უკრაინის დედაქალაქ კიევში, წმინდა სოფიას ტაძარში ჩატარებულ გაერთიანებულ კრებაზე უკრაინის ახალი, ერთიანი, დამოუკიდებელი მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლი აირჩიეს. ამის შესახებ ტაძრის წინ, მოედანზე შეკრებილ საზოგადოებას უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ამცნო და ფაქტი მიულოცა.
“ეს დღე შევა ისტორიაში, როგორც წმინდა დღე უკრაინის ავტოკეფალური ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის შექმნისა; დღე, როდესაც საბოლოოდ მივიღეთ დამოუკიდებლობა რუსეთისაგან”, – მიმართა პოროშენკომ შეკრებილებს.
ახალი ეკლესის წინამძღოლი პერიასლოვისა და ბილოცერკოვის მიტროპოლიტი ეპიფანე იქნება. ის 39 წლის არის და კიევის მართლმადიდებლურ თეოლოგიურ აკადემიაში ღვთისმეტყველებისა და ფილოლოგიის დისციპლინების პროფესორია.
მედიის ცნობით, 6 იანვარს სწორედ ეპიფანე უნდა გაემგზავროს სტამბოლში, სადაც კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქი მას ავტოკეფალიის თომოსს გადასცემს. ეს იქნება უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების დამაგვირგვინებელი პროცედურა.
კრება კიევის წმინდა სოფიას ტაძარში 15 დეკემბრის დილას დაიწყო, განსახილველი საკითხები კი წინასწარვე იყო ცნობილი. მათ შორის უმთავრესი იყო უკრაინის ერთიანი ეკლესიის შექმნა, მისი დებულების დამტკიცება და წინამძღოლის არჩევა ორ რაუნდად.
სხდომაზე სიტყვით უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოც გამოვიდა, რომელიც საპატიო სტუმრის სტატუსით იყო მიწვეული. მისი თქმით, “უკრაინის ეკლესია არ ყოფილა და არც იქნება მოსკოვის საპატრიარქოს კანონიკური ტერიტორია”.
“მათ[მსოფლიო საპატრიარქომ] თქვეს, რომ რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას არ აქვს კანონიკური უფლებები მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაკავშირებით უკრაინაში; რომ ჩვენი ეკლესია არ ექვემდებარება მას”, – აღნიშნა პოროშენკომ.
უკრაინული გამოცემა “უნიანის” ინფორმაციით, სხდომას, ჯამში, 192 ადამიანი ესწრებოდა – აქედან, 64 ეპისკოპის, 64 მღვდელი და ასევე 64 ერისკაცი. შეკრებაზე უკრაინის სამივე ეკლესიის – კიევის საპატრიარქოს, მოსკოვის საპარტრიარქოზე დაქვემდებარებული მართლმადიდებელი ეკლესიისა და უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
ამ დრომდე, უკრაინაში სამი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ეკლესია მოქმედებდა:
- კიევის საპატრიარქო, რომელსაც პატრიარქი ფილარეტი განაგებს და მოსკოვის „ხელისუფლებას“ არ ცნობს.
- კიდევ ერთი, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია მოსკოვს ექვემდებარება და რუსეთისადმი ლოიალობით გამოირჩევა.
- მესამე კი უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიაა: ის 1921 წელს მოსკოვის წინააღმდეგობის მიუხედავად დაფუძნდა, რიგი პრობლემების შემდეგ კი, მეორე მსოფლიო ომის დასრულებისას აღდგა.
კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების პროცედურა უკვე დაიწყო. ამის შესახებ განცხადება საპატრიარქომ 11 ოქტომბერს გაავრცელა.
განცხადების თანახმად, კიევის პატრიარქი ფილარეტი კანონიკურ სტატუსს იბრუნებს. ასევე უქმდება 1686 წელს “გარემოებებიდან გამომდინარე” მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც მოსკოვის საპატრიარქოს ნება დართეს, კიევის სამიტროპოლიო საკუთარ დაქვემდებარებაში მოექცია.
შემდგომ, 4 ნოემბერს, უკრაინასა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს შორის თანამშრომლობის შეთანხმებაც გაფორმდა.
შესაძლებლობა, რომ კონსტანტინოპოლი უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალიას მიანიჭებდა, ცხადი ჯერ კიდევ სექტემბერში გახდა. 23 სექტემბერს, სტამბოლში გამართული ლიტურგიის დასრულების შემდეგ, მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ თქვა, რომ როგორც უკრაინის უფლებაა, მიიღოს ავტოკეფალია, ისე კონსტანტინოპოლს აქვს უფლება, მიანიჭოს ის ახალ მართლმადიდებელ ეკლესიებს.
აღნიშნულს უპირისპირდება რუსეთი: მოსკოვის ეკლესიამ ჯერ პატრიარქ ბართლომეს ლოცვებში მოხსენიება შეწყვიტა, 15 ოქტომბერს კი მსოფლიო საპატრიარქოსთან ყველა სახის კავშირს დაუსვა წერტილი. მოსკოვში მიიჩნევენ, რომ უკრაინის ავტოკეფალიის მხარდაჭერით მსოფლიო საპატრიარქო მოსკოვის კანონიკურ საზღვრებს არღვევს.