ახალი ამბები

უსუფაშვილი: მოსახლეობა მიანიშნებს “ქართულ ოცნებას”, რომ არავინ და არაფერია მუდმივი

16 ივნისი, 2014 • • 946
უსუფაშვილი: მოსახლეობა მიანიშნებს “ქართულ ოცნებას”, რომ არავინ და არაფერია მუდმივი

“საქართველოს მოსახლეობა უპირობოდ ენდობა “ქართულ ოცნებას”, მაგრამ ამასობაში ძალიან მკაფიოდ მიანიშნებს, რომ საჭიროა მეტი მუშაობა, საჭიროა უკეთესი მუშაობა, იმისათვის, რომ ეს მხარდაჭერა იყოს გარანტირებული ხვალისთვისაც და ზეგისთვისაც. საქართველოს მოსახლეობა დღევანდელი მონაცემებით ვერ ხედავს პოლიტიკურ სპექტრში უკეთეს ალტერნატივას, ვისაც გადააბარებდა ხელისუფლებას, მაგრამ კოალიცია ‘ქართულ ოცნებას” მიანიშნებს იმაზე, რომ არავინ და არაფერი არ არის მუდმივი ამ ქვეყანაში და საჭიროა მეტი მუშაობა”, – განაცხადა უსუფაშვილმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში.

 

უსუფაშვილის თქმით, ხელისუფლება უნდა იყოს ფხიზლად და სწორად მიიღოს ხალხისგან წამოსული გზავნილები. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოში პოლიტიკური პლურალიზმი მყარდება. უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ 50%–იანი ბარიერის შემოღებამ კიდევ უფრო საინტერესო და შედეგიანი გახადა არჩევნები.


“ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა ქალაქს და რაიონს ეყოლება მერი და გამგებელი, რომელსაც ექნება მოსახლეობის ნახევარზე მეტის მხარდაჭერა. ჩვენ რომ არ შემოგვეღო ეს ბარიერი, დღევანდელი მონაცემით არჩევნები ყველგან დასრულებული იქნებოდა”, – განაცხადა უსუფაშვილმა.


რაც შეეხება დაბალ აქტივობას, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მთელ მსოფლიოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დაბალი აქტივობით გამოირჩევა.


“თუმცა მე პირადად ცოტა მეტ აქტივობას ველოდი, ველოდი, რომ აქტივობა იქნებოდა საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების აქტივობას შორის. მეორე ტურში მე ველი საკმაოდ სერიოზულ აქტიურობას იმიტომ, რომ უკვე ძალიან კონკრეტული საკითხები იქნება გადასაწყვეტი”, – აღნიშნა უსუფაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი