ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

ნიდერლანდების საელჩომ აქტივისტ თამარ მეარაყიშვილს ადამიანის უფლებათა ჯილდო გადასცა

12 დეკემბერი, 2018 • 4098
ნიდერლანდების საელჩომ აქტივისტ თამარ მეარაყიშვილს ადამიანის უფლებათა ჯილდო გადასცა

დღეს, 12 დეკემბერს, საქართველოში ნიდერლანდებისა და საფრანგეთის საელჩოებმა ადამიანის უფლებათა დაცვის დღესთან დაკავშირებით საქართველოში მოქმედი ორგანიზაციები და აქტივისტები დააჯილდოვეს.

მათ შორისაა ახალგორში მცხოვრები აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი, რომელსაც ნიდერლანდების საელჩომ ადამიანის უფლებათა ტიტა და ფულადი ჯილდო გადასცა.

ნიდერლანდების საელჩომ ამავე ნომინაციაში პირველ ადგილზე დაასახელა პანკისის ქალთა საბჭოს თავმჯდომარე გულიკო ხანგოშვილი. ასევე, გამარჯვებულებლად გამოავლინა ორი ეთნიკური აზერბაიჯანელი ახალგაზრდა კაცი სადახლოდან, ქამრან აფანდიევი და არიზ დაშდემირლი, რომელთაც დაარსებული აქვთ სხვადასხვა საგნის, მათ შორის ქართული ენის სასწავლო და აბიტურიენტებისთვის მოსამზდებელი ცენტრები.

ნიდერლანდების საელჩომ აღნიშნული პრიზები წელს პირველად გასცა, პრიორიტეტი კი იყო  ადგილობრივი და თემში მოღვაწე აქტივისტების გამოვლენა.

რაც შეეხება გამარჯვებულ ორგანიზაციებს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში, ისინი საფრანგეთის საელჩომ დააჯილდოვა. ეს ორგანიზაციებია: კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი, ასევე, ორგანიზაცია “იმედი ჰანდიკაპი” და ორგანიზაცია “სოხუმი”.

ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი ახალგორში, საქართველოს არაკონტროლირებად რეგიონში ცხოვრობს. 2017 წელს მის წინააღმდეგ ადგილობრივმა დე ფაქტო ხელისუფლებამ სისხლის სამართლის რამდენიმე საქმე [მათ შორის ცილისწამება მმართველი პარტია “ერთიანი ოსეთის” მიმართ და ყალბი საბუთების დამზადება-გამოყენება] აღძრა. მას ჩამოართვეს პასპორტი და ყველა საჭირო დოკუმენტი. შესაბამისად, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიის გარდა, გადაადგილება შეზღუდული აქვს.

2018 წლის აპრილში თამარ მეარაყიშვილი საქართველოს სახალხო დამცველმა გაეროსა და ვაცლავ ჰაველის პრიზებზეც წარადგინა:

“აქტივისტი და ბლოგერი თამარ მეარაყიშვილი საკუთარი სიცოცხლის, უსაფრთხოების და ჯანმრთელობის რისკის ფასად ასაჯაროებს ოკუპირებულ ახალგორში შექმნილ მძიმე უფლებრივ მდგომარეობას და დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ადგილობრივი მოსახლეობის უფლებათა დარღვევის შემთხვევებს”,- წერს ომბუდსმენი.

თამარ მეარაყიშვილის საქმეებზე ვრცლად წაიკითხეთ აქ.

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი