ახალი ამბებისამართალი

თათია სამხარაძემ შალვა რამიშვილს დავა სააპელაციოშიც მოუგო

12 დეკემბერი, 2018 • 5878
თათია სამხარაძემ შალვა რამიშვილს დავა სააპელაციოშიც მოუგო

თათია სამხარაძემ შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით დავა სააპელაციო სასამართლოშიც მოუგო. თბილისის სააპელაციო სასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დატოვა ძალაში, რომელმაც შალვა რამიშვილს თათია სამხარაძის მიმართ  მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

შალვა რამიშვილმა ნეტგაზეთს განუცხადა, რომ განჩინებას უზენაეს სასამართლოშიც გაასაჩივრებს. თათია სამხარაძე კი აცხადებს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის უმნიშვნელოვანესი იქიდან გამომდინარე, რომ სექსუალური შევიწროების პრეცედენტული საქმეა.

“ორი წლის წინ, როდესაც ბრძოლა დავიწყე, არ არსებობდა კანონი. ახლა უკვე სხვა კონტექსტია და სექსუალური შევიწროების კანონის მიღებას ველით სახელმწიფოსგან. ეს არის უდიდესი საქმე და უაღრესად მნიშვნელოვანი კანონი ქალებისთვის. დიდი დრო და რესურსი დასჭირდა, მაგრამ ჩვენ შევძელით, ერთი პირადი პრობლემა პოლიტიკის პრობლემად გვექცია, რადგან მე მწამს, რომ ჩემი ისტორია წარმოადგენს სხვა ათასობით და ათი ათასობით ქალის შევიწროების ამბავსაც,” – განუცხადა ნეტგაზეთს სამხარაძემ.

თათია სამხარაძის თქმით, მისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა ქალთა მხარდაჭერას ამ ბრძოლაში, რისთვისაც ყველა მათგანს მადლობას უხდის. დაზარალებული მადლობას უხდის ადვოკატებსაც, რომლებმაც “ძალ-ღონე არ დაიშურეს ამ საქმის მოსაგებად.”

ამავე თემაზე

რამიშვილს სექსუალური შევიწროების საქმეზე სასამართლომ 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა- ბაია პატარაია

მასალების გადაბეჭდვის წესი