ახალი ამბები

FP არ არის ოფიციალური სტრუქტურების ბეჭდვითი ორგანო – ვოლსკი

11 დეკემბერი, 2018 • 1299
FP არ არის ოფიციალური სტრუქტურების ბეჭდვითი ორგანო – ვოლსკი

“FP არ არის ოფიციალური სტრუქტურების ბეჭდვითი ორგანო”, – ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის ვიცესპიკერი გია ვოლსკი Foreign Policy-ის მიერ ბრიჯიტ ბრინკსის კანდიდატურის დაბლოკვასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას.

“აქ ექსპერტები ხშირად წერენ თავიანთ მოსაზრებებს და ამ შემთხვევაში ეს მოსაზრება ძალიან შორს არის სინამდვილისაგან. არც ამერიკული მხარე ადასტურებს, რომ შესაძლოა ქართულ ხმარეს აქვს რესურსი და ნება რომ დაბლოკოს აშშ-ის ელჩი”, – განაცხადა ვოლსკიმ.

საქართველოს მთავრობამ აშშ-ის ელჩობის კანდიდატი დაბლოკა – ამის შესახებ ინფორმაციას Foreign Policy (FP) ავრცელებს.

როგორც გამოცემის ჟურნალისტები, რობი გრამერი (FP-ში აშუქებს სახელმწიფო დეპარტამენტის საკითხებს) და ემი მაკინნონი წყაროებზე დაყრდნობით წერენ, ამერიკული მხარე ამ პოზიციაზე ბრიჯიტ ბრინკსს განიხილავდა, თუმცა რამდენიმე პირი საქართველოს მთავრობაში მას მიიჩნევდა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხელ სააკაშვილის მიმართ კეთილგანწყობილ ფიგურად. FP წერს, რომ მისი წყაროები როგორც მოქმედი, ასევე ყოფილი ოფიციალური პირები არიან ვაშინგტონში.

Foreign Policy-ს ინფორმაციით, ბრინკსს ევროპაში მუშაობის  დიდი გამოცდილება აქვს და ორჯერ იმყოფებოდა საქართველოში.

გამოცემის მიხედვით, მოქმედმა და ყოფილმა მაღალი თანამდებობის პირებმა ვაშინგტონში FP-ს უთხრეს, რომ ქართული მხარის განცხადებით,  ბრინკსის კანდიდატურის დასახელების შემთხვევაში ქვეყანა დიპლომატიურ შეთანხმებას (აგრემანი) ხელს არ მოაწერდა და ელჩს არ დაამტკიცებდა.

თუმცა ბრინკსის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს სააკაშვილის მხარდაჭერის შესახებ, გამოცემის ცნობით, ორივე ქვეყანაში უარყოფენ ის ოფიციალური პირები, რომელთაც FP ესაუბრა. FP-ის სტატიაში ვკითხულობთ, რომ საქართველოსა და აშშ-ში  თანამდებობის პირები ბრიჯიტ ბრინკსს პროფესიონალად ახასიათებენ, რომელსაც არასდროს გამოუხატავს სიმპათია სააკაშვილის ან მისი პარტიის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიმართ.

გამოცემა წყაროზე დაწყრდნობით წერს, რომ ბრინკსის კანდიდატურას ლობირებდა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახლმწიფო მდივნის მოადგილე უეს მიტჩელი.

ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალურ კომენტარზე  Foreign Policy-ს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უარი უთხრა და თეთრ სახლში გადაამისამართა. თეთრ სახლს ელჩობის ნომინანტი ამ დრომდე ოფიციალურად არ დაუსახელებია,  კომენტარის გაკეთების თაობაზე თხოვნას კი არ უპასუხეს. რაც შეეხება საქართველოს მთავრობას, როგორც გამოცემა წერს, საკითხის კომენტირებაზე უარი განახდეს.

სტატიის მიხედვით, აშშ-სა და საქართველოში რამდენიმე წყარომ გამოთქვა აზრი, რომ ამ წინააღმდეგობის უკან შესაძლოა ბიძინა ივანიშვილი იდგეს, თუმცა ამ ინფორმაციის დადასტურება FP-იმ დამოუკიდებლად ვერ შეძლო.

ინფორმაცია ბრინკსის კანდიდატურის დაბლოკვის შესახებ მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოშიც გავრცელდა. 24 ოქტომბერს ჟურნალისტმა ნინო ჟიჟილაშვილმა ტელეკომპანია “პირველის” ეთერში “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ხელმძღვანელს ჰკითხა, იცოდა თუ არა რაიმე იმის შესახებ, თუ რატომ ჭიანურდება საქართველოში ახალი ელჩის დანიშვნა.

როგორც ჟიჟილაშვილმა თქვა, მას თავისი წყაროებით აქვს ინფორმაცია, რომ ელჩის პოსტზე მოიაზრება ბრიჯიტ ბრინკსი, რასაც საქართველოს ხელისუფლება წინააღმდეგობას უწევს და, ფაქტობრივად, ამ მიმართულებით უკვე რამდენიმე თვეა კრიზისია. ეკა გიგაურმა ჟიჟილაშვილს დაუდასტურა, რომ მსგავსი ინფორმაცია მასაც აქვს. მან “შემაშფოთებელი” უწოდა აღნიშნულს.

გიგაურის განცხადების საპასუხოდ “ქართული ოცნების” დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მსგავსი განცხადებებით გიგაური ქვეყნისთვის ზიანის მიყენებას ცდილობს:

“მე ბევრჯერ მიპასუხია მისთვის, მაგრამ დღეს უფრო კარდინალური ვიქნები. მისი გამოსვლებით ის ცდილობს, ქვეყანა შიგნით და გარეთ დააზიანოს. ახლა საერთოდ მოუკრეფავში გადავიდა, თურმე ამერიკის ელჩს აღარ ნიშნავს ივანიშვილი… ეკა გიგაური ჟიჟილაშვილთან მივიდა, დაალაგეს [თემები], ჟიჟილაშვილმა წუხილი გამოთქვა და გიგაურმა თქვა, რომ თურმე წარმოუდეგენლი რამეები ხდება. ამაზე პასუხის გაცემის მცდელობაც არ მექნება. შედით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე და იქ ჩანს, რამდენი ელჩი დანიშნეს და სად არის ვაკანსია”, – განაცხადა ივანიშვილმა.

„როგორ წარმოგიდგენიათ? როგორ შეიძლება, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორთან ასეთი მაღალი დონის ურთიერთობა გვაქვს. საქართველო სხვა ქვეყნების ელჩების შერჩევის პროცესში მონაწილებას არ იღებს, ეს არის სპეკულაცია და არასერიოზულია ამაზე ლაპარაკი“, – ასე უპასუხასაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტების შეკითხვას, რამდენად შეეფერება სიმართლეს ის, რომ საქართველოს მთავრობა ხელს უშლის და აფერხებს შეერთებული შტატების ელჩად ბრიჯიტ ბრინკსის დანიშვნას.

საქართველოში ვიზიტის დროს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მრჩეველს, ჯონ ბოლტონს “ნეტგაზეთმა” ჰკითხა, როდის დანიშნავს ამერიკის შეერთებული შტატები ახალ ელჩს, რაზეც ბოლტონმა განახადა, რომ ეს რთული პროცესია:

“ეს უკავშირდება სენატის მიერ ელჩის დამტკიცების რთულ პროცესს. მეორე მხრივ, ელიზაბეთ რუდი შესანიშნავად ართმევს თავს ელჩის მოვალეობის შესრულებას. ის გადასარევად უძღვება საელჩოს, სანამ ახალ ელჩს დაამტკიცებენ”, – ასე უპასუხა ბოლტონმა დასმულ შეკითხვას.

ამის შემდეგ, კერძოდ, 8 ნოემბერს, საქართველოში ჩამოვიდა როს უილსონი და შეუდგა ამერიკის შეერთებული შტატების საქმეთა დროებითი რწმუნებულის მოვალეობის შესრულებას.

4 დეკემბრის მონაცემბით აშშ-ის ელჩის თანამდებობა 50-ზე მეტ ქვეყანაში ვაკანტურია, მათ შორის- საქართველოს, მეზობელ აზერბაიჯანსა და სომხეთში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი