ახალი ამბები

საფრანგეთში საქართველოს 10 მოქალაქე დააკავეს, მათ შორის 2 “კანონიერი ქურდი”

10 დეკემბერი, 2018 • 1460
საფრანგეთში საქართველოს 10 მოქალაქე დააკავეს, მათ შორის 2 “კანონიერი ქურდი”

დღეს, 10 დეკემბერს, საფრანგეთის ქალაქ ლიონში ჩატარებული სპეციალური ოპერაციის შედეგად დააკავეს საფრანგეთსა და ბელგიაში მოქმედი ქართული, სომხური და აზერბაიჯანული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 22 წევრი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულებს შორის საქართველოს 10 მოქალაქეა, მათ შორის 2 – „კანონიერი ქურდი“.

უწყების განცხადებით, დაკავებულებს შოორის არიან ქართველი „კანონიერი ქურდები“ – 1971 წელს დაბადებული მინდია ნიჟარაძე და 1973 წელს დაბადებული რევაზ სესკურია; ასევე, ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები – 1983 წელს დაბადებული ო.თ., 1983 წელს დაბადებული ს.ჩ., 1984 წელს დაბადებული რ.ნ.; 1968 წელს დაბადებული ი.ბ., 1983 წელს დაბადებული ზ.ო., 1974 წელს დაბადებული მ.ლ., 1983 წელს დაბადებული მ.ტ. და 1991 წელს დაბადებული ლ.რ.

უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები გასაქურდად ბინებს წინასწარ არჩევდნენ, მოიპოვებდნენ და ამუშავებდნენ მონაცემებს აღნიშნული ბინების შესახებ, შემდეგ კი ქურდავდნენ. ასევე, იპარავდნენ ავტომობილებს, ამზადებდნენ ყალბ დოკუმენტებს და უკანონოდ ასაღებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს.

“დაკავებულთა საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნივთები. მათ, შორის, ძვირფასეულობა, ცეცხლსასროლი იარაღი, ძვირადღირებული ავტომობილები, დიდი ოდენობით ფული, ყალბი დოკუმენტების დასამზადებელი ტექნიკა, სხვადასხვა ტიპის საკეტების გასაღები მოწყობილობები.

სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ასევე ამოიღეს სუბოტექსისა და მეტადონის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალებები და კონტრაბანდული გზით მოპოვებული 1500 კოლოფი სიგარეტი. გამოძიების ინფორმაციით, საერთო ზარალმა 400 000 ევროზე მეტი შეადგინა” – ვკითხულობთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს საფრანგეთის სსკ-ს 311-ე, 321-ე, 324-ე და 450-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულებები ედებათ ბრალად, რაც გულისხმობს საფრანგეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჯგუფურად არაერთგზის ჩადენილ ქურდობას, მოპარული ნივთების შენახვა-რეალიზაციას, ფულის გათეთრებასა და კრიმინალური დაჯგუფების წევრობას. დანაშაული 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სპეცოპერაცია საქართველოს, ბელგიის და საფრანგეთის სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლობის შედეგად ჩატარდა და მასში საფრანგეთის, ბელგიისა და საქართველოს 300-ზე მეტი სამართალდამცველი მონაწილეობდა. ასევე, ჩართული იყვნენ სპეცდანიშნულების დანაყოფები, კინოლოგიური სამსახური და გამოყენებული იყო ვერტმფრენი.

შსს-ში აცხადებენ, რომ 2018 წლის იანვრიდან დღემდე, სამინისტრომ, მათ შორის ევროპის ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის შედეგად, 14 „კანონიერი ქურდი“ დააკავა. ხოლო “ქურდული სამყაროს” წევრობის ბრალდებით სულ 190 პირია დაკავებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი