ახალი ამბები

კალაძე: არჩევნების მეორე ტურში 6 ოპოზიციური პარტია დაგვიპირისპირდება

17 ივნისი, 2014 • • 1041
კალაძე: არჩევნების მეორე ტურში 6 ოპოზიციური პარტია დაგვიპირისპირდება

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, იმ ქალაქებსა და რაიონებში, სადაც მერებისა და გამგებლების ასარჩევად მეორე ტური გაიმართება, მმართველი კოალიციის კანდიდატებს დაუპირისპირედებიან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”, “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის”, “ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის”, “მწვანეთა პარტიის”, “ირაკლი ოქრუაშვილი – ქართული პარტიის” და “სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს გზის” კანდიდატები.


კალაძემ დღევანდელ ბრიფინგზე წარმოადგინა ის შედეგები, რაც მმართველმა კოალიციამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე აჩვენა:

 

საერთო ჯამში, მთელი ქვეყნის მასშტაბით ასარჩევი 1049 მაჟორიტარული მანდატიდან „ქართულმა ოცნებამ“ 811 დეპუტატი გაიყვანა,  რაც საერთო რაოდენობის 77,31%-ს შეადგენს. არჩეული მაჟორიტარებიდან მეორე ადგილზე გავიდნენ საინიციატივო ჯგუფების მიერ წარმოდგენილი კანდიდატები, რომელთა მთლიანი რაოდენობა 128 ადამიანია. ჯამში, ოპოზიციური პარტიების არჩეული მაჟორიტარების რაოდენობა შეადგენს 238-ს, საიდანაც მხოლოდ  64-ია  მთავარ ოპოზიციურ ძალაზე პრეტენზიის მქონე „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი.

 

მაჟორიტარული და სიითი შემადგენლობის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით „ქართულმა ოცნებამ“ 1400-მდე მანდატი მოიპოვა, რაც რამდენჯერმე აღემატება სხვა პოლიტიკური ძალების წარმომადგენელთა მანდატების ჯამურ რაოდენობას.

 

კალაძის თქმით, “ქართული ოცნების” ხელისუფლება უზრუნველყოფს მეორე ტურის მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარებას.

 

“კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდით ყველა ამორჩეველს, რომელმაც გამოიჩინა მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და დააფიქსირა თავისი არჩევანი. აქვე მოვუწოდებთ საზოგადოებას, გავაქტიურდეთ მეორე ტურისთვის და არ დავუშვათ, რომ ჩვენი პასიურობით ჩრდილი მიადგეს ჩვენს საერთო გამარჯვებას. მოგიწოდებთ, ავიღოთ პასუხისმგებლობა საკუთარ ქვეყანაზე და აქტიურად ჩავერთოთ მის მართვაში”, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი