ახალი ამბები

ირაკლი შიხიაშვილის განმარტება 300%–იან პრემიებზე თბილისის საკრებულოში

19 ივნისი, 2014 • • 1301
ირაკლი შიხიაშვილის განმარტება 300%–იან პრემიებზე თბილისის საკრებულოში

შიხიაშვილის განცხადებით, საკრებულოს წევრების ბოლო ხელფასის 100% ბერი ანდრიას ფონდში სოლიდური სიმსივნის მქონე მოზარდების დასახმარებლად გადაირიცხება. აღნიშნული გადაწყვეტილება, შიხიაშვილის განმარტებით, საკრებულომ ორი დღის წინ, 17 ივნისს მიიღო:  

 

“ჩვენ არ ვაპირებდით ამის განსაჯაროებას, მაგრამ, სამწუხაროდ, გვიწევს ამის თქმა, რომ საკრებულოს დეპუტატები თავისი კუთვნილი ხელფასიდან გასცემდნენ ქველმოქმედებაში თანხებს. ჩვენი პარტნიორი იყო “ბერი ანდრიას”  ფონდი. ეს არის “სიმსივნით დაავადებული ბავშვების ფონდი” და კონკრეტულად მათი კვებისთვის გაცემული თანხები. ჩვენი თანამშრომლობა რომ არ დაწყებულა გუშინ, ამას ადასტურებს ხელშეკრულება, რომელსაც მედიას მივცემთ. ფონდთან თანამშრომლობა ოთხი თვეა გრძელდება. ერთი კვირის წინ ჩვენ “ბერი ანდრიას ფონდთან” მოვილაპარაკეთ, რომ საკრებულოს ხელფასის 100%–ი, ბოლო ხელფასი მთლიანად გადავრიცხოთ ამ ფონდში. მინდა განვუმარტო საზოგადოებას საკრებულოში პრემიების გაცემასთან დაკავშირებული აჟიოტაჟი, ჩვენი საკრებულოში მოსვლის შემდეგ არასოდეს არ გაცემულა დაუმსახურებელი პრემია. მინდა განვუცხადო საზოგადოებას, რომ საკრებულო მუშაობდა სრული დატვირთვით და ღირსეულად ართმევდა თავს საქმეს.”  


შიხიაშვილის განცხადებით, საკრებულოში პრემიების საკითხს წყვეტს არა ერთი პირი, არამედ კოლეგიური ორგანო – ბიურო:


“ბიუროზე ერთსულოვანი  და ერთობლივი გადაწყევეტილება იქნა მიღებული პრემიებთან დაკავშირებით. მით უმეტეს, რომ ეს პრემიები არის დამსახურებულად და თანაბრად ყველა თანამშრომელზე გაცემული- როგორც დეპუტატზე, ისე აპარატის თანამშრომლებზე. ამ შემთხვევაში იქნა გავრცელებული ცრუ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მოხდა დიფერენციაცია და სხვა მიზნებისთვის იყენებს ამას საკრებულო”, – განაცხადა შიხიაშვილმა.


ირაკლი შიხიშვილმა ბრიფინგზე განმარტა, რომ მან პრემიის სახით 6000 ლარი მიიღო, რაც მისი ხელფასის 300%–ია, თუმცა მოგვიანებით საკრებულოს პრესცენტრმა მოგვაწოდა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ირაკლი შიხიაშვილმა 8 496 ლარი იაღო პრემიის სახით.


დოკუმენტის მიხედვით, ყველაზე მაღალი პრემია შიხიაშვილმა მიიღო, მას მოსდევს მუსხელიშვილი გიორგი 7080 ლარით, ტყემალაძე გიორგის და ჯაბა სამუშიას 6840-6840 ლარის ოდენობის პრემია ჩაერიცხათ. მიხეილ ქავთარაძეს, ზაალ სამადაშვილს, კახა კუკავას, კაციტაძე მამუკას, გაბუნია ზაზას, კოკი იონათანიშვილს, ზურაბ გაჩეჩიელაძესა და ნემსაძე გიორგის 6240 ლარი ჩაერიცხათ. 

 

საკრებულოს განმარტებით, პრემია საკრებულოს 215 თანამშრომელს ჩაერიცხა, რომელთა შორის მხოლოდ საკრებულოს ფრაქციებისა და კომიტეტების თავმჯდომარეები და მოადგილეები და აპარატის თანაშრომლები არიან. პრემიისთვის გამოყოფილი თანხის საერთო რაოდენობა 616 726 ლარია. 

 

რაც შეეხება ფონდში ხელფასების გადარიცხვის საკითხს, შიხიშვილმა განმარტა, რომ საკრებულომ 25 მაისს იმსჯელა და გადაწყვიტა, რომ დეპუტატებს საკუთარი სურვილის საფუძველზე შეუძლიათ ხელფასის 100%–ი გადარიცხონ “ბერი ანდრიას ფონდში.”  

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ თბილისის საკრებულომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც საკრებულოს ხელმძღვანელობისა და აპარატის თანამშრომლების არანორმირებული მუშაობის გამო გადაწყდა მათთვის პრემიების დანიშვნა. საკრებულოს განცხადებით, თბილისის საკანონმდებლო ორგანოს თანამდებობის პირებისთვის ხელფასის ოდენობის 300%-ით, ხოლო აპარატის თანამშრომლებისთვის 200%–იანი ოდენობის პრემიის გაცემა იგეგმება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი