ახალი ამბები

სავარაუდოდ, მარგველაშვილი პატიმრებს აღარ შეიწყალებს – ლომჯარია

13 დეკემბერი, 2018 • 1478
სავარაუდოდ, მარგველაშვილი პატიმრებს აღარ შეიწყალებს – ლომჯარია

შეწყალების კომისიის წევრისა და ომბუდსმენის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, სავარაუდოდ, გიორგი მარგველაშვილი პატიმრებს აღარ შეიწყალებს, რის გამოც მოქმედი კომისიის ბოლო სხდომის ჩანიშვნასაც აღარ აქვს აზრი.

ნინო ლომჯარიას თქმით, სხდომები იყო ჩანიშვნული ამ კვირაში, თუმცა არ შედგა, სავარაუდოდ, იმის გამო, რომ პრეზიდენტი აღარ გეგმავს მორიგ შეწყალებას.

“მე, როგორც კომისიის წევრს, არ მაქვს ინფორმაცია, კონკრეტულად, რატომ არ გაიმართება ან გაიმართება თუ არა სხდომა. ჩვენ მივიღეთ პასუხი, რომ ეს იყო პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე დამოკიდებული. ამიტომ, იქიდან გამომდინარე, რომ არ ვიცით, შეიწყელებს თუ არა პრეზიდენტი მსჯავრდებულებს (სავარაუდოდ, აღარ), აქედან გამომდინარე, უკვე აღარ ჰქონდა აზრი კომისიის სხდომის ჩატარებას. რა დგას ამის უკან, ალბათ, პრეზიდენტს უნდა ჰკითხოთ,” – განუცხადა ჟურნალისტებს ლომჯარიამ.

შეწყალების კომისიის თავმჯდომარე, ზვიად ქორიძე რუსთავი 2-თან საუბრისას ამბობს, რომ კომისიის სხდომა პრეზიდენტმა ჩანიშნა, თუმცა შემდეგ თავადვე შეაჩერა. მისი თქმით, თუ გიორგი მარგველაშვილმა ახლა არ მიიღო შეწყალების აქტი, იმ საქმეებს, რომლებიც ამ წუთას პრეზიდენტის ადმინისტრაციაშია შესული, უკვე შემდგომი კომისია განიხილავს.

პატიმართა ოჯახის წევრებზე დაყრდნობით, ნარკოპოლიტიკაზე მომუშავე ჯგუფის, თეთრი ხმაურის მოძრაობის აქტივისტმა დავით სუბელიანმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეწყალების კომისიის სხდომა 11 დეკემბერს არ ჩატარებულა და შესაძლოა გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობისას საერთოდ აღარ ჩატარდეს.

ჩატარდება თუ არა შეწყალების კომისიის კიდევ ერთი სხდომა მარგველაშვილის პრეზიდენტობისას

მასალების გადაბეჭდვის წესი