ენმ-ის მხარდამჭერები თელავიდან წამოსულ თანამოაზრეებს თბილისში, რუსთაველზე ელოდებიან

“ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები თბილისში, პარლამენტის წინ შეიკრიბნენ. როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, ამ მშვიდობიანი შეკრებით ისინი თელავში განვითარებულ მოვლენებს აპროტესტებენ და სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას ეწინააღმდეგებიან.

ორგანიზატორების თქმით, აქციის მონაწილეები პარლამენტთან საღამომდე დარჩებიან, სადაც ამჟამად თელავი-გურჯაანის გზაზე მყოფი თანამოაზრეების ჩამოსვლას დაელოდებიან.

ოპოზციის მხარდამჭერების აქცია პარლამენტთან. ფოტო: ნეტგაზეთი/ ნინო ბიძინაშვილი

“ადამიანები, მოქალაქეები, რომლებსაც სურთ დემოკრატიულ სახელმწიფოში ცხოვრება, იკრიბებიან არამხოლოდ თბილისში, არამედ სხვა ქალაქებშიც იმიტომ, რომ ჩვენ აზრით, ეს არჩევნები არ იყო დემოკრატიული. საქართველოს დღეს არ  ჰყავს დემოკრატიული მანდატით აღჭურვილი პრეზიდენტი და სახეზე არის პოლიტიკური კრიზისი, რისი მაგალითიც იყო ძალადობით დაწყებული ინაუგურაცია,” – ამბობს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, სალომე სამადაშვილი.

მისივე თქმით, იმისთვის, რომ პოლიტიკური კრიზისი არ გაგრძელდეს, აუცილებელია, არჩევნების წესის ცვლილება, რაც თავის მხირვ, პარლამენტსაც შეეხება.

აქციაზე იმყოფებოდა “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ხაბეიშვილი. ნეტგაზეთს მან უთხრა, რომ აქციის მონაწილეები თელავში სიტუაციის განვითარებას დააკვირდებიან და ამის მიხედვით იმოქმედებენ.

ოპოზციის მხარდამჭერების აქცია პარლამენტთან. ფოტო: ნეტგაზეთი/ ნინო ბიძინაშვილი

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციასა და პარლამენტთან შეკრებილ მოქალაქეთა პროტესტს ფეიბუკ ლაივით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა.

“ახლა ყველანი რუსთაველზე”, – ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოსახლეობას მობილიზებისაკენ მოუწოდებს. მისი თქმით, გუშინ რ2-ზე გასულმა კადრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ 2018 წლის არჩევნები გაყალბებული და შესაბამისად არალეგიტიმურია.

სააკაშვილის განცხადებით, ამ ყველაფერს პასუხი უნდა გაეცეს თბილისში.

“ახლა ყველანი რუსთაველზე” – სააკაშვილი თანამოაზრეებს კონსოლიდაციისაკენ მოუწოდებს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან