ახალი ამბები

2016-ში თბილისის ზღვის შემოგარენის კვლევაში 490 ათასი დაიხარჯა, რომელიც ამ დრომდე გამოუყენებელია

11 დეკემბერი, 2018 • 1661
2016-ში თბილისის ზღვის შემოგარენის კვლევაში 490 ათასი დაიხარჯა, რომელიც ამ  დრომდე გამოუყენებელია

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 2016 წელს, დავით ნარმანიას მერობის დროს  490.0 ათასი ლარი დაიხარჯა თბილისის ზღვის შემოგარენის კვლევის შესყიდვისათვის, რომელიც ამ დრომდე გამოუყენებელია.

აუდიტის ცნობით, 2016 წლის 6 ივნისს გამარტივებული შესყიდვით ხელშეკრულება გაფორმდა კომპანია „ფრაისვოთერჰაუსკუპერს ცენტრალური აზია და კავკასია ბი. ვი.-ს საქართველოს ფილიალთან“. გამარტივებული შესყიდვა განხორციელდა საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით.

ხელშეკრულების მიხედვით, ჩატარებულ კვლევას უნდა მოეხდინა საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესაძლებლობების შეფასება თბილისის ზღვის არეალში. წარმოდგენილი დოკუმენტებით მიმწოდებელთან საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა 2016 წლის 20 დეკემბერს. კვლევის ფარგლებში შესწავლილი და შემუშავებულია თბილისის ზღვის შემოგარენის კონცეფცია, ბიზნესინიციატივები და კონკრეტული ფინანსური გათვლები, რის შედეგადაც სარეკრეაციო და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის შესაძლებელი უნდა გამხდარიყო საინვესტიციო პროექტების შექმნა.

აუდიტის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ კვლევის გამარტივებული წესით შესყიდვას საფუძვლად დაედო შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარება, აღნიშნული პროდუქტი დღემდე გამოუყენებელია.

“წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით, კვლევის მონაცემების რეალიზაციის შეფერხება გამოწვეულია საკანონმდებლო ბარიერებით. კერძოდ, მოქმედიკანონმდებლობით იმ წყლისათვის, რომელსაც იყენებენ სასმელად ან საყოფაცხოვრებო დანიშნულებით, იქმნება სანიტარიული დაცვის ზონები. აღნიშნულ ზონებში აკრძალულია მუდმივად ცხოვრება, მშენებლობა, საცხოვრებელი და ადმინისტრაციული შენობების განთავსება, ინერტული მასალის მოპოვება და სხვ.

კვლევის მონაცემების მიხედვით, სანიტარული დაცვის ზონაში ხვდება 71 ობიექტი, რომლის საერთო ფართობი შეადგენს 204.0 ათას კვ.მ-ს. აღნიშნულიდან გამომდინარე ჩატარებული კვლევა და მისი შედეგები არ არის თავსებადი საქართველოში მოქმედ კანონმდებლობასთან, რაც დაფიქსირებულია შესყიდულ პროექტში. პასუხისმგებელი პირის განმარტებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს კონსულტაცია შესაბამის დაინტერესებულ პირებთან, რომლის შედეგად უნდა მოხდეს სანიტარული ზონების დაზუსტება, რომლის დასრულებისა და საკანონმდებლო-მარეგულირებელი ჩარჩოს მოწესრიგების შემდეგ, შესაძლებელი იქნება გეგმით წარმოდგენილი აქტივობების დაწყება. პროექტში ასევე დაფიქსირებულია ის გარემოებაც, რომ კანონმდებლობის ცვლილებას ახდენს პარლამენტი, შესაბამისად, ცვლილებების განხორციელება დაკავშირებულია გარკვეულ სირთულეებთან”, – ნათქვამია ანგარიშში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის 2015-2016 წლების „ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის  ფარგლებში გაწეული ხარჯების შესაბამისობის აუდიტის შესახებ.

აუდიტის ცნობით, აღსანიშნავია, რომ თბილისის ზღვის შემოგარენის კვლევის შეძენიდან გასულია 1 წელზე მეტი, მისი გამოყენება ვერ ხერხდება მოქმედი კანონმდებლობის გამო, “რაც პროექტის არასრულყოფილ დაგეგმვაზე მიუთითებს, ვინაიდან არსებული ბარიერების განსაზღვრა თავიდანვე იყო შესაძლებელი”.

“შედეგად, თბილისის ზღვის შემოგარენის კვლევის შესყიდვაზე დახარჯული თანხა, 490.0 ათასი ლარი ამ ეტაპისათვის შესაძლებელია ჩაითვალოს როგორც არაეფექტიანი ხარჯი.

2016 წელს პროგრამის ფარგლებში, გარდა თბილისის ზღვის შემოგარენის კვლევის შესყიდვისა, თანხები დახარჯულია უძრავი ქონების ბაზრის კვლევის შეძენაზე, საერთაშორისო გამოცემა „Georgia Finance”-ში თბილისის შესახებ ინფორმაციის განთავსების მომსახურებაზე, ასევე დაიფარა წინა წლის კრედიტორული ვალდებულებები. სულ აღნიშნულ ღონისძიებებზე გაწეულია 43.5 ათასი ლარის ხარჯი”.

აუდიტი თბილისის მერიას რეკომენდაციით მიმართავს:

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტმა (შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა) კვლევის შედეგების რეალიზების მიზნით გონივრულ ვადებში განახორციელოს თბილისის ზღვის შემოგარენის კვლევის შედეგების საქართველოში მოქმედ საკანონმდებლო-მარეგულირებელ ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანა. ამასთან, სანიტარული ნორმების დაცვითა და მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, განსაზღვროს, თუ რა ცვლილებების განხორციელება არის შესაძლებელი მოქმედ კანონმდებლობაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი