ახალი ამბები

დავაკავეთ პირი, რომელმაც კანის ფერის გამო რუსთავში კაცს სცემა – შსს

8 დეკემბერი, 2018 • 1749
დავაკავეთ პირი, რომელმაც კანის ფერის გამო რუსთავში კაცს სცემა – შსს

ქვემო ქართლის პოლიციის თანამშრომლებმა 1975 წელს დაბადებული პირი  ძალადობით და ძალადობის მუქარით ჩადენილი რასობრივი დისკრიმინაციის ბრალდებით დააკავეს. აღნიშნულს წინ მოსამართლის განჩინება უძღოდა.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა რუსთავში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, კანის ფერის გამო სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა კამერუნის მოქალაქეს.

გამოძიება სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით ჩადენილ რასობრივი დისკრიმინაციის მუხლით მიმდინარეობს, რაც 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

მომხდარის შესახებ ინფორმაცია, თავდაპირველად, მედიასაშუალება “ინფორუსთავმა” გაავრცელა. მედიასაშუალების ცნობით, კამერუნის მოქალაქე 29 ნოემბერს რუსთავში მირკოავტობუსით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდა “მარშრუტკაში” მყოფი კაცი. აღნიშნული პირი მას რასობრივ ნიადაგზე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ეუბნებოდა, რომ მისი ადგილი საქართველოში არ იყო, შემდეგ კი ფიზიკურადაც იძალადა, რაც მიკროავოტბუსიდან ჩასვლის შემდეგაც გაგრძელდა. ძალადობის მსხვერპლმა ინციდენტის ტელეფონით გადაღება მოახერხა, რის შემდეგაც პოლიცია გამოიძახა.

გამოძიება, თავდაპირველად, 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო, თუმცა შემდეგ ის რასობრივი დისკრიმინაციის მუხლით გადაკვალიფიცირდა.

დაზარალებულს “ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი” (TDI) იცავს. ორგანიზაციის განცხადებით, ბოლო დროს, ქვეყანაში, მსგავსი ფაქტები გახშირდა.

“უკანასკნელ პერიოდში გახშირდა რასიზმისა და სიძულვილით მოტივირებული ქმედების შემთხვევები. მსგავსი შეუწყნარებლობის მსხვერპლი, ყველაზე ხშირად, აფრიკისა და აზიის ქვეყნების წარმომადგენელი პირები ხდებიან. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, სამართალდამცავმა უწყებებმა მოახდინონ მყისიერი და ადეკვატური რეაგირება სიძულვილის მოტივით ჩადენილ ყოველ ქმედებაზე. ამავდროულად, სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს როგორც პრევენციული ღონისძიებები, ისე მკაფიო სტრატეგია და პოლიტიკა რასიზმთან, ქსენოფობიათან და შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებთან ეფექტიანი ბრძოლის მიზნით”, – აცხადებს TDI.

მასალების გადაბეჭდვის წესი