ახალი ამბებისაზოგადოება

რამიშვილს სექსუალური შევიწროების საქმეზე სასამართლომ 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა- ბაია პატარაია

3 იანვარი, 2018 • 8781
რამიშვილს სექსუალური შევიწროების საქმეზე სასამართლომ 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა- ბაია პატარაია

კავშირ “საფარის” ხელმძღვანელის, ბაია პატარაიას ცნობით, 3 იანვარს შალვა რამიშვილს სექსუალური შევიზწროების საქმეზე სასამართლომ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 2 000 -ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

საქმე ეხება მსახიობ თათია სამხარაძის სარჩელს. 2016 წელს სამხარაძემ  ცნობილი ტელეწამყვანი შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა და სასამართლოს მიმართა.

სასამართლოში სამხარაძის ინტერესებს კავშირი “საფარი” იცავს. სწორედ ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გაავრცელა ინფორმაცია სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ, რადგან  პროცესი დახურული იყო და მას ჟურნალისტები არ ესწრებოდნენ.  ბაია პატარაიას თქმით, პროცესზე არც შალვა რამიშვილი და არც მისი ადვოკატი არ იმყოფებოდნენ.

“გადაწყვეტილების გამოცხადებას არ ესწრებოდა არც შალვა რამიშვილი, არც მისი ადვოკატი. მხოლოდ ჩვენი მხარე იყო წარმოდგენილი. გადაწყვეტილებაში ითქვა, რომ დაკმაყოფილდა ჩვენი სასარჩელო მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში, 2000 ლარი. მატერიალური ზიანის ანაზღაურებაში არ დაკმაყოფილდა” – განმარტა მან.

მისივე თქმით, სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტი მორალური ზიანის ნაწილში, რომელიც სექსუალურ შევიწროებას ეხებოდა, რამიშვილს დააკისრა ჯარიმა, ხოლო  შრომითი ნაწილთან დაკავშირებული დავა, რომელიც სამხარაძისთვის 3 თვის ხელფასის ანაზღაურებას ეხებოდა, სასამართლომ არ გაითვალისწინა.

“რაც ეხებოდა სამი თვის ხელფასის ანაზღაურებას, რაც შრომითი ნაწილი იყო, მე ვფიქრობ, რომ ეს იმის ბრალიც არის, რომ ჩვენ კომპანიას არ ვუჩიოდით თვითონ, სადაც დაქირავებული იყო. თვითონ უშალოდ შალვა რამიშვილს ვუჩიოდით და უშუალოდ შალვას არ დააკისრეს ხელფასის ანაზღაურება, მაგრამ მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრეს” – განაცხადა ბაია პატარაიამ.

მისივე თქმით, შალვა რამიშვილს გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის ვადა 1 თვე აქვს. სწორედ ამ ვადის ფარგლებში სასამართლომ უნდა წარადგინოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილიც.

“ერთთვიანი ვადა აქვთ გასაჩივრების მოპასუხეს. ერთი თვის განმავლობაში მთელ ტექსტი ჩაგვბარდება გადაყწვეტილების. რა თქმა უნდა, საინტერესო იქნება მოსამართლის მსხჯელობა იმიტომ, რომ ეს არის პრეცედენტული საქმე; იმიტომ, რომ პირველად ხდება, რომ საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში სექსუალური შევიწროება დისკრიმინაციად ჩაითვალა და მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა პირს”.

თუმცა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სასამართლომ ჯარიმა სექსუალური შევიწროების გამო დააკისრა, არ ადასტურებს თავად შალვა რამიშვილი. მისი თქმით, სასამართლოში არ იყო საუბარი არც დისკრიმინაციაზე და არც სექსუალურ შევიწროებაზე, თუმცა ჯარიმის არსებობის ფაქტს ადასტურებს:

“პროცესი მოვიგე მე იმიტომ, რომ იქ დისკრიმინაციაზე საუბარი არ იყო. შესაბამისად, მატერიალური ზიანის რა ანაზღაურება დამეკისრა, ამას სამოტივაციო წერილში გავიგებ. დაველოდოთ სამოტივაციო ნაწილს, რომელიც საჩემოდ გადაწყდება, სადაც არ იქნება ლაპარაკი არც დისკრიმინაციაზე, არც სექსუალურ შევიწროებაზე. მე  პროცესს არ ვესწრებოდი, მაგრამ გამოცხადება გავიგე, მე მივედი სასამართლოში და მითხრეს. როგორც მხარეს. ჯარიმა დამაკისრეს, ვადასტურებ, მაგრამ სასამართლოს არ დაუდგენია სექსუალური შევიწროება და დისკრმინაცია” – განმარტავს შალვა რამიშვილი.

[checklist]

  • ტელეკომპანია “იმედის” თანამშრომელს  შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროვებაში ბრალი თათია სამხარაძემ 2016 წელს დასდო.  პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ აქვს დამადასტურებელი ჩანაწერი და რომ ის სასამართლოში ჩივილს აპირებს.
  • შალვა რამიშვილმა სექსუალური შევიწროვების ფაქტი უარყო და განაცხადა, რომ ბრალდებები “კამპანიურ” ხასიათს ატარებენ.
  • 5 აპრილს ტელეკომპანია “იმედმა” შალვა რამიშვილთან კონტრაქტი გაწყვიტა, თუმცა, მიზეზი არ ახსნა.

[/checklist]

 

მასალების გადაბეჭდვის წესი