ახალი ამბები

საქართველოში რუსეთის ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი ჩამოვიდა

10 დეკემბერი, 2018 • 1923
საქართველოში რუსეთის ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი ჩამოვიდა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს განცხადებით, საქართველოში რუსეთის ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი თანმხლებ პირებთან ერთად ჩამოვიდა და სინოდის მიერ წმინდანად შერაცხული თამარ მარჯანიშვილის ნაწილები ჩამოასვენა:

“ჩვენ ვითხოვდით მისი წმინდა ნაწილების გადმოცემას და აი, დღეს, 10 დეკემბერს, რუსეთის ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელმა, მიტროპოლიტმა ილარიონმა (ალფეევი) და მისმა თანმხლებმა ორმა პირმა ჩამოაბრძანეს სიწმინდე და საქართველოს საპატრიარქოში მოაბრძანეს.

საქართველოს საპატრიარქოში წმინდა თამარის წმინდა ნაწილებს დედათა მონასტრების მონოზვნები დახვდნენ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კი მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად პარაკლისი გადაიხადა და ღირს თამარს საქართველო და ქართველი ერი შეავედრა”  – ვკითხულობთ განცხადებაში.

საპატრიარქოს განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთის ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელთან შეხვედრაც გაიმართა, სადაც მიტროპოლიტმა ილარიონმა შეშფოთება გამოხატა უკრაინის პრობლემის გამო და საქართველოს ეკლესიას გადმოსცა საბუთები, სადაც დაფიქსირებულია რუსეთის ეკლესიის პოზიცია:

“მისმა უწმინდესობამ ბრძანა, რომ გაეცნობიან და შეისწავლიან როგორც მსოფლიო საპატრიარქოს, ისე რუსეთის ეკლესიის მიერ წარმოდგენილ მასალებს და წმ. სინოდის სხდომაზე იმსჯელებენ მათ შესახებ” – წერია განცხადებაში.

ამავე თემაზე:

უკრაინის ავტოკეფალია – ტესტი ქართული ეკლესიისთვის

 

მასალების გადაბეჭდვის წესი