ახალი ამბები

შსს: დაკავებულია წყნეთში მომხდარი ინციდენტის ერთ-ერთი მონაწილე

11 დეკემბერი, 2018 • 1229
შსს: დაკავებულია წყნეთში მომხდარი ინციდენტის ერთ-ერთი მონაწილე

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლიციამ წყნეთში მომხდარ ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთი პირი დააკავა.

უწყებაში აცხადებენ, რომ დაკავებული საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელია. გამოძიების ვერსიით, დაკავებულმა მიმდინარე წლის 10 დეკემბერს, ღამით, წყნეთის ერთ-ერთ რესტორანში მომხდარი დაპირისპირების დროს, თავის არეში საგნის ჩარტყმით დაზიანება მიაყენა ჭ.გ-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

შსს-ს განცხადებით, პოლიციამ ის მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება საგნის იარაღად გამოყენებით ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით მიმდინარეობს (სსკ-ს 239-ე მუხლის მე-3 ნაწილი). დააკავეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელი, 1982 წელს დაბადებული ე.ზ. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ინციდენტის შედეგად წყნეთში ასევე დაიჭრა 3 პირი, რომელთაგან ერთი იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილეა, 2 კი- პრობაციის სამსახურის მოქმედი თანამშრომელი. სამინისტროში აცხადებენ, რომ დადგენილია სავარაუდო დამნაშავის ვინაობა, რომელმაც აღნიშნული დაპირისპირების დროს ცივი იარაღის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა სამ პირს. მის დასაკავებლად ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე და პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები დაჭრეს

მასალების გადაბეჭდვის წესი