ახალი ამბები

“არა ოკუპაციას” — მუსიკოსები გამყოფ ხაზთან აქციას ატარებენ

8 დეკემბერი, 2018 • 1675
“არა ოკუპაციას” — მუსიკოსები გამყოფ ხაზთან აქციას ატარებენ

8 დეკემბერს სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის და საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მუსიკოსები ატარებენ აქციას სახელწოდებით “არა ოკუპაციას”.

აქციის ორგანიზატორია პიანისტი ქეთი ვარდ.

“მოვახდინოთ მათი უსაფრთხო მუსიკალური ოკუპაცია”, — წერდა აქციის ორგანიზატორი ფეისბუკზე.

“ჩვენი მუსიკალური ინსტრუმენტები იქნება ჩვენი ხმა-იარაღი მათ წინააღმდეგ. დარწმუნებულები ვართ, თუ როგორ განიცდის ყველა ნორმალური ქართველი ადამიანი ამ ყველაფერს, რაც ჩვენს თავს ხდება. დროა რაც ჩვენ შეგვიძლია ის გავაკეთოთ და მათ აგრესიას წინ მუსიკის ხმა დავახვედროთ ბარიერად”, – წერია აქციის აღწერაში ფეისბუკზე.

აქცია სოფელ ატოცში მიმდინარეობს. ამავე ადგილას რამდენიმე კვირის წინ ანტიოკუპაციურმა მოძრაობამ, სახელად “ძალა ერთობაშია”, ავტოკლუბებთან ერთად გააპროტესტა მავთულხლართების მონტაჟი.

მანამდე, 10 ნოემბერს, აქ აქცია მოაწყო პოლიტიკურმა პარტია “გირჩმა”, რომლის დროსაც “გირჩის” ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის ინიციატივით, დემონსტრანტებმა შარვლები ჩაიხადეს და რუსეთს უკანალი მიუშვირეს.

აქციები უკავშირდება ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცთან დე-ფაქტო საზღვრის სადემარკაციო სამუშაოების დაწყებას.

ავტომსვლელობა და აქცია ატოცში, ოკუპაციის წინააღმდეგ[ფოტოები]

“გირჩის” აქციაზე დემონსტრანტებმა შარვლები ჩაიხადეს და რუსეთს უკანალი მიუშვირეს

მასალების გადაბეჭდვის წესი