ხონის 22-ე უბანზე მოხდა უცხო პირების შეჭრა და საარჩევნო ყუთის დამტვრევა. დარბეულ უბანზე იმყოფებოდა “ნეტგაზეთის” რეპორტიორი, რომლის ცნობით, პოლიციამ კომისიის წევრები დაკითხვაზე წაიყვანა. პოლიციამ ადგილზე დათვალიერების ოქმი შეადგინა, რომლის მიხედვით დამტვრეულია საარჩევნო ყუთი და დახეულია ბიულეტენები.
საიას ინფორმაციით, “ამ წუთებში ადგილი აქვს ხონის მე-19 უბანზე შეჭრის მცდელობას. არის სხვა უბნებში შეჭრის საშიშროება.”
საიას დამკვირვებელთა ინფორმაციით, არსებობს რეალური საფრთხე, რომ იმ უბნებზე, სადაც შესაძლოა არ იმარჯვებდეს კოალიცია ,,ქართული ოცნება” და მისი კანდიდატები, ადგილი ჰქონდეს არაუფლებამოსილი პირების მიერ უბნებზე შეჭრას და ხმის დათვლის პროცესის ჩაშლას.
“აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მივაწოდეთ ცესკოს. მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, დაუყოვნებლივ მიიღონ სათანადო ზომები, რათა არ მოხდეს ხმის დათვლის პროცესის ჩაშლა. ზემოაღნიშნული დარღვევები წარმოადგენენ სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად ქმედებებს და აუცილებელია მათზე დაუყოვნებელი რეაგირების მოხდენა”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საია ავრცელებს.