარება ან ექნება კონკრეტული არგუმენტაციები, თუ რატომ არ უნდა მომხდარიყო დევნა მის წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ფაქტებს შევისწავლით, ამ ეტაპზე უფრო სრულყოფილ განცხადებას ვერ გავაკეთებ იმიტომ, რომ ახლა გახდა ჩემთვის ეს ფაქტი ცნობილი, ” – ამბობს ნინო ლომჯარია.
მისივე თქმით, 16 დეკემბერს მომხდარ დაპირისპირებას, რომელშიც პოლიცია და ოპოზიციის მხარდამჭერები მონაწილეობდნენ, გამოძიება სჭირდება. როგორც ლომჯარია გამარტავს, ყველამ უნდა აგოს პასუხი თავისი დანაშაულის მიხედვით, იქნება ეს პოლიციელი თუ აქციის მონაწილე.
დავით კირკიტაძე სამართალდამცველებმა დღეს, 17 დეკემბერს დააკავეს.