“ჩვენმა კოალიციამ გაიმარჯვა პრაქტიკულად ყველგან. ჩვენ ყველა საკრებულოში მოვიპოვეთ აბსოლუტური უმრავლესობა. საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატებიდან, რომელთა საერთო რაოდენობა არის 1049 კანდიდატი, 881 მაჟორიტარი არის კოალიცია „ქართული ოცნების“, რაც დაახლოებით 77,4%-ია. დანარჩენი არის სხვა დანარჩენი ოპოზიციის და საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი კანდიდატები”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა დღეს მთავრობის სხდომაზე.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, მთელი საქართველოს მასშტაბით პროპორციული არჩევნების შედეგად “ქართულმა ოცნებამ” მიიღო ხმების 50.74%, ხოლო “ნაციონალურმა მოძრაობამ” – 22.31%. თუმცა პრემიერ-მინისტრი პარტიულ რეიტინგებს ითვლის მაჟორიტარული არჩევნებიდან გამომდინარე, რომლის მიხედვითაც, ღარიბაშვილი აცხადებს, რომ “ნაცმოძრაობის” რეიტინგი 6%-ია.

“რაც შეეხება იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებსაც აქვთ პრეტენზია, რომ არიან მეორე ადგილზე გასულები, ვგულისხმობ „ნაციონალურ მოძრაობას“, მათ მაჟორიტარი კანდიდატებიდან მხოლოდ 6,1%-ის გაყვანა შეძლეს. ეს არის ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ მათი რეალური რეიტინგი არის 6%.”
ღარიბაშვილის თქმით, 15 ივნისის არჩევნები მთავრობისთვის კარგი მაგალითია:
“ეს შედეგები ჩვენთვის არის კარგი მაგალითი და კარგი მოსამზადებელი შემდგომი არჩევნებისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ დავინახეთ ის ხარვეზები, რომლებიც აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ მომავალში, ეს არის კარგი საჩვენებელი ჩვენთვის, მაგრამ მთლიანობაში არჩევნები ჩატარდა ძალიან კარგად და დემოკრატიულად, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი.”
15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, საქართველოს 12 თვითმმართველი ქალაქიდან 8-ში მერების ასარჩევად მეორე ტურები გაიმართება, 59 მუნიციპალიტეტიდან 15-ში მეორე ტური გამოავლენს გამარჯვებულ გამგებლებს.
პრემიერ-მინისტრმა ჩატარებული არჩევნებისთვის მადლობა გადაუხადა საერთაშორისო ორგანიზაციებს, შს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძესა და ცესკოს:
“მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ მართლაც ისტორიული არჩევნების ჩატარება საქართველოში, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს უცხოელ პარტნიორებს მართლაც ძალიან ობიექტური და ღირსეული შეფასების გაკეთებისთვის, ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ და ჩვენ ყოველთვის ვგრძნობთ მათ მხარდაჭერას
ასევე მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო კიდევ ერთხელ ცესკოს, რომელმაც მართლა ძალიან კარგად იმუშავა, ძალიან კარგი ორგანიზებული იყო ყველაფერი და მთლიანობაში არჩევნებმა ჩაიარა ძალიან მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში.
რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობის ღირსია ბატონი ალექსანდრე ჭიკაიძე და მისი უწყება. თიოთოეულ თანამშრომელს მინდა დიდი მადლობა გადავუხადო, მართლაც 24 საათის განმავლობაში მუშაობდნენ და იცავდნენ წესრიგს და უსაფრთხოებას.”
