ახალი ამბები

ეს შევარდნაძის პოლიციაა, შესაბამისი სიფათები აქვთ და უფროსები ჰყავთ – ვაშაძე ჩუმლაყთან

16 დეკემბერი, 2018 •
ეს შევარდნაძის პოლიციაა, შესაბამისი სიფათები აქვთ და უფროსები ჰყავთ – ვაშაძე ჩუმლაყთან

“ეს ის პოლიციაა, ჩვენ რომ გავაკეთეთ? ეს შევარდნაძის პოლიციაა, შესაბამისი სიფათები აქვთ და შესაბამისი უფროსები ჰყავთ”, – ეს განცხადება გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშიას” ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა ჩუმლაყთან, სადაც პოლიციამ მათ საპროტესტო კოლონას ცოცხალი ძალით, ავტობუსებითა და ავტომობილებით გადაუკეტა გზა.

“ჯერ სახელმწიფო წაგვართვეს, არჩევნები წაგვართვეს, ახლა გადაადგილების თავსიუფლებას გვართმევენ. შეხედეთ: ეს ის პოლიციაა, ჩვენ რომ გავაკეთეთ? ეს შევარდნაძის პოლიციაა, შესაბამისი სიფათებით აქვთ და შესაბამისი უფროსები ჰყავთ. რომ ჰკითხო, რატომ არ გვიშვებენ თელავში, ვერ გიპასუხებენ. უსაფრთხოებაო, ვისი უსაფრთხოება, სალომე ზურაბიშვილის? ვის რად უნდა სალომე ზურაბიშვილი? ან დაცვა რად უნდა, გამოვიდეს ქუჩაში, წყნარად ივლის, რა პრობლემაა, მე არ მესმის. სამარცხვინო დროში ვცხოვრობთ, სამწუხაროდ”, – განაცხადა ვაშაძემ.

ოპოზიციის საპროტესტო კოლონა თბილისიდან თელავისკენ 09:00 საათზე დაიძრა. მათ გომბორის გზა გადაკეტილი დახვდათ, იქ მხოლოდ საშვების მქონე ადამიანებს უშვებდნენ. ამის შემდეგ მათ გზა გურჯაანის გზით გააგრძელეს. ჩუმლაყთან გზა შსს-მ ავტობუსებით ჩაუხერგა. შსს ამბობს, რომ გზა ან ფეხით უნდა გააგრძელონ (თელავამდე 30 კილომეტრია), ან ყვარლის გზით გააგრძელონ მოძრაობა (60 კილომეტრი). აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი პოლიციას წინასწარ არ გაუფრთხილებია ყვარლის მარშრუტზე და გზის გაგრძელებას გურჯაანის გზით ცდილობენ. ისინი ფიქრობენ, რომ ყვარლის მარშრუტის შესახებ პოლიციის ინფორმაცია ტყუილია. მათ ჩუმლაყთან გზიდან მანქანებისა და ავტობუსების გადაყვანა სცადეს, თუმცა, უშედეგოდ. ვითარება ჩუმლაყთან ამ დრომდე დაძაბულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი