სომხური სათვისტომოს წევრმა გოარ აკოფიანმა მინისტრს კითხვა სადავო სომხური ეკლესიების რესტიტუციის საკითხთან დაკავშირებით დაუსვა. მან იკითხა, როგორ ხედავს მინისტრი პრობლემის მოგვარების პერსპექტივას, “მაშინ, როცა ეს ეკლესიები ინგრევა, სახელმწიფო კი რატომღაც დუმს და ამჯობინებს, რომ ეს საკითხი საპატრიარქომ გადაწყვიტოს”.
ამაზე ზაქარეიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ყველა ტაძარი და საკულტო ნაგებობა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობაა და საქართველოს სახელმწიფო ვალდებულია თანასწორად და თანაბრად უპატრონოს მათ. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე გაცილებით მნიშვნელოვანია ტაძრების გადარჩენა.

“ამიტომ შეიქმნა ორმხრივი კომისია, სომხეთის კულტურის სამინისტროსა და საქართველოს კულტურის სამინისტროს შორის და სპეციალიტები მუშაობენ არა იმის დადგენაზე, თუ ვის ეკუთვნის ეს ტაძრები, ეს ამ წუთას მთავარია არაა, არამედ გადარჩენაზე. როცა გადავარჩენთ, გავარემონტებთ, გავამყარებთ, მერე უკვე შეიძლება დადგინდეს”.
მინისტრი აცხადებს, რომ სომხეთისა და საქართველოს პატრიარქებს შორის არსებობს მეგობრული და თანამშრომლური ურთიერთობები, სადაც ეს საკითხები განიხილება.
“და მე მაინც დარწმუნებული ვარ, რომ არ არის ძალიან შორს ის პერიოდი, როცა, საბოლოო ჯამში, ჩვენ შევთანხმდებით ამ ტაძრების ბედზე, ვგულისხმობ, ვის ხელშია, თორემ მთავარი ჩემთვის მართლა მათი გადარჩენაა. მე ვიცი ვისიც არის ეს ტაძრები და უნდა გადაეცეს მათ, ვისიც არის.”
შეხვედრაზე სომეხთა ეპარქიის იურუდიული განყოფილების ხელმძღვანელმა ლევონ ისახანიანმა მინისტრს კითხვა 9 მაისს სომხური სათვისტომოს მიერ ორგანიზებული ღონისძიების ხელის შემშლელ გარემოებასთან დაკავშირებით დაუსვა. ისახანიანის თქმით, უკვე რამდენიმე წელია სომხური სათვისტომო 9 მაისს ქალაქ შუშის გათავისუფლებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას აღნიშნავს, თუმცა წელს აზერბაიჯანის ხელისუფლების ოფიციალურმა წარმომადგენლებმა და საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს წარმომადგენლებმა ამ ღონისძიების აღნიშვნასთან დაკავშირებით პროტესი გამოთქვეს. ისახანიანი ამბობს, რომ ამ პროტესტის გამო “არტ ჰოლის” ადმინისტრაციამ მათ ღონისძიების გამართვამდე რამდენიმე საათით ადრე უარი უთხრა დარბაზის დათმობაზე.
“მართალია, ღონისძიება სხვაგან ჩატარდა და ყველაფერმა კარგად ჩაიარა, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ჩვენი ხელისუფლების არც ერთმა წარმომადგენელმა არ გამოხატა პროტესტი იმის გამო, რომ მესამე ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლები ჩაერივნენ ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში და ყველაზე სახიფათო არის ის, რომ ამით მათ შეზღუდეს ჩვენი ქვეყნის სომხური წარმოშობის მოქალაქეების კულტურული უფლებების რეალიზება”,- აღნიშნა ისხანიანმა.
ამის პასუხად მინისტრმა განაცხადა, რომ კერძო სექტორთან ჩაშლილი გარიგება სახელმწიფოსთან კავშირში არაა. მან ახლო წარსულში მომხდარი სხვა მსგავსი შემთხვევაც გაიხსენა.
“გარდა მაგ ეპიზოდისა, რაც სამწუხარო ეპიზოდია, ჩვენ ვნახეთ ასევე, რომ სპორტის სასახლესთან შეთანხმებული ღონისძიება “იმედის ფესტივალი” ჩაიშალა. მაგრამ კერძო მხარესთან ჩაშლილ გარიგებას ვერ დავაბრალებთ სახელმწიფოს. სახელმწიფო ნამდვილად არ ჩარეულა და, დარწმუნებული ვარ, სახელმწიფოს ინტერესებში არ იყო, რომ მის მოქალაქეებს არ აღენიშნათ ესა თუ ის დღესასწაული. საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაა, ჩვენ არ ვუზღუდავთ არც ერთ ჩვენს მოქალაქეს, რათა თავიანთი ინტერესებიდან გამომდინარე აღნიშნონ რაღაც ღონისძიებები, თუ ეს საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ არ არის მიმართული”,- განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
მინისტრს შეკითხვა საზოგადოებაში არსებულ ანტისომხურ რიტორიკასთან დაკავშირებითაც დაუსვეს, რაზეც მან უპასუხა, რომ ასეთი შემთხვევები, სამწუხაროდ, არსებობს, მაგრამ სამოქალაქო საზოგადოების წევრები და პოლიტიკოსები ამის წინააღმდეგ აქტიურად ილაშქრებენ.
“საუბედუროდ, ზოგჯერ არის ხოლმე, ეთნიკურ თუ რელიგიურ ნიადაგზე ვიღაცა, ჩემი აზრით, რეგვენი ადამიანი აძლევს თავს უფლებას, გააკეთოს არაკორექტული და შეურაცხმყოფელი განცხადებაც კი. მაგრამ, მადლობა ღმერთს, საზოგადოებაში არის საკმაოდ ჯანსაღი ნაწილი, რომელიც ამაზე ძალიან მძაფრად და მკაცრად რეაგირებს, ანუ, არც ერთი ასეთი აგრესიული და სიძულვილის ენაზე წარმოთქმული ფრაზა უყურადღებოდ არ რჩება. ოღონდ ამის გამო ადამიანებს ციხეში არ სვამენ, ეს სხვა საკითხია, მაშინ მეორე უკიდურესობაში გადავალთ და მოგვიწევს უკვე სულ სხვა სახელმწიფოში ცხოვრება”.
