ახალი ამბები

“ახალი არგონავტები” და ტიმ სევერინი კვლავ საქართველოში

24 ივნისი, 2014 • • 4746
“ახალი არგონავტები” და ტიმ სევერინი კვლავ საქართველოში

29 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით  “ახალი არგონავტების” საქართველოში მოგზაურობიდან 30 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდება, რომლის ფარგლებშიც ცნობილი მოგზაური, მწერალი და მეცნიერი ტიმ სევერინი და “ახალი არგონავტების” ექსპედიიციის 10 წევრი საქართველოში ჩამოვლენ. ამის შესახებ დღეს ასოციაცია “კულტურათა დიალოგი XXI”-ისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგებლებმა “რეპორტიორის” პრესკლუბში განაცხადეს.

ტიმ სევერინი
ტიმ სევერინი

კონფერენცია “არგონავტები 2014” თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 30 ივნისს  გაიხსნება. ერთი კვირის განმავლობაში ტიმ სევერინი და არგონავტების ექსპედიციის წევრები ეწვევიან ეროვნულ მუზეუმს, დაათვალიერებენ თბილისს, მოინახულებენ დმანისსა და კახეთს.

ღონისძიების ძირითადი მხარდამჭერია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. 30 წლის შემდეგ ექსპედიციის წევრების საქართველოში კვლავ ჩამოყვანის იდეა ასოციაცია “კულტურათა დიალოგი XXI”-ს ეკუთვნის.

“ჩვენ, ჩვენმა მეგობრებმა და თანამოაზრეებმა გადავწყვიტეთ, რომ გამოგვეთქვა ეს იდეა. ჩვენთვის დღეს ამას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, იმ სივრცეში, როდესაც საქართველოს უწევს ახალ გამოწვევებზე პასუხის გაცემა- ინტეგრირების საკითხებია ეს, თუ კონტაქტების განმტკიცება გარესამყაროსთან- კიდევ  ერთხელ გამოჩნდება საქართველო თავისი ისტორიით, თავისი დღევანდელობით”,- აცხადებს ასოციაცია “კულტურათა დიალოგი XXI”-ის პრეზიდენტი ვალერი ასათიანი.

როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხემძღვანელის პირველი მოადგილე რუსუდან მამაცაშვილი ამბობს, სტუმრები საქართველოს ღირსშესანიშნაობებს ნახავენ, რაც ქვეყნის ცნობადობის გაზრდას შეუწყობს ხელს.


“ეს ღონისძიება უდავოდ ხელს შეუწყობს ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას, დაეხმარება მარკეტინგის კუთხითაც ქვეყანას. როგორც იცით, ეს ფართოდ გაშუქდება მედიის საშუალებით, მოხდება სხვადასხვა სტატიის მომზადება ჟურნალ-გაზეთებისთვის თუ ინტერნეტ სივრცისთვის”.

1984 წელს ტიმ სევერინის ექსპედიციამ ანუ “ახალმა არგონავტებმა” გაიარა ის გზა, რაც ლეგენდის თანახმად, სამი ათასი წლის წინათ იასონმა – თავისი “არგოთი”. ტიმ სევერინი საბერძნეთის ქალაქ ვოლოსიდან ეგეოსის ზღვის, დარდანელის სრუტის, მარმარილოს ზღვის, ბოსფორის სრუტისა და შავი ზღვის გავლით საქართველოში, ქალაქ ფოთში (ფასისი) შემოვიდა. ტიმ სევერინის მოგზაურობამ, არქაული საზღვაოსნო საშუალებების გამოყენებით, არგონავტების თქმულებაში აღწერილი მოგზაურობის შესაძლებლობა დაამტკიცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი