ანტიოკუპაციურმა მოძრაობამ “ძალა ერთობაშია” და ავტოკლუბებმა სოფელ ატოცში, საოკუპაციო ხაზთან მავთულხლართების მონტაჟი გააპროტესტეს. ადგილზე შეკრებამდე თბილისიდან ატოცის მიმართულებით ავტომანქანებით მსვლელობაც მოეწყო.
აქციის ორგანიზატორთა თქმით, მშვიდობიანი პროტესტის ამ ფორმით ცდილობენ გააგებინონ რუსეთს, რომ ატოცი, ისევე როგორც მოსკოვის მიერ ოკუპირებული სხვა ტერიტორიები საქართველოს ეკუთვნის.
“მასშტაბური და შთამბეჭდავი აქცია იყო. მიხარია, რომ საავტომობილო კლუბებმა ეს ინიციატივა გამოიჩინეს. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი რუსი ოკუპანტებისთვის იმისა, რომ ქართული საზოგადოება ერთიანდება იდეის გარშემო, რომელსაც დეოკუპაცია ჰქვია.
ანტიოკუპაციურმა მოძრაობამ და საავტომობილო კლუბებმა მათ გავუგზავნეთ მესიჯი, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ვიბრძოლებთ”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” ანტიოკუპაციური მოძრაობის ლიდერმა დავით ქაცარავამ, რომელიც კოლონას “ანტიოკუპაციური ტაქსით” უძღვებოდა.
მისივე ინფორმაციით, ატოცისაკენ მსვლელობასა და შემდგომ აქციაში 200-მდე ავტომობილი და 800-დან 1000-მდე ადამიანი მონაწილეობდა. მათ დიდ ნაწილს ავტომანქანების ფანჯრებიდან საქართველოს დროშები ჰქონდა გადმოფენილი. ადგილზე მისულებმა კი, საოკუპაციო ხაზთან ახლოს მიიტანეს ბანერი, რომელზეც საქართველოს დროშა და მავთულხლართებია გამოსახული, წარწერით: “რუსეთი ოკუპანტია!”
“აფხაზეთის ხმის” საინფორმაციო სამსახურის უფროსისა და მოძრაობის წევრის, ლაშა ბერულავას ცნობით, მსვლელობის ორგანიზატორები იყვნენ საავტომობილო კლუბები “სუბარუ ჯორჯია”, “იქს 5 ქლაბ ჯორჯია”, “ტოიოტა პრიუს ჰიბრიდ ქლაბი”, “პორშე ქლაბი”, “ფიტ ფედერაციის კლუბი”, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ავტოკლუბი, ქალ მძღოლთა კლუბი საქართველოში და რუსთავის ავტოდრომი.