ახალი ამბები

შსს–მ მარნეულში არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

16 ივნისი, 2014 • • 969
შსს–მ მარნეულში არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

“ამ დროისთვის მიმდინარეობს ოპერატიული სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულის ჩამდენი პირების დასადგენად. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მკაცრად დაისჯება ამ ინციდენტში მონაწილე ყველა პირი, პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც სამინისტრო ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო არჩევნებზე მომხდარ კიდევ რამდენიმე ფაქტთან დაკავშირებითაც, მათ შორის არიან დაკავებულებიც. შსს–ს განცხადებაში ნათქვამია, რომ დაკავებულია მარტვილის მე–16 უბანზე მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმაში ბრალდებული 2 პირი, რომელთაც ბრალად ბიულეტენების გატაცება ედებათ. გამოძიება არჩევნებში, რეფერენდუმში ან პლებისციტში ნების განხორციელებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 162-ე მუხლით).

ასევე, დაკავებული არიან ხონის რაიონის სოფელ ძეძილეთში მომხდარ ინციდენტში მონაწილეობაში ბრალდებული პირები. მათ ბრალი 163-ე მუხლით წარედგინათ, რაც საარჩევნო ან სარეფერენდუმო კომისიის მუშაობისთვის ხელის შეშლას გულისხმობს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები 15 ივნისს, 20:30 წუთზე 22-ე საარჩევნო უბანში შეიჭრნენ, საარჩევნო ყუთი დააზიანეს და ბიულეტენები დახიეს. შსს–ს ინფორმაციით, ამ ფაქტზე წუხელვე დაიკითხნენ შემთხვევის თვითმხილველები.

ასევე, შსს–ში აცხადებენ, რომ დედოფლისწყაროს რაიონში, საარჩევნო უბნებზე მომხდარ ხულიგნობის ფაქტებზე დაკავებულია სამი პირი.

 

“ორი პირი დედოფლისწყაროში, რუსთაველის ქუჩაზე, ღამით საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში იმ დროს მივიდა, როდესაც იქ ამომრჩეველთა ხმების დათვლის პროცედურა მიმდინარეობდა. მათსა და საოლქო კომისიის წევრებს შორის წარმოიშვა ურთიერთშელაპარაკება, რაც შენობის გარეთ გაგრძელდა. ბრალდებულებმა საოლქო კომისიის წევრებს სიტყვიერი, ხოლო მე-7 საარჩევნო უბნის უფროსს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ”, – ნათქვამია განცხადებაში. გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილით).

 

ასევე ხულიგნობის ბრალდებითაა დაკავებული ერთი პირი დედოფლისწყაროში, რომელსაც გომელაურის ქუჩაზე, N3 ბაგა-ბაღში განთავსებულ N20 საარჩევნო უბანში, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ერთ-ერთი დამკვირვებელისთვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა ედება ბრალად. შსს–ს ინფორმაციით, მან ასევე პნევმატური იარაღიდან ჰაერში ერთხელ გაისროლა. გამოძიება ხულიგნობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით).

 

შსს
შსს

მასალების გადაბეჭდვის წესი