ახალი ამბები

თეირანი ირანის მოქალაქეების უფლებების დასაცავად თბილისთან კონსულტაციებს მართავს – IRNA

13 დეკემბერი, 2018 • 2656
თეირანი ირანის მოქალაქეების უფლებების დასაცავად თბილისთან კონსულტაციებს მართავს – IRNA

თეირანი ირანის მოქალაქეების უფლებების დაცვის მიზნით თბილისთან კონსულტაციებს მართავს, – წერს ირანის ისლამური რესპუბლიკის ახალი ამბების სააგენტო (IRNA).

სააგენტოს ინფორმაციით, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი ბაჰრამ ქასემი “გაკვირვებულია საქართველოს მხარის დამოკიდებულებით ირანის მოქალაქების მიმართ”.

“ირანის მოქალაქეები არიან ირანის მხარდაჭერის ქვეშ და ჩვენ ვაწარმოებთ დიალოგს საქართველოსთან მათი უფლებების დაცვის მიზნით. ჩვენ ველოდებით საქართველოს ხელისუფლების პასუხს”, – განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ბაჰრამ ქასემიმ.

ამასთან, ქასემის თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ირანის მოქალაქეებმა საქართველოს საელჩოსთან თეირანში საპროტესტო აქცია გამართეს.

უფრო ადრე ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ირანის მოქალაქეებს მოუწოდა, თავი შეიკავონ საქართველოში არასავალდებულო მოგზაურობისგან, ვინაიდან ირანის სულ უფრო მეტ მოქალაქეს უარს ეუბნებიან საქართველოში შესვლაზე ყოველგვარი მიზეზის ახსნის გარეშე. ირანის საგარეო უწყების წარმომადგენლებმა ცოტა ხსნის წინ შეხვედრა გამართეს საქართველოს ელჩთან ირანში, იოსებ ჩახვაშვილთან. ქასემის თქმით, ელჩმა თქვა, რომ ირანული მხარის შეშფოთებას საქართველოს ხელისუფლებას გადასცემს.

ირანის მოქალაქეების არშემოშვების საკითხზე  10 დეკემბერს კომენტარი გააკეთა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა. მისი თქმით, “დაიგეგმა ერთობლივი ღონისძიებები იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა არსებულ გაუგებრობაზე ჩვენ გვქონდეს შესაბამისი პასუხები”. საგარეო საქმეთა მინისტრი ფიქრობს, რომ უახლოეს პერიოდში საკითხი მოგვარდება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკის თანახმად ირანი პირველ ადგილზეა იმ ქვეყნებს შორის, რომელთა მოქალაქეებს ყველაზე ხშირად ეუბნებიან უარს საქართველოს საზღვრის კვეთაზე. მხოლოდ ნოემბერში საქართველოში ირანის 434 მოქალაქე არ შემოუშვეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი